რაო, დაბერდი და აღარავის სჭირდები, სენიორ სილვიო? შემოგეფანტნენ ძველი ამფსონები? არადა, როგორი ცნობილი და სულ ტალიკ-ტალიკ ბიჭები გეხვია თავზე. მარტო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი რად ღირს, შენს გარეშე პურს რომ არ ტეხავდა არც რუსეთში და არც ევროპაში. ვიღაც-ვიღაცები ამბობენ, ქალებშიც კი ერთად დაძვრებოდნენ და ევროპული ფეხბურთის სვე-ბედსაც ერთად წყვეტდნენო. ახლა კი, როდესაც ყოველდღე იტალიის პროკურატურაში დაკითხვებზე გიწევს წანწალი, ვლადიმეროვიჩმაც დაგივიწყა და ხარ ასე, შენს მდიდრულ ვილაში სოროში შეყუჟული მაჩვივით მარტო და ”სულის გადამრჩენელი” წარსულის ნათელი დღეების მოგონებებით.
როდესაც იტალიის პრემიერ-მინისტრი იყავი და მთელს აპენინებს შენს გემოზე ატრიალებდი, გახსოვს როგორ ყელგამოწევით გეხვეწებოდნენ იტალიელი ფეხბურთის ტიფოზები, ფეხბურთში ჩარევისაგან ხელი აგეღო? გახსოვს, როგორ გთხოვდა ყველა, რომ იტალიურ ფეხბურთში გახშირებული ჩაწყობილი თამაშები ან მართლა გამოგეძია, ანდა, უბრალოდ, დაგენებებინა თავი ისედაც პრობლემებმოძალებული “კალჩიოსთვის”? გახსოვს, “ფიორენტინას” ქომაგთა გოდება, როდესაც შენი ძმაბიჭის, ვიტორიო ჩეკი გორის ღორმუცელობის გამო სერია “ც”-ში გავარდნილი კლუბის გადასარჩენად მოწყალების მოღებას და 4 მილიონი ევროს სესხად მიცემას რომ გთხოვდნენ? იქნებ, იტალიური ფეხბურისთვის შენს მიერ დაწესებული დიდი გადასახადები გაიხსენო? ან იქნებ, ის დაგავიწყდა, როგორი მეთოდებით ართმევდა შენი ფრთების ქვეშ მყოფი “მილანი” პატარა და უსახელო კლუბებს სიმწრით გამოზრდილ ვარსკვლავებს? იტალიის ეკონომიკის დაქცევაც ხომ სულ მთლად შენს კისერზეა და ამ ეკონომიკის ჩაოხრებამ გამოიწვია სწორედ იტალიური ფეხბურთის დაღმასვლაც.
ამასწინათ, იტალიის გენერალურ პროკურორს უთქვამს, ბერლუსკონი დამნაშავე კია, მაგრამ მაინც მოხუცი კაცია. ამიტომ ციხეში არ დავიჭერთ, მაგრამ დავაჯარიმებთ და პოლიტიკაში მოღვაწეობას ავუკრძალავთო. სამწუხაროდ, არაფერი თქმულა ფეხბურთიდან თქვენი გაპანღურების აუცილებლობის თაობაზე. არადა, თუკი სადმე საქმე გააფუჭეთ, ეს, პირველ რიგში, “კალჩიო” იყო.
დღეს კი ამბობენ, ბერლუსკონიმ “მილანი” სულ აღმა ატარაო და ნაწილობრივ, ალბათ, მართლებიც იქნებიან, მაგრამ განა, მხოლოდ “მილანია” “კალჩიო” და განა, მხოლოდ ამ კლუბის წარმატებები ყოფილა, ან იქნება იტალიის მომავალი... აწ უკვე ყველასგან მივიწყებულო სენიორ სილვიო, სანამ თქვენ იტალიისა და “მილანის” მმართველობის სათავეში მოხვიდოდით, მსოფლიოში ლამის ყველა ცნობილი ფეხბურთელი, იტალიის ჩემპიონატში თამაშზე ოცნებობდა და იდგა ჟამი, როდესაც იტალიური კლუბები, სხვადასხვა ევროთასების ფინალებშიც კი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ნუთუ, ესეც დაგავიწყდათ? ნუთუ, იტალიის პროკურატურას დაავიწყდა თქვენი ავკაცობანი? არამც და არამც! მსგავსი ამბები, როგორც წესი, არასოდეს ავიწყდებათ. უბრალოდ, მათაც ეშინიათ თქვენი გრძელი ”კუდისა” და “საცეცების”, რომელიც ვის როდის შემოეხვევა ყელზე, კაცმა არ იცის.
ახლა უკვე კუთხეში ხართ მიყენებული, ბატონო სილვიო და შეიძლება, ძალიან ცუდადაც კი ჩანდეს ჩვენი მხრიდან თქვენი ესოდენი კრულვა და გინება. მაგრამ, ყველას სურვილია, რომ სწორედ თქვენ გახდეთ ნიმუში იმისა, თუ როგორი ბოლო შეიძლება ჰქონდეს მათ, ვინც ათწლეულობით აშენებულს უცებ და ერთი ხელის მოსმით ანიავებს. სულ ნუ იდარდებთ, რას იტყვის და რას გადაწყვეტს იტალიის პროკურატურა - ფეხბურთის ქომაგებმა, უკვე კარგა ხანია გამოგიტანეს განაჩენი!