ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქთა რაოდენობა გაიზარდა. უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ იტალიის დედაქალაქი რომი მზადაა ევრო 2020-ის მაყურებლებით უმასპინძლოს, რაც უეფას აუცილებელი მოთხოვნაა.
იტალიის მთავრობამ „სტადიო ოლიმპიკოზე“ გულშემატკივართა მინიმუმ 25% დაუშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის სამივე თამაშს შინ ჩაატარებს, მათ შორის, 11 ივნისს ტურნირის გახსნით შეხვედრას თურქეთთან. გარდა ამისა, რომში ერთი მეოთხედფინალური მატჩია დაგეგმილი.
უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბუდაპეშტი, ლონდონი, ბაქო, სანქტ-პეტერბურგი, ამსტერდამი, ბუქარესტი, კოპენჰაგენი, გლაზგო და ახლა უკვე რომი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ფანებით უმასპინძლებენ.
რჩება სამი ქალაქი, რომელთაც ბედი გადასაწყვეტია - მიუნხენი (გერმანია), დუბლინი (ირლანდია) და ბილბაო (ესპანეთი). სამივე ქვეყანას უეფამ ვადა 19 აპრილამდე მისცა და თუ ისინი გულშემატკივრებისთვის სტადიონს ვერ გახსნიან, მასპინძლობის უფლება ჩამოერთმევათ.