ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

14:32 | 27 ოქტომბერი, 2013

სტამბოლის ბაზარში

“აბა ფეხბურთელები, კარგი ფეხბურთელები, სულ ნარჩევები, სულ ახალგაზრდები, სწრაფები, ტექნიკურები, ჯანიანები...” – ყვირის სტამბოლის ბაზარში რბილ ბალიშებზე ნახევრად მიწოლილი ონსურ ბეი და თან შარბათს უწრუპუნებს კარგი რქაწითელივით თვალების ნებიერად წკურვით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ დილაა, სტამბოლის ბაზარში უკვე ბევრი ხალხი ირევა და ყველა თავისი საფიქრალით მიდი-მოდის მტვრიან დახლებს შორის. მყიდველთა უმეტესობა სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებიდან წარმოგზავნილი ემისრები არიან, რომლებიც თავიანთი უფროსობის მიერ ჩამოწიკწიკებულ უსტარებს დააფრიალებენ. ზოგი განაპირა მცველს ეძებს, ზოგს მეკარის ყიდვა სურს და ზოგის საერთოდ მწვრთნელი სჭირდება, მაგრამ ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც თავდამსხმელებზეა. კარგი თავდამსხმელები წინა დღეების ბაზრობებზე უკვე დაიტაცეს არაბმა შეიხებმა და რუსმა ოლიგარქებმა. ზანტი და ღიპიანი კავკასიელები კი კიევის მთავარმა წაასხა.

ლევან სეფისკვერაძე

11:34 | 24 ოქტომბერი, 2013

კაცი, რომელმაც “იუვენტუსი” დააჩოქა

ჩვენი საუკუნე ისე დაიწყო და ისე მიგრიხინებდა ცამეტი წელიწადი, რომ ამ პერიოდის მანძილზე ფლორენციის “ფიორენტინას” “იუვენტუსთან” საშინაო თამაშში ჯერ მოგება არ ჰქონდა. ტოსკანური გუნდის ბედოვლათობისა და უიღბლობის ამბავი რომ ვიცი, ალბათ კარგა ხანი იქნებოდ ასე, მხსნელად, იმედად და ნათელშუქად ჯუზეპე როსი რომ არ გამოსჩენოდათ. ალბათ დიად ვერგილიუსსაც კი გაუჭირდება საქებარი სიტყვების კარგად და ლამაზად შეკრება, თუკი ამ კაცს მოესწრებოდა და გაიხსენებდა.

ლევან სეფისკვერაძე

10:22 | 20 ოქტომბერი, 2013

წრეზე ტრიალი

ჩვენ ბოლოდან მეორე ადგილზე გავედით! ჩვენ არ ვღალატობთ ტრადიციას! ჩვენ ესპანეთთან “მხოლოდ” 0:2 მარცხიც კი მომავლის იმედს გვანიჭებს! ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ და ეს თავის მხრივ უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. კიდევ ერთი შესარჩევი ციკლი დამთავრდა და მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთთან და ესპანეთთან ერთად ჯგუფში მოხვედრისთანავე შემდეგ ეტაპზე გასვლის დიდი იმედები თავიდანვე არ გვქონდა, “რატომღაც” მაინც გულდაწყვეტილები ვართ. ეს მხოლოდ ყბადაღებული ქართული მაქსიმალიზმი როდია... ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის რეალობის სწორად აღქმა ძველებურად ძალიან რთულია და უბრალოდ ვერ ვიჯერებთ, რომ დღეს ჩვენი ფეხბურთი საშუალო ევროპულსაც კი ჩამოუვარდება.

ლევან სეფისკვერაძე

12:06 | 17 ოქტომბერი, 2013

ოკეანისგაღმური ამბები

თავის დროზე დიდმა გაბრიელ გარსია მარკესმა დაწერა: “ურუგვაელები არასოდეს საუბრობენ ამინდზე. მათ გარშემო ხომ ყოველთვის ამინდზე მნიშვნელოვანი ამბები ხდება”. ურუგვაელები ალბათ არც ახლა საუბრობენ ამინდზე, როდესაც მათ საფეხბურთო ნაკრებს რბილად რომ ვთქვათ ძალიან ცუდი დრო უდგას და მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ შეხვედრაში არგენტინას სძლიეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა მაინც რთულ და ძნელად მისაღწევ საქმედ ექცათ.

ლევან სეფისკვერაძე

18:16 | 13 ოქტომბერი, 2013

ორნი დუნიაზე

ისევ ისინი იტანენ გოლებს, გუშინ რომ იტანდნენ. ისევ ისინი არიან გამორჩეულები, ბოლო წლების მანძილზე რომ იყვნენ... ისევ ისეთი რეალობაა, როგორიც გუშინ იყო. ერთი სიტყვით, ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, რომ წლევანდელი პრიმერა დივიზიონი, კვლავ ორი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის საჯლიგინო ასპარეზი იქნება და თუკი, რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სწორედ ამ ფეხბურთელების გუნდები გავლენ ჩემპიონატის პირველ და მეორე ადგილებზე.

ლევან სეფისკვერაძე

10:53 | 10 ოქტომბერი, 2013

დიახ, ქართველები სოჭის ოლიმპიადაზე არ უნდა წავიდნენ!

დიახ, მეც ვიზიარებ იმას, რომ ქართველი ოლიმპიელები სოჭის ოლიმპიადაზე არ უნდა წავიდნენ! დიახ, მეც ვფიქრობ, რომ როდესაც რუსულმა ოკუპაციამ ყოვლად ამაზრზენი და უტიფარი სახე მიიღო, აფხაზეთის საზღვართან გამართულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა, მინიმუმ, უთავმოყვარეობაა. დიახ, ქართველებს სოჭის ოლიმპიადაზე, სწორედაც რომ არაფერი გვესაქმება!

ლევან სეფისკვერაძე

10:22 | 06 ოქტომბერი, 2013

ევროპა და ფსკოველი ვასია

არა მგონია, ფეხბურთის მოყვარულებზე მეტად უპრეტენზიო და ადვილად გულის მოსაგები ხალხი არსებობდეს. რა უნდა ფეხბურთზე გადარეულ კაცს? ელემენტარული შემოსავალი, ნორმალური ტელევიზორი, ცოტა ლუდი, კიდევ უფრო ცოტა სახრაშუნო რამე-რუმეები, კარგი მეგობრები და, ეგაა! მოკლედ, ვთანხმდებით, რომ ფეხბურთის მოყვარულთა გულის მოგება, არცთუ რთული ამბავი უნდა იყოს, მაგრამ ამ ჩვენს ცაფირუზხმელეთზურმუხტოვან ქვეყანაში, თითქმის ყოველი საფეხბურთო სეზონი, ფეხბურთის ქომაგებს მრავალ უსამართლო პრობლემებსა და განსაცდელს გვიმზადებს.

ლევან სეფისკვერაძე

11:15 | 03 ოქტომბერი, 2013

“რომა” და სენიორ ჯანკარლო

-       ექვსი თამაშიდან ექვსივე მოგება – ასეთ შედეგზე ნებისმიერი დიდი გუნდი იოცნებებდა, სენიორ ჯანკარლო. თქვენ კი, რატომღაც, მაინც ვერ ხართ ხასიათზე. ადრე, “რომა” როდესაც იგებდა, ეს თქვენს სახეზე იკითხებოდა. ახლა კი რა მოხდა?

ლევან სეფისკვერაძე

10:43 | 29 სექტემბერი, 2013

ბიჭი დევნილთა ჩასახლებაში

ბიჭი, რომელიც ახლა დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს და ერთმანეთზე მიჯრით მიდგმული სტანდარტული პატარა სახლების წინ თამაშობს, შეიძლება დიდი, ძალიან დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო. შეიძლება კი არა, ალბათ, აუცილებლად გახდებოდა, რომ არა ის მრავალი უბედურება, რაც მის პატარა ქალაქს დაატყდა თავს. ყველა ტრაგედია ერთმანეთს რომ არ წაბმულიყო, ყოელ დილით ეს ბიჭი თავის სახლში, თავის ოთახში გაიღვიძებდა. გაღვიძებისთანავე უცებ გადაიცვამდა ტანსაცმელს, მოიტეხავდა პურსა და ყველს, სპორტულ ზურგჩანთაში საჩქაროდ ჩაყრიდა სავარჯიში ატრიბუტებს და ვარჯიშზე გაიქცეოდა. ვარჯიშზე მასავით ადრე ამდგარი და ნახევრად მთვლემარე ბიჭები დახვდებოდნენ, რომლებსაც მწვრთნელი შეუძახებდა, გამოაფხიზლებდა, აზრზე მოიყვანდა და ვარჯიშსაც თავისი ეშხი და მუღამი მიეცემოდა.

ლევან სეფისკვერაძე

11:58 | 26 სექტემბერი, 2013

ბერლუსკონი კუთხეში

რაო, დაბერდი და აღარავის სჭირდები, სენიორ სილვიო? შემოგეფანტნენ ძველი ამფსონები? არადა, როგორი ცნობილი და სულ ტალიკ-ტალიკ ბიჭები გეხვია თავზე. მარტო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი რად ღირს, შენს გარეშე პურს რომ არ ტეხავდა არც რუსეთში და არც ევროპაში. ვიღაც-ვიღაცები ამბობენ, ქალებშიც კი ერთად დაძვრებოდნენ და ევროპული ფეხბურთის სვე-ბედსაც ერთად წყვეტდნენო. ახლა კი, როდესაც ყოველდღე იტალიის პროკურატურაში დაკითხვებზე გიწევს წანწალი, ვლადიმეროვიჩმაც დაგივიწყა და ხარ ასე, შენს მდიდრულ ვილაში სოროში შეყუჟული მაჩვივით მარტო და ”სულის გადამრჩენელი” წარსულის ნათელი დღეების მოგონებებით.

ლევან სეფისკვერაძე

10:52 | 22 სექტემბერი, 2013

ფეხბურთის კინტოები

ამ ბოლო პერიოდში, მთელს საქართველოს აღიარებებისა და გულრწფელობის ჭია შეუჩნდა და ვისაც კი არ ეზარება, ყველა რაღაცას აღიარებს – ზოგი დანაშაულს, ზოგი სიყვარულს, ზოგი კი, უბრალოდ, აღიარებს და მორჩა... ამიტომ, მოდით, მეც ავყვები საერთო ფეხის ხმას და თქვენთან ვაღიარებ, თუ რატომ არ მიყვარს მადრიდის “რეალი”.

<< პირველი<< წინა4849505152535455565758შემდეგი >>
0.309225