ძიუდო

20:33 | 8.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადის და ევროპის შემდეგ ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!
ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონობა მოახერხა!

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია! ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა დიდებულად იასპარეზა და საქართველოს დელეგაციას არა მარტო პირველი ოქრო, არამედ მედალი მოუტანა.

შავდათუაშვილმა ფინალში შვედი ტომი მაციასი დამატებითი დროის 50-ე წამზე დაასრულა. მას ქულა არ აუღია, მაგრამ შვედი სამჯერ გააფრთხილეს, რაც გამარჯვებას ნიშნავდა. ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონობა მოახერხა!

ლაშამ მიყოლებით 6 დაპირისპირება მოიგო. მან პირველ ორთაბრძოლაში პერუელ ალონსო ვონგს აჯობა, შემდეგ კი ბრაზილიელ ედიარდო ბარბოსას მოუგო. მერვედფინალში ისრაელის წარმომადგენელ იონათან ელბაზს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი ბოლო წამებზე მომგუდავი ილეთი გაუკეთა და მეტოქე დანებდა. მეოთხედფინალში უნგრელ უნგვარს ძალზე დაძაბულ ბრძოლაში მე-7 დამატებითი წუთის მილევის შემდეგ აჯობა, როდესაც მეტოქეს მესამე შიდო მიაღებინა, ხოლო ნახევარფინალში თურქ ჩილოღლუს გოლდენ სქორში ფინალში გადამსვლელი ორთაბრძოლა მოუგო.

შეგახსენებთ, რომ მე-2 და მე-3 საშეჯიბრო დღეს შავდათუაშვილის გარდა კიდევ ხუთმა სპორტსმენმა იასპარეზა, თუმცა მედლის მოპოვება ვერცერთმა მათგანმა მოახერხა.

9 ივნისს 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე იასპარეზებენ. გრიგალაშვილი პირველი წრისგან თავისუფალია და მისი მეტოქე სამხრეთ კორეელ ლი მონ ჯინისა და ფრანგი ალფა უმარ ჯალოს შეხვედრაში გაირკვევა, ხოლო მაისურაძე, რომელიც ასევე მეორე წრიდან ჩაერთვება ასაპრეზობაში ამერიკელ არტურ რაიტს დაუპირისპირდება.

0.156097