„ვალენსიასა“ და საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის აგენტმა ლევან სეთურიძემ ტურინის „იუვენტუსი“ ინტერესი პრაქტიკულად დაადასტურა.
როგორც იცით, დღეს Gazzetta Dello Sport-მა გაავრცელა ცნობა, რომ „სევილია“ – „ვალენსიას“ მატჩზე ტურინული გრანდის ემისარი იმყოფებოდა, რომელიც სპეციალურად მამარდაშვილს აკვირდებოდა. „ბებერი ქალბატონი“ მომდევნო ზაფხულს ვოიცეხ შჩესნის შეცვლას აპირებს და ახალგაზრდა მეკარეს ეძებს. მამარდაშვილი სიაში მოწინავე წერია. სეთურიძემ ამ და სხვა თემებზე იტალიურ გამოცემა Calciomercato-სთან ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ მისი პარტნიორი იტალიელი სტეფანო კასტანია გახლავთ, რამაც შეიძლება ქართველი მეკარის „იუვეში“ გადაბარგებას ხელი შეუწყოს.
„გიორგი ძალიან კმაყოფილია სეზონის დასაწყისით და ასევე 2027-წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივებით. დიდი შრომის შემდეგ ჩემს პარტნიორ სტეფანო კასტანიასთან ერთად მოვახერხეთ „ვალენსიასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ხელშეკრულების დახურვა. გატუზო? მას ძალიან სჯერა გიორგის და სწორედ ამიტომ არის „ვალენსიას“ სასტარტო მეკარე. მათ შორის ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობაა.
„იუვენტუსი“? მას ბევრი მნიშვნელოვანი გუნდი ადევნებს თვალს და ინტერესი არა მხოლოდ მათი მხრიდან, არამედ ინგლისიდანაც არსებობს. ახლა ჩვენი მიზანი „ვალენსიაა“ და მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს. რაც შეეხება 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ბაზარს, მანამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამჟამად ის არის „ვალენსიას“ ძირითადი მეკარე.
კვარაცხელიას აჟიოტაჟი მამარდაშვილსაც დაეხმარება? მამარდაშვილი და კვარაცხელია ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან და აქვთ პოტენციალი, თავიანთი კვალი დატოვონ მსოფლიო ფეხბურთში. მამარდაშვილი მინდვრის მოთამაშე არაა და ვიცით, რამდენად დიდი ყურადღება ექცევა მეკარის თამაშს იტალიაში. განსაკუთრებით იმ გუნდში, რომლის კარშიც დინო ძოფისა და ჯანლუიჯი ბუფონის მსგავსი მეკარეები თამაშობდნენ. „იუვეს“ ინტერესი დამატებითი მოტივაციაა. ვფიქრობ, რომ გიორგის პროგრესისა და პიროვნების გათვალისწინებით, ნებისმიერ დონეზე შეუძლია თამაში. იტალიაში თამაში ნებისმიერი მეკარისთვის გამოწვევაა და ვფიქრობ, მამარდაშვილს ნებისმიერ ადგილას შეუძლია კვალის დატოვება.
მნიშვნელოვანია საქართველოში მოთამაშე ტალანტებზე ყურადღების მიქცევა. გიორგიც 2 წლის წინ იქ საქართველოში თამაშობდა, მაგრამ დღეს ის ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და თავის ასაკში აშკარად ევროპაშიც გამორჩეულია. არიან ფეხბურთელები, რომლებიც იმსახურებენ ევროპული კლუბების, თუნდაც დიდი გუნდების ყურადღებას და ისინი საქართველოს ლიგაში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში თამაშობენ. მე და ჩემი პარტნიორი სტეფანო კასტანია ამ მიმართულებით ვმუშაობთ.
ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტში გამოითქვა ინიციატივა, რომ ევროპაში ქართველი ფეხბურთელები აღარ ჩაითვალონ ევროკავშირის არაწევრ მოთამაშეებად და ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართველი ფეხბურთელებისთვის და ევროპული კლუბებისთვის, რომლებიც დიდი თანხის დახარჯვის გარეშე შეძლებენ მნიშვნელოვანი ტალანტების შეძენას. დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეუწყობს ქართველი ტალანტების შემოდინებას იტალიის ჩემპიონატში“, - თქვა სეთურიძემ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს და დღემდე 31 მატჩი ჩაატარა. ქართველმა ესპანურ კლუბში შესანიშნავი თამაშით წარმოაჩინა თავი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.