ფეხბურთი

21:12 | 9.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ევრო 2020-ზე 8 ქალაქმა გულშემატკივრები დაუშვა

ევრო 2020 მაყურებლებით გაიმართება და ინფორმაციას უეფას ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს. ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი 12 ქვეყნიდან რვამ დაადასტურა, რომ გულშემატკივრებს გარკვეული რაოდენობით სტადიონებზე დაუშვებენ.

როგორც უეფას ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ბუდაპეშტი, ბაქო, სანქტ-პეტერბურგი, ლონდონი, კოპენჰაგენი, ბუქარესტი, ამსტერდამი და გლაზგო მზად არიან ფანებს თამაშებზე დასწრების უფლება მისცენ.

ბუდაპეშტი ერთადერთი ქალაქია, რომელიც ამ დროისთვის მზაობას გამოთქვას, რომ ფანებს სტადიონის ტევადობის 100%-ზე დაუშვებს, თუმცა საბოლოო რაოდენობა ვაქცინაციის პროცესსა და კორონავირუსის ზოგად მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. დანარჩენმა შვიდმა ქალაქმა უეფას მინიმალური რაოდენობის ქვოტები უკვე დაუდასტურა.

სანქტ-პეტერბურგსა და ბაქოში ფანები სტადიონის ტევადობის 50%-ზე დაიშვებიან, რაოდენობის შესაძლო გაზრდის პერსპექტივით. ამასთან, აზერბაიჯანში სხვა ქვეყნიდან ჩასულ გულშემატკივრებს კორონავირუსის უარყოფითი ტესტის წარდგენის ვალდებულება ექნებათ.

ნიდერლანდები (ამსტერდამი), რუმინეთი (ბუქარესტი), დანია (კოპენჰაგენი) და შოტლანდია (გლზაგო) მზად არიან სტადიონი 25%-დან 33%-მდე გახსნან. ამ ოთხი ქალაქიდან სამი (გლაზგოს გარდა) იმის მზაობასაც გამოთქვამენ, რომ რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს იმის მიხედვით, როგორი იქნება იმ დროისთვის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარება.

ლონდონში ჯგუფური ეტაპის სამ და მერვედფინალის ერთ შეხვედრას ქომაგების 25% დაესწრება. გარდა ამისა, ამავე ქალაქში ნახევარფინალური და ფინალური მატჩებია დაგეგმილი. ეს თამაშები ივლისში გაიმართება და არაა გამორიცხული დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ იმ ეტაპისთვის გულშემატკივარი უფრო მეტი რაოდენობით დაუშვას.

ამ ეტაპზე 4 ქვეყანაა ისეთი, რომელთაც მასპინძლის სტატუსის ჩამორთმევა ემუქრებათ - გერმანია (მიუნხენი), იტალია (რომი), ესპანეთი (ბილბაო) და ირლანდია (დუბლინი). უეფამ ოთხივე ქვეყანას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად და პასუხის გასაცემად ზუსტად 10 დღე განუსაზღვრა და 19 აპრილს ცნობილი იქნება რომელი მათგანი შეძლებს გულშემატკივრების დაშვებას.

უეფამ კატეგორიულად აღნიშნა, რომ ევრო 2020 ცარიელი სტადიონების ფონზე არ გაიმართება. ამრიგად, ხსენებული ოთხი ქვეყანა თუ ფანების დაშვებაზე უარს იტყვის, მასპინძლობის უფლებასაც დაკარგავს. შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება.

თეგებიევრო 2020უეფა
0.11237