ამ ბოლო პერიოდში, მთელს საქართველოს აღიარებებისა და გულრწფელობის ჭია შეუჩნდა და ვისაც კი არ ეზარება, ყველა რაღაცას აღიარებს – ზოგი დანაშაულს, ზოგი სიყვარულს, ზოგი კი, უბრალოდ, აღიარებს და მორჩა... ამიტომ, მოდით, მეც ავყვები საერთო ფეხის ხმას და თქვენთან ვაღიარებ, თუ რატომ არ მიყვარს მადრიდის “რეალი”.
ვისაც ჰგონია, რომ ისტორიით დავიწყებ და დიქტატორ ფრანკოს ”გუნდობის” გამო მოვყვები “რეალის” გაქიაქებას – ძალიან შემცდარა. ეგრე თუ მივუდგებით, მაშინ ჩვენს თბილისის “დინამოზე” ბნელი წარსულის მქონე გუნდი, მეორე არ ყოფილა დედამიწაზე. ”დინამო” ხომ ის გუნდია, რომელიც თავის დროზე, ავადსახსენებელმა “ჩეკამ” შექმნა და ათწლეულების მანძილზე, ეს კლუბი სწორედ საბჭოეთის არცთუ საყვარელი სამსახურების გუნდად ითვლებოდა. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში, “დინამოში” რამდენიმე ცნობილი და ცუდი ავტორიტეტის მქონე ჩეკისტიც აგორებდა ბურთს. ამიტომ, მოდით, ნურც ”რეალს” გავუხსენებთ ისტორიის ბნელ ფურცლებს და ეგრევე საქმეზე გადავიდეთ.
კონკრეტულად, მადრიდის “რეალს” ვადანაშაულებ იმაში, რომ თანამედროვე ფეხბურთი ვაჭრუკანობისა და აღებ-მიცემობის ასპარეზი გახდა და ”რეალის” მიერ განხორციელებული მრავალმილიონიანი, სრულიად აბსურდული ტრანსფერები გახდა ფეხბურთის უბედურების დასაწყისი. მადრიდული კლუბის მიერ დიდ თანხებად ნაყიდი ფეხბურთელები, ხშირ შემთხვევაში, მარტივად რომ ვთქვათ, ვერ ამართლებენ მათზე გაცემულ ავანსებს და ამგვარი მიდგომების გამო, ყველა დაზარალებული რჩება. მაგალითად:
1. ზარალდება საკუთრივ ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ფეხბურთის თამაში შეეძლო, მაგრამ “რეალის” ვარსკვლავთკრებულში ძირითად შემადგენლობას ვერ ეღირსა და ჩვეულებრივ “სკამის მხეხავად” იქცა. მაგალითად: ოუენი, კაკა, იგუაინი, მიატოვიჩი და სხვანი და სხვანი...
2. ზარალდება ზოგადად მსოფლიო ფეხბურთი, რადგან, “რეალის” მიერ გატყორცნილი ასტრონომიული თანხები, მავანი კლუბების შტერი მეპატრონეებისთვის გიჟურ მაგალითად იქცევა ხოლმე და ეს, არაერთ კარგ და კოხტა კლუბს დაემართა. ამას გარდა, მსოფლიო ფეხბურთი ზარალდება იმითაც, რომ “რეალის” მიერ სათადარიგოთა სკამზე დასმული მაღალი დონის ფეხბურთელები, სწორედ იმ გუნდებს აკლდება, “რეალისთვის” ღირსეული კონკურენცია რომ უნდა გაეწიათ და გამოდის ისე, რომ ძლიერი ფეხბურთელის ყიდვის მიზანი, ხშირ შემთხვევაში, პირად საჭიროებაზე მეტად, კონკურენტების დასუსტებაა (ამ საზიზღარ ხერხებს სხვა ცნობილი გრანდებიც მიმართავენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, შეუდარებლად ნაკლებბიუჯეტიანი პატარა მიზნების მქონე კლუბებიც).
3. როდესაც ფეხბურთელში კლუბი 90 და 100 მილიონ დოლარსა თუ ევროს იხდის, ავტომატურად ჩნდება კითხვები, თუ როგორ შეიძლება ამოიღოს ეს ფული მყიდველმა გუნდმა. მარტივი არითმეტიკული დათვლითაც კი გაირკვევა, რომ კლუბმა სეზონის მანძილზე უკვლებლივ ყველა ტიტულიც რომ მოიგოს და ამას სპონსორისგან, გაყიდული ბილეთებისგან, ტელეტრანსლაციებიდან და მაისურების გაყიდვიდან შემოსული თანხებიც რომ დავუმატოთ, მაინც ვერ გადაფარავს ხარჯად გაწეულ ასობით მილიონს. აბა, რა გასაკვირია, რომ გაჩნდება ეჭვები – კორუფცია? მატჩების ჩაწყობა? ტოტალიზატორებთან “ჩაძმაკაცება?”... ხელაღებით ბრალს, რასაკვირველია, ვერავის დასდებ, მაგრამ ეჭვები რომ ჩნდება (და ეს ეჭვები, წლიდან-წლამდე ძლიერდება) ბუნებრივია და სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო.
ამ ყველაფრის საპირისპიროდ, “რეალის” ქომაგები რასაკვირველია, მრავალ არგუმენტსა და კონტრბრალდებას მოიშველიებენ, მაგრამ რეალობასა და ფაქტებს მაინც ვერსად გავექცევით. მადრიდულმა კლუბმა (რომელსაც მხარი ზოგიერთმა ევროპულმა გრანდმაც აუბა), დიდი წვლილი დაიდო იმაში, რომ დღევანდელი ფეხბურთი მხოლოდ ფეხბურთი აღარ არის და კინტოებისა და ჩარჩების ასპარეზად იქცა. კინტოს ადგილი კი, მე-19 საუკუინის თბილისის “იარმურკაზეა” და არა თანამედროვე ფეხბურთში!