ფეხბურთი

12:46 | 20.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით დაინტერესდა და "სევილიასთან" დააკვირდნენ

ტურინის „იუვენტუსი“ გიორგი მამარდაშვილით ინტერესდება! ინფორმაცია ავტორიტეტულმა გამოცემა Gazzetta Dello Sport-მა გაავრცელა, რომელმაც ეს სიახლე გაზეთის დღევანდელი ნორმის პირველ გვერდზეც გამოფინა, რაც მის სარწმუნოობაზე უფრო მეტად მეტყველებს.

მილანური გაზეთი წერს, რომ ტურინელთა სპორტული დირექტორის, ფედერიკო კერუბინის ასისტენტი სპეციალურად გიორგის თამაშის სანახავად „სევილიასა“ და „ვალენსიას“ მატჩს დაესწრო. საგულისხმოა, რომ „სანჩეს პისხუანზე“ 22 წლის ქართველმა დიდებულად ითამაშა და ტურინელთა სკაუტზე ცუდ შთაბეჭდილებას ვერ დატოვებდა.

გაზეთი იტყობინება, რომ ტრანსფერის განხორციელება 2023 წლის ზაფხულშია მოსალოდნელი, თუმცა ფინანსურ დეტალებზე არაფერს წერს და გიორგის გარდა, „იუვეს“ ობიექტივში იტალიის 21-წლამდე ნაკრებისა და „კრემონეზეს“ მეკარე მარკო კარნეზეკიცაა.

„იუვენტუსი“ ვოიცეხ შჩესნის შემცვლელს ეძებს. 32 წლის პოლონელის თამაშით კმაყოფილები არ არიან და მას კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, მაგრამ „ბებერი ქალბატონი“ პოლონელ კარის დარაჯთან განშორებას მომდევნო ზაფხულს არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს და დღემდე 31 მატჩი ჩაატარა. ქართველმა ესპანურ კლუბში შესანიშნავი თამაშით წარმოაჩინა თავი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

0.118272