ბლოგი

10:22 | 20.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

წრეზე ტრიალი

ჩვენ ბოლოდან მეორე ადგილზე გავედით! ჩვენ არ ვღალატობთ ტრადიციას! ჩვენ ესპანეთთან “მხოლოდ” 0:2 მარცხიც კი მომავლის იმედს გვანიჭებს! ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ და ეს თავის მხრივ უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.

კიდევ ერთი შესარჩევი ციკლი დამთავრდა და მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთთან და ესპანეთთან ერთად ჯგუფში მოხვედრისთანავე შემდეგ ეტაპზე გასვლის დიდი იმედები თავიდანვე არ გვქონდა, “რატომღაც” მაინც გულდაწყვეტილები ვართ. ეს მხოლოდ ყბადაღებული ქართული მაქსიმალიზმი როდია... ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის რეალობის სწორად აღქმა ძველებურად ძალიან რთულია და უბრალოდ ვერ ვიჯერებთ, რომ დღეს ჩვენი ფეხბურთი საშუალო ევროპულსაც კი ჩამოუვარდება.

იცით რა არის ნერვების მომშლელი ყველაზე მეტად? ტელეგადაცემებში, საგაზეთო ინტერვიუებსა თუ კომენტარებში ყველა საფეხბურთო “ექსპერტი” ძირითადად წინასწარ დაზუთხულ, ერთნაირ წინადადებებს ამბობდნენ, მერე დაიხურავდნენ თავზე ქუდს და ძველებურად განაგრძობდნენ ცხოვრებას. ესაა ლაყაფის კლასიკური ნიმუში და იმის აღიარებაც კი გვიჭირს, რომ ჭეშმარიტ ლაყაფისტებად ჩამოვყალიბდით. ახლა, მოდით, ვთქვათ, თუ რა არის ის სამი თემა, რაზეც ქართველი საფეხბურთო ექსპერტები და ზოგადად ფეხბურთის მოყვარულები გამუდმებით აპელირებენ.

  1. ყველა ამბობს, რომ ქართული ფეხბურთის განვითარება საძირკველიდან, ანუ ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დავიწყოთ. ამბობენ, რომ თუკი რაიმე სახსარი მოგვეპოვება, ფულის უმეტესი ნაწილი სწორედ ბავშვთა ფეხბურთში უნდა ჩავდოთ. ამას ამბობენ საფეხბურთო ჩინოსნებიც, მაგრამ მთელი უცნაურობა ისაა, რომ საკუთარ რეკომენდაციებსაც კი არავინ ითვალისწინებს.
  2. ყველა მოითხოვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ღია და გამჭვირვალე გახდეს ქართული ფეხბურთის ფინანსური მხარეები და საზოგადოებამ იცოდეს, თანხები კონკრეტულად რაზე იხარჯება და ამ თანხების წარმოშობის გზებიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. თუმცა, რეალურად ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები არავის გვინახავს და ელემენტარულად საკანონმდებლო ინიციატივითაც კი არავინ გამოსულა.
  3. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის აპელირებენ, გახლავთ ისიც, რომ ქართველებს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს და მწვრთნელები მათ ნიჭის წარმოჩენის საშუალებას არ აძლევენ. არადა, რამდენიმე ჟურნალისტის მიერ დაწერილი სტატიის გარდა, მე არ მახსოვს კონკრეტული ნიჭიერი ფეხბურთელების სახელები და გვარები ვინმეს დაესახელებინოს. ჰაერზე ლაპარაკი კი, იცოცხლეთ, ადვილია. გარდა ამისა, პასუხისმგებლობის ამბავიცაა, რადგან როდესაც ადამიანს რაიმეში ადანაშაულებ და საქმიანობას უწუნებ, მინიმუმ, ის მაინც უნდა უთხრა, რა უნდა გაეკეთებინა და რა არ გააკეთა.

სულ მალე გავა ეს თვეებიც და მომავალი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მოგვადგება კარს. ყველაზე მეტად რაც მზარავს და გუნებას მიფუჭებს ისაა, რომ ვიცი ჩვენი არაფრისმომცემი წუწუნი, ლაყაფი და წრეზე ტრიალი ალბათ ისევ ძველებურად გაგრძელდება (იმედია ვცდები). მავანნი კვლავ აგინებენ ფინეთის ნაკრებთან მარცხნაჭამ ფეხბურთელებსაც, მწვრთნელსაც და ყველას, ვისაც კი გაიხსენებენ. გამარჯვების შემთხვევაში კი ყველას ცაში აიყვანენ და დევგმირებად გამოაცხადებენ. ასეთ ქებას ისევ ფინეთთან მარცხი სჯობს!

0.119215