ესპანური „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „მალიორკასთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა და გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კარის მშრალად შენახვა, გიორგიმ კი კარგად ითამაშა, რაც მას თავდაჯერებად შემატებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია კარის მშრალად შენახვა, აქედან გამომდინარე შეგვიძლია გავიზარდოთ. ლა ლიგაში ძალიან ბევრი გოლი გვაქვს გაშვებული და ეს ჩვენი სუსტი წერტილია, ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო გოლის არგაშვება. გიორგიმ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მას რამდენიმე ღირებული სეივი ჰქონდა და კარგად გაუმკლავდა სტანდარტულ მდგომარეობებსა და ფლანგურ ჩაწოდებებს. ეს მას თავდაჯერებას შემატებს“, - თქვა ბორდალასმა.
„ვალენსია“ მომდევნო მატჩს ესპანეთის თასის ნახევარფინალში 2 მარტს, „ბილბაოსთან“ „მესტალიაზე“ გამართავს, ხოლო ლა ლიგაში 5 მარტს, ასევე შინ „გრანადას“ დაუპირისპირდება. გიორგი მამარდაშვილის აქტივში მიმდინარე სეზონში 11 მატჩი (10 ლა ლიგაში, 1 თასზე) და ოთხჯერ მშრალად შენახული კარია.