ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილმა პირველად ითამაშა და ისეთი დებიუტი ჰქონდა, ნებისმიერი ფეხბურთელი ხელს რომ მოაწერს. არ ვაჭარბებთ, ნამდვილად ასე იყო...
„ვალენსიამ“ „ხეტაფე“ სეზონის სასტარტო შეხვედრაში 1:0 დაამარცხა და მამარდაშვილმა ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. თავიდანვე ვთქვათ, რომ გიორგიმ შეხვედრა 4 სეივით დაასრულა და კარი მშრალად რომ შეინახა, მისი დიდებული გარჯის დამსახურებაა.
„ვალენსიას“ მესამე წუთზე უგო გილამონი გაუძევეს და რიცხობრივ უმცირესობაში 76-ე წუთამდე თამაშობდა, სანამ „ხეტაფეს“ ფეხბურთელმა ერიკ კაბაკომ წითელი ბარათი არ მიიღო. იქამდე, „ვალენსიამ“ გაიტანა და როგორც გაირკვა, ეს გამარჯვების გოლი იყო. მე-10 წუთზე დენის ჩერიშევმა პენალტი მოიპოვა და კარლოს სოლერმა ზუსტად დაარტყა.
აი, მერე მამარდაშვილი დიდებულად ირჯებოდა. მან თითო ტაიმში ორი სეივი მიითვალა. 21-ე წუთზე დამიან სუარესის ჯარიმა აიღო, ხოლო 35-ე წუთზე არამბარის თავურს იოლად გაუმკლავდა. მეორე ნახევარში გიორგი კარგა ხანს უსაქმოდ იყო, რადგან მადრიდელები არაზუსტად ურტყამდნენ. სამჯერ არამბარიმ ძალიან სახიფათოდ გაისროლა, მაგრამ ორჯერ არაზუსტად, ერთხელ ბურთი ძელს მოხვდა. სამაგიეროდ, მატჩის კულმინაციურ მომენტში მამარდაშვილი იყო მთავარი გმირი. 84-ე წუთზე მან უგო დუროს ძალიან მაგარი ბურთი აუღო, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე სუპერსეივი მიითვალა, როდესაც მაქსიმოვიჩის ურთულესის დარტყა რიკოშეტის შემდეგ უკუაგდო და „მესტალიის“ პუბლიკა უბრალოდ აღაფრთოვანა, რომელიც მას ფეხზე წამოუდგა და ტაშს უკრავდა. ქართველი კიპერის ამ მოქმედებამ ხოსე ბორდალასის გუნდს მოაგებინა - 1:0.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი გიორგი დემეტრაძის, შოთა არველაძისა და გიორგი ქოჩორაშვილის შემდეგ მეოთხე ქართველია, ვინც ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშა, ხოლო პირველი ქართველი მეკარე ტოპლიგაში.
ამხანაგური მატჩების ჩათვლით მამარდაშვილმა „ვალენსიას“ კარი მეხუთე დაიცვა და ოთხჯერ მოედანი გოლგაუშვებლად დატოვა. გიორგიმ ბოძებული შანსი დიდებულად გამოიყენა და ეჭვგარეშეა, რომ იასპერ სილესენის დაბრუნების შემდეგაც, სამწვრთნელო შტაბის სათვალავში ნამდვილად იქნება.
აქვე გეტყვით, რომ „ვალენსია“ ლა ლიგის მეორე ტურში 21 აგვისტოს, „გრანადას“ ესტუმრება, რომელთანაც სხვათა შორის, მამარდაშვილს 2020 წელს, სწორედ სტუმრად ნათამაშები აქვს და თანაც, ძალიან მაღალ დონეზე.