„ფროზინონეს“ პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის შემდეგ, გიორგი კვერნაძეზე ამჯერად კლუბის სპორტულმა დირექტორმა გვიდო ანჯელოციმ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, გიორგის ძალიან სჯერა, მაგრამ იცის, რომ იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაციისთვის დროც დასჭირდება. ანჯელოცი კვერნაძეს ხვიჩა კვარაცხელიას არ ადარებს. ის ამბობს, რომ კვარა უფრო გამოცდილი და უფრო მეტად მზად იყო სერია A-სთვის, როცა „ნაპოლიში“ გადავიდა.
„ჩვენ მას კვარაცხელიას არ ვადარებთ. მათ აქვთ საერთო სათამაშო პოზიცია და ჰყავთ საერთო აგენტი. ბევრი თვისება აქვს, მაგრამ მოდი, დრო მივცეთ, რომ გაიზარდოს. მე მისი ძალიან მჯერა, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ის გარემარბია, შეუძლია მეტოქის მოტყუება, გოლის გატანა, თუმცა, საჭიროა ეს ყველაფერი იტალიის ჩემპიონატში აჩვენოს, რაც ძალიან რთულია. კვარას იტალიაში ჩამოსვლამდე უკვე ჰქონდა სხვა გამოცდილება, უფრო მზად იყო. კვერნაძე მხოლოდ 20 წლისაა, რომელმაც თავის სამშობლოში ითამაშა უმაღლეს დივიზიონში, მაგრამ ჩვენი ჩემპიონატი განსხვავებულია“, - თქვა ანჯელოციმ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძე „ფროზინონეს“ ფოთის „კოლხეთიდან“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. იტალიური კლუბი სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს „ნაპოლის“ უმასპინძლებს.