ფეხბურთი

21:16 | 26.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

AS მამარდაშვილზე: "სტუმრად თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, ვიდრე "მესტალიაზე"

ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურში „ვალენსიამ“ სტუმრად „მალიორკა“ 1:0 დაამარცხა და 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ცნობილმა გამოცემა As-მა გიორგი მამარდაშვილის თამაში შეაფასა, რომელიც მოედანზე 90 წუთი იმყოფებოდა, 3 სეივი მიითვალა და კარი მშრალად შეინახა.

„ისევ კარგ დონეზე იყო. ეტყობა კიდეც, რომ „მესტალიის“ მიღმა თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, ვიდრე სახლში, სადაც 40 000 მაყურებლის წინაშე თამაშობს. მან ფუტსალის სტილში, ფეხით მოიგერია ვედად მურიქის დარტყმა, ხოლო ხელით მაფეოს ძლიერი, მაგრამ შუაში დარტყმული ბურთისგან გადაარჩინა გუნდი. თუმცა, ამ თამაშში უდავოდ მისი ძლიერი მხარე მაღალი ბურთები იყო, რომლებსაც გაუმკლავდა და კარიდან თამამად გამოდიოდა“, - წერს As-ი.

შეგახსენებთ, „ვალენსია“ მომდევნო მატჩს ესპანეთის თასის ნახევარფინალში 2 მარტს, „ბილბაოსთან“ „მესტალიაზე“ გამართავს, ხოლო ლა ლიგაში 5 მარტს, ასევე შინ „გრანადას“ დაუპირისპირდება. გიორგი მამარდაშვილის აქტივში მიმდინარე სეზონში 11 მატჩი (10 ლა ლიგაში, 1 თასზე) და ოთხჯერ მშრალად შენახული კარია.

0.117757