საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი სათამაშო დღე დასრულდა. დილის სესიაში ოთხი მატჩი გაიმართა, ხოლო საღამოს სესიაში - კიდევ ოთხი.
A ჯგუფში მასპინძელი ფილიპინები დომინიკის რესპუბლიკასთან დაძაბულ ბრძოლაში, 81:87 დამარცხდა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ სტუმრები უკეთ გაისარჯნენ და მოიგეს. მასპინძლებს თავის ნუგეში იმით შეუძლიათ, რომ მატჩს 38 115 გულშემატკივარი დაესწრო, რითაც საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატზე დასწრების რეკორდი დამყარდა. ფილიპინებს ვერ უშველა ჯორდან კლარკსონის საოცარმა გარჯამ, რომელმაც 28 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. ჯგუფს იტალია და დომინიკის რესპუბლიკა ლიდერობენ.
D ჯგუფში ლიეტუვის ნაკრებმა ეგვიპტესთან პრაქტიკულად ივარჯიშა და მეტოქეს 93:67 სძლია. ბალტიისპირელებს ბოლო პერიოდი 9 ქულით რომ არ დაეთმოთ, სხვაობა გაცილებით სერიოზული იქნებოდა. 15 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იონას ვალანჩუნასი იყო. ჯგუფს ლიეტუვა და მონტენეგრო ლიდერობენ, რომლებსაც ალბათ პლეი-ოფში გასვლა არ გაუჭირდებათ.
მასპინძელ იაპონიას ადვილად მოუგო გერმანიის ნაკრებმა - 81:63. გერმანიის ნაკრებს მორიტც ვაგნერმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. გერმანია ჯგუფში ავსტრალიასთან ერთად გალიდერდა, ხოლო იაპონია და ფინეთი ჩამორჩნენ.
და ბოლოს, H ჯგუფი, სადაც კანადის ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები უბრალოდ გაანადგურა - 95:65. ასეთ სხვაობას ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ ფრანგებმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწიეს, რომელიც 4 ქულით მოიგეს კიდეც. თუმცა, მერე კანადელთა შეჩერება შეუძლებელი გახდა. საფრანგეთს ევან ფურნიემ 21 ქულით ულიდერა, ხოლო კანადის ნაკრებში გაიბრწყინა შაი ალექსანდერმა, რომელმაც 27 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.
შაბათს პირველი ტურის მატჩები დანარჩენ ჯგუფებში გაიმართება, საქართველოს ნაკრები თბილისის დროით 12:00 საათზე კაბო ვერდეს დაუპირისპირდება.