ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ლაშას განცხადებით, ძალიან ბედნიერია და კვარცხლბეკზე დგომა უყვარს.
„მინდა მოგილოცოთ ეს დიდი გამარჯვება და ბედნიერი ვარ თქვენთან ერთად. ძიუდოს ჩემთვის ძალიან დადებითი ემოციები მოაქვს და აქედან გამომდინარე ვცდილობ, რომ ბოლომდე დავიხარჯო. მიყვარს ჩემი საქმე, ძიუდო, კვარცხლბეკზე დგომა. ბედნიერი ვარ, რომ დღეს საქართველოს ჰიმნი გავაჟღერე. ტოკიოს ოლიმპიადა? მოვლენებს წინ არ გავუსწრებ - ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შანსი მესამე ოლიმპიურ თამაშებზე მივიღო მონაწილეობა და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ“, - თქვა შავდათუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიური თამაშები (2012), ევროპის ჩემპიონატი (2013) და მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო (2021). გარდა ამისა, 2016 წელს, რიოს ოლიმპიადაზე მან ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა და ასევე ორგზის ევროპის ვიცე-ჩემპიონია.