ფეხბურთი

19:54 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუსული მედია: "კვარაცხელია მალე უნდა წავიდეს, ჩვენთან ვეღარ ვითარდება"

ცნობილი რუსული გამოცემა Championat-ი ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგიდან დაუყოვნებლივ წასვლას ურჩევს. სტატიაშია დეტალურადაა ახსნილი, რომ ქართველი ფეხბურთელი რუსეთში ვეღარ პროგრესირებს და თუ მალე არ წავა, დეგრადაცია დაეწყება. ამ სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

პრემიერლიგაში ფეხბურთელი აღარ პროგრესირებს

"ყოველთვის ძნელია იპოვო სრულყოფილი მომენტი კომფორტული გარემოს დატოვებისთვის. ჩვიჩა ნამდვილად სიამოვნებას იღებს სლუცკის „რუბინით“, ის არის მთავარი ვარსკვლავი და ამავდროულად დიდი იმედი. კლუბი მრავალი წლის შემდეგ პირველად თამაშობს ევროტურნირებზე, კარგი შემადგენლობა ჰყავს ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად და კვარაცხელიას გარეშე ეს ყველაფერი შეიძლება სწრაფად დაიშალოს. მაგრამ არავინ დაგმობს მას ჯანსაღი ეგოიზმისა და სხვა დონეზე თამაშის გულწრფელი სურვილის გამო.

ახლა 20 წლის ქართველი პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია ევროპის ტოპკლუბებისთვის. ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა დაასახელა 10 კლუბი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან - „ტოტენჰემიდან“ „იუვენტუსამდე“, ეს ორი კლუბია, რომელთანაც მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ერთი ინგლისიდან არის, მეორე - იტალიიდან. ფეხბურთელის წარმომადგენლებმა ზაფხულში ტრანსფერის განხორციელების ალბათობა 85%-90%-ით შეაფასეს, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ სასწაული ან სერიოზული ტრავმა შეუშლის ხელს ხვიჩას მაღალი დონის ლიგაში გადასვლაში.

ამჟამინდელი „რუბინი“ ხვიჩას გლობალურად არაფერს მისცემს და მაგალითად, ვერც „ზენიტი“ მისცემს. ჩვენი კლუბების ევროპულ დონეზე საუბარი სრული უაზრობაა. ხვიჩას შეუძლია გააგრძელოს ჯამბაზობა მცველების წინააღმდეგ, მაგრამ თუ არ წავა, თანდათანობით თავისი შეუზღუდავი პოტენციალის დეგრადაცია დაეწყება. ამიტომ, ახალგაზრდა ტალანტს ახლა რუსეთიდან წასვლა სჭირდება. მას სასწრაფოდ სჭირდება ტოპლიგა. პრემიერლიგაში ფეხბურთელი აღარ პროგრესირებს. მნიშვნელოვანია, რომ „რუბინი“ ნათლად იგებს და მხარს უჭერს ამას.

„მე პირადად წავიყვან ევროპაში მას მანქანით, თუ საზღვრები ჩაიკეტება, მან უნდა ითამაშოს დიდ ევროპულ კლუბში“, - თქვა მიმდინარე წლის თებერვალში „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ.

სლუცკის მაქსიმალურად მხარს უჭერს მის ტრანსფერს და ყოველ პრესკონფერენციაზე იმეორებს, რომ მოთამაშე მზად არის შემდეგი ნაბიჯისთვის და ეს უახლოეს მომავალში უნდა გააკეთოს. ამავე დროს, მწვრთნელს განსაკუთრებით არ აწუხებს შემცვლელი კანდიდატები - ლეონიდი დარწმუნებულია, რომ ისინი კლუბში არიან და კლუბი ამას გაუმკლავდება.

ხვიჩასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მწვრთნელთან წასვლა, რომელიც დაუყოვნებლივ დაიჯერებს მის შესაძლებლობებს და სათამაშო დროს მისცემს. თავად კვარაცხელიასაც ესმის ეს და ამიტომ, კლუბის არჩევანს ფრთხილად უახლოვდება. ჯერჯერობით, ფეხბურთელის ყველაზე აშკარა პრეტედენტი „ტოტენჰემია“. ამ გუნდში ნახევარმცველი ალბათ მაშინვე აღმოჩნდება ფართო როტაციაში ინგლისური კალენდრიდან გამოდმინარე და 15-20 მატჩს პირველივე სეზონში ჩაატარებს. ერთადერთი კითხვა ის არის, რამდენად შეესაბამება ინგლისის პრემიერლიგის სტილს. ზოგი ფიქრობს, რომ ხვიჩას სჭირდება უფრო მშვიდი რიტმის ჩემპიონატი პირველ ეტაპზე - იტალია ან ესპანეთი. ვნახოთ რას აირჩევს ნახევარმცველი. არსებობს ვარიანტები, რაც იმას ნიშნავს, რომ შეცდომის ალბათობა მკვეთრად მცირდება“, - წერია სტატიაში.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და მას ყველაზე აქტიურად ბოლო პერიოდში სწორედ ლონდონის „ტოტენჰემს“ უკავშირებენ. რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 3 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ერთხელაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

0.107552