ფეხბურთი

23:46 | 7.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

AS მამარდაშვილზე: "ახლა სიტუაცია ოპტიმისტური გახდა, ბორდალასი მის შრომას აფასებს"
"ვალენსიამ" ლა ლიგის ამ სეზონში 6-ჯერ შეინახა კარი მშრალად, აქედან 3-ჯერ კი ეს მამარდაშვილმა გააკეთა

გიორგი მამარდაშვილმა სან სებასტიანის „რეალ სოსიედადთან“ (0:0) კარგი მატჩი ჩაატარა და ესპანური მედიის ყურადღების ცენტრში ისევ მოექცა.

„მამარდაშვილმა ხელთათმანები იქიდან აიღო, სადაც დატოვა“, - ასეა დასათაურებული As-ის სტატია, რომელშიც წერია: „ქართველი კარში 5 თვის შემდეგ დაბრუნდა და ორი სეივით გაიბრწყინა, რამაც „ვალენსიას“ საშუალება მისცა 3 თვის შემდეგ ლა ლიგაში კარი მშრალად შეენახა. ბორდალასს არ სურდა, რომ ის ზამთარში იჯარით წასულიყო.

მამარდაშვილი გასულ კვირას „რეალ სოსიედადთან“ დაბრუნდა. მან 5 თვის შემდეგ ითამაშა, მას შემდეგ რაც თასზეც კი არ ათამაშეს. მაგრამ მან კარი მშრალად შეინახა და ორი შესანიშნავი სეივიც მიითვალა, რამაც კიდევ ერთხელ მოუტანა მას ოვაციები და „მესტალიას“ ტრიბუნების სიყვარული. ქართველმა კვლავ აჩვენა, როგორც ლა ლიგის საწყის ექვს ტურში, რომ მისი მომავალი ნათელია. „ვალენსიას“ ნოემბრის შემდეგ ლა ლიგაში კარი მშრალად არ ჰქონდა შენახული და კარის უსაფრთხოდ დაცვა მამარდაშვილმა მოახერხა. მთლიანობაში, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში „ღამურებმა“ მხოლოდ 6-ჯერ შეინახეს კარი გოლგაუშვებლად (საინტერესოა, რომ ამ 6-დან 3 მშრალი მატჩი მამარდაშვილის ანგარიშზეა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 7 მატჩში ითამაშა). მამარდაშვილი ბოლო რამდენიმე თვე მშვიდად მუშაობდა თავისი შანსის მისაღებად. მის შრომას ბორდალასი აფასებდა და სხვადასხვა დროს ახლოს იყო სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებასთან.

მიუხედავად იმისა, რომ თასზეც თადარიგში დატოვებამ დისკომფორტი გამოიწვია მეკარესა და გულშემატკივრებშიც, რომლებმაც არ ესმოდათ, რატომ არ თამაშობდა მეკარე იქიდან გამომდინარე, რა დონეც სეზონის სტარტზე აჩვენა.

გიორგიმ და კლუბმა იციან, რომ ის ნიჭიერია და ახლა მას სჭირდება სათამაშო დრო სხვადასხვა ზეწოლის დასაძლევად. უთამაშებლობის გამო წასვლა გიორგიმაც სცადა, იმის გათვალისწინებით, რომ ლა ლიგაში სილესენი თამაშობდა, თასზე - ხაუმე. ბორდალასს სურდა მისი შენარჩუნება, რადგან სურს მისი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს, რადგან იცის, რომ ზაფხულში თუ სილესენზე შეთავაზებები იქნება, მომავალ წელს გიორგი იქნება მისი პირველი ნომერი მეკარე.

ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, გასული კვირის დასაწყისში მწვრთნელი მეკარეს ესაუბრა, რათა ეთქვა, რომ ათამაშებდა. ყველაფერი მეტყველებდა, რომ ის თასზე ითამაშებდა, მაგრამ ბორდალასმა შანსი ლა ლიგაში მისცა. ახლა, მისი კარგი თამაშის მიუხედავად, იცის, რომ სილესენის დაბრუნების შემდეგ შეიძლება ისევ სათადარიგო სკამზე გადაინაცვლოს, თუმცა გუშინდელი შექება ბორდალასისგან და ის დონე, რომელიც აჩვენა, მისი ძირითად მეკარედ ქცევის საკითხს უფრო ოპტიმისტურად აქცევს“, - წერს ცნობილი ესპანური გამოცემა.

„ვალენსიას“ 30 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 თებერვალს „ალავესს“ სტუმრად შეხვდება. თუმცა, მანამდე, შუა კვირაში ესპანეთის თასის ნახევარფინალში გასვლაზე „ბილბაოს“ დაუპირისპირდება. გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 7 მატჩი აქვს ჩატარებული, სამჯერ კარი მშრალადაც შეინახა.

0.116246