ფეხბურთი

3:07 | 14.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე ბორდალასი: "მამარდაშვილისგან ასეთი თამაში ჩვენთვის სიურპრიზი არაა"

ესპანეთის ლა ლიგის პირველ ტურში "ხეტაფესთან" მოგებულ მატჩში (1:0) "ვალენსიას" რიგებში გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა და "ღამურებს" გამარჯვებაში დაეხმარა. ქართველი მეკარის შესახებ მატჩის შემდეგ "ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტისთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდა გიორგის კარგი თამაში და თქვა, რომ მას განვითარების დიდი უნარი აქვს:

„ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა მისი მსგავსი თამაში, რადგან ვარჯიშებზე ვუყურებთ როგორ მუშაობს. ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან ყოჩაღი ბიჭია. უნდა მივულოცოთ მას და სხვებსაც. კმაყოფილები ვართ მისი წვლილით. ესპანურ ენაზე ჯერ ვერ საუბრობს, მაგრამ დიდი პიროვნულობა და განვითარების უზარმაზარი უნარი გამოაჩინა“, - თქვა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი გიორგი დემეტრაძის, შოთა არველაძისა და გიორგი ქოჩორაშვილის შემდეგ მეოთხე ქართველია, ვინც ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშა, ხოლო პირველი ქართველი მეკარე ტოპლიგაში.

ამხანაგური მატჩების ჩათვლით მამარდაშვილმა „ვალენსიას“ კარი მეხუთედ დაიცვა და ოთხჯერ მოედანი გოლგაუშვებლად დატოვა. გიორგიმ ბოძებული შანსი დიდებულად გამოიყენა და ეჭვგარეშეა, რომ იასპერ სილესენის დაბრუნების შემდეგაც, სამწვრთნელო შტაბის სათვალავში ნამდვილად იქნება. აქვე გეტყვით, რომ „ვალენსია“ ლა ლიგის მეორე ტურში 21 აგვისტოს, „გრანადას“ ესტუმრება, რომელთანაც სხვათა შორის, მამარდაშვილს 2020 წელს, სწორედ სტუმრად ნათამაშები აქვს და თანაც, ძალიან მაღალ დონეზე.

0.129602