კალათბურთი

15:04 | 25.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი სენსაციების გარეშე დაიწყო

კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატმა სტარტი აიღო, სადაც 4 მატჩი გაიმართა.

A ჯგუფში იტალიის ნაკრებმა ანგოლას 81:67 აჯობა. აფრიკელები ბოლო პერიოდამდე უძალიანდებოდნენ მეტოქეს, მაგრამ იტალიელებმა დასკვნითი ათწუთეული 20:10 მოიგეს და შეხვედრაშიც გამარჯვება მოიპოვეს. საუკეთესო სიმონე ფონტეკიო იყო, რომელმაც 19 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა, ხოლო სტეფანო ტონუტი გუნდს 18 ქულით შეეწია.

D ჯგუფში მონტენეგრომ მექსიკას იოლად, 91:71 სძლია. ევროპელებმა უპირატესობა მეორე პერიოდიდან მოიპოვეს, რომელიც ხელიდან მატჩის ბოლომდე არ გაუშვიათ. 27 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა მონტენეგროელთა ლიდერ ნიკოლა ვუჩევიჩს, რომელმაც შესანიშნავი თამაში ჩაატარა.

E ჯგუფში ავსტრალიის ნაკრებმა ფინეთს ძალიან იოლად, 98:72 აჯობა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი პერიოდი ფინელებმა მოიგეს, შემდეგ პარკეტზე პრაქტიკულად ერთი გუნდი იყო. ავსტრალიაში საუკეთესო პატი მილსი იყო 25 ქულით და 8 მოხსნით, ხოლო ფინელებს ლაური მარკანენმა 19 ქულით და 8 მოხსნით ულიდერა, თუმცა, მისი გარჯა საკმარისი არ გამოდგა.

H ჯგუფში ლატვიის ნაკრებმა ძალიან მარტივი გამარჯვება იზეიმა ლიბანის წინააღმდეგ - 109:70. ბალტიისპირელთა უპირატესობა და კლასში დიდი სხვაობა ეჭვს წამითაც არ იწვევდა. საუკეთესო დაირის ბერტანსი იყო 20 ქულით და 4 პასით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში 26 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათზე კაბო ვერდეს ნაკრებს შეხვდება.

0.128297