ევროპა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი დაიწყო და რამდენიმე მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა.
„რომა“ – „ბილბაოს“ წყვილი ალბათ ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევდა. ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალი „სან მამესზეა“, რაც „ბილბაოსთვის“, რომელიც კარგი სეზონი აქვს, დამატებითი მოტივაციაა.
თუმცა, „რომამ“ „სტადიო ოლიმპიკოზე“ საოცარ ატმოსფეროში გაიმარჯვა. 50-ე წუთზე ინიაკი უილიამსის გოლით ბასკები დაწინაურდნენ, რასაც 6 წუთში ანხელინომ უპასუხა და გაათანაბრა. 94-ე წუთზე, ბოლო შეტევა „რომამ“ გოლით დაასრულა: ელდორ შომუროდოვმა გამარჯვების გოლი გიტანა. „ჯალოროსიმ“ 2:1 მოიგო და მცირე უპირატესობა მოიპოვა, თუმცა „სან მამესზე“ უმძიმესი გასვლა ელოდება.
შეიძლება ითქვას, რომაული გუნდების ბოლო წუთები იყო, რადგან „ლაციომაც“ ენდშპილში მოიგო, სტუმრად ჩეხურ „პლზენთან“. ალესიო რომანიოლის გოლს ჩეხებმა მეორე ტაიმის სტარტზე უპასუხეს. „ლაციოს“ 77-ე და 93-ე წუთებზე ორი ფეხბურთელი გაუძევეს და მოედანზე 9 კაცით დარჩა, მაგრამ ურთულეს ვითარებაში მაინც მოიგო, რადგან 98-ე წუთზე გუსტავ ისაკსენმა გამარჯვების გოლი გაიტანა - 1:2.
კიდევ ერთი, ყველაზე გამორჩეული წყვილი „სოსიედადი“ – „მანჩესტერია“, რომლის პირველი რაუნდი ფრედ დასრულდა. 57-ე წუთზე ჯოშუა ზირკზეს გოლით სტუმრები დაწინაურდნენ, რასაც მიკელ ოიარსაბალმა უპასუხა და 1:1. ყველაფერი „ოლდ ტრაფორდზე“ უნდა გაირკვეს.
ამავე ანგარიშით ფრანკფურტის „აინტრახტმა“ ამსტერდამში, „აიაქსს“ აჯობა, ხოლო „ბოდო გლიმტმა“ 3:0 გაანადგურა პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ და ისიც ახლოსაა მეოთხედფინალთან.
„ლიონმა“ „სტიაუას“ 3:1 სძლია (გიორგი მიქაუტაძე საგოლე პასით გამოირჩა). იგივე ანგარიშით მოიგო „რეინჯერსმა“ სტამბოლში „ფენერბაჰჩესთან“ და შოტლანდიელებიც თითქმის მომდევნო ეტაპზე არიან. ლონდონის „ტოტენჰემი“ „ალკმაართან“ გასვლაზე 0:1 დამარცხდა და შინ მოუწევს სიტუაციის გამოსწორება.