ბლოგი

10:43 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბიჭი დევნილთა ჩასახლებაში

ბიჭი, რომელიც ახლა დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს და ერთმანეთზე მიჯრით მიდგმული სტანდარტული პატარა სახლების წინ თამაშობს, შეიძლება დიდი, ძალიან დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო. შეიძლება კი არა, ალბათ, აუცილებლად გახდებოდა, რომ არა ის მრავალი უბედურება, რაც მის პატარა ქალაქს დაატყდა თავს. ყველა ტრაგედია ერთმანეთს რომ არ წაბმულიყო, ყოელ დილით ეს ბიჭი თავის სახლში, თავის ოთახში გაიღვიძებდა. გაღვიძებისთანავე უცებ გადაიცვამდა ტანსაცმელს, მოიტეხავდა პურსა და ყველს, სპორტულ ზურგჩანთაში საჩქაროდ ჩაყრიდა სავარჯიში ატრიბუტებს და ვარჯიშზე გაიქცეოდა. ვარჯიშზე მასავით ადრე ამდგარი და ნახევრად მთვლემარე ბიჭები დახვდებოდნენ, რომლებსაც მწვრთნელი შეუძახებდა, გამოაფხიზლებდა, აზრზე მოიყვანდა და ვარჯიშსაც თავისი ეშხი და მუღამი მიეცემოდა.

ვარჯიშიდან დაბრუნებული, საჩქაროდ გადაივლებდა წყალს, ჩაიცვამდა სათანადო ტანსაცმელს და ახლა სკოლისკენ გასწევდა. სკოლა ქალაქის განაპირას, გორაკზე იქნებოდა, რომლის ფანჯრები შორს, ჰორიზონტში გაფანტულ ტყეებზე იქნებოდა გადაკიდებული. ბიჭის თანაგუნდელებიდან სამი მათგანი, კლასელი და შესაბამისად, მეგობარიც იქნებოდა. იმ გაკვეთილების დროს, რომლებიც მაინცდამაინც არ ეყვარებოდათ, ჩუმად გადაფურცლავდნენ მერხსქვემოთ, მუხლებზე დადებულ სპორტულ გაზეთებს. ამ გაზეთებს, ფოსტაში ნაცნობი კაცი გაყიდდა. ეკვე ჩამოწერილ და გაუყიდავ გაზეთებს კი, ხან სულაც უფასოდ აჩუქებდა ბიჭებს. თუ მასწავლებელი განსაკუთრებით მკაცრი იქნებოდა და გაკვეთილზე ვერ იჩურჩულებდნენ, რვეულიდან ამოხეულ ფურცლებზე დაუწერდნენ ერთმანეთს გაზეთში ამოკითხულ აზრებსა და შთაბეჭდილებებს. მაგალითად, ასეთ რამეებს: ”აი, ხომ ნახე, შენმა “მილანმა” როგორ წააგო?! შენი ხმა აღარ გავიგო ამის მერე!”; ან ”გარეთ ბეილი “რეალში” გადმოვიდა. დაწექით, მოვდივართ!”...

სკოლაში ყველაზე მეტს სპორტის გაკვეთილზე იხალისებდნენ. ფეხბურთელად გახდომაზე მეოცნებე ბიჭებს, აბა, რა გაუხდებოდათ სკოლის 45 წუთიანი გაკვეთილი, სადაც მასწავლებელი ბურთის ხელში სწორად დაჭერას (კალათბურთის საფუძვლებს) ასწავლიდათ.

გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ჟივილ-ხივილით გამოცვივდებოდნენ სკოლიდან, სულ სირბილით ჩაივლიდნენ გორაკს და ძველ საფუნთუშეში შეიჭრებოდნენ მშივრები და ფუნთუშების შესაძენ ხურდებს იქვე, საფუნთუშის კართანვე საჩქაროდ დაითვლიდნენ. საფუნთუშეს მფლობელიც, მცხობელიც და გამყიდველიც, ერთი მოხუცი ქალი იქნებოდა, რომელიც ხურდადაკლებულ ბავშვებს ფუნთუშებს მაინც არ დაამადლიდა, ღიმილით მოისმენდა მათ მადლობებს და ბებრული ნაბიჯებით უკან, ღუმელის ოთახში გაბრუნდებოდა.

მერე, ეს ბიჭი მივიდოდა სახლში მთელი დღის ემოციებით დაღლილი. მშობლები ჯერ ისევ სამსახურში იქნებოდნენ. მიეგდებოდა ტახტზე და ტელევიზორში ფილმის ცქერაში ჩაეძინებოდა. იქვე, ტახტზევე მიაფარებდა ბებო თხელ საბანს და შემოდგამდა გაზქურაზე წინა დღიდან მორჩენილ წვნიანს. და იქნებოდა ასე, წლების მანძილზე, ვიდრე გაზრდამდე, ფეხბურთის ცხოვრების მიზნად გახდომამდე და ვინ იცის, დიდ ფეხბურთელობამდეც!

ახლა კი, ეს ბიჭი, დევნილთა ჩასახლებაში ღობის ძირას ბალახებში ჩამჯდარა და მოწყენით ატრიალებს ხელში რეზინის დაჩუტულ ბურთს. ააგდებს მაღლა - დაიჭერს. ააგდებს – დაიჭერს. მზე თვალებში აჭყიტებს, მაგრამ არც კი იმჩნევს და ჯიუტად აგრძელებს სრულიად არაფრის მომცემ საქმიანობას. გვერდით მდებარე სახლის წინ, მასსავით დევნილი მოხუცი ცოლ-ქმარია ჩამომჯდარი და უთქმელად შესცქერიან მოწყენილ ბიჭს. ეს, სწორედ ის მოხუცი ქალია, საფუნთუშე რომ უნდა ჰქონოდა პატარა ქალაქში. ახლა სხვა დროა. ახლა სხვა ტკივილებია. არადა, ყველაფერი სხვაგვარად შეიძლებოდა ყოფილიყო...

P.S. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 20 წელი გავიდა! 

0.115989