კალათბურთი

21:25 | 15.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან და ფინეთთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო (+VIDEO)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო და დღეს სპორტის სასახლეში პირველი ვარჯიში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ მანუჩარ მარკოიშვილმა, პაატა გურასპაულმა და მერაბ ბოქოლიშვილმა კომენტარები გააკეთეს.

მანუჩარ მარკოიშვილი (მწვრთნელის ასისტენტი): „დღეს პირველი ვარჯიში გვქონდა. ჯერჯერობით სრული შემადგენლობით არ ვართ, გიორგი შერმადინი გვიან ღამით ჩამოფრინდა და არ უვარჯიშია. ბიჭები ძალიან მოტოვირებულები არიან და ცდილობენ მწვრთნელის ყველა დავალება შეასრულონ. მთავარია, როდესაც 5-5-ზე ვარჯიშებზე გადავალთ, ყველაფერი ისე კარგად შესრულდეს, როგორც დაცვის გარეშე ვარჯიშში“.

პაატა გურასპაული (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): „ყველა თბილისშია და ვარჯიშის პირველი დღეა. დაიწყო „ბაბლი“, რასაკვირველია, ყველა სერიოზულად ემზადება ამ თამაშებისთვის და იმედია, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქართველ გულშემატკივარს გაუხარდება და დარბაზში გულშემატკივართა მოუსვლელობა ნაკრების კარგი თამაშით კომპენსირდება. ყველაფერს გავაკეთებთ თითოეული ჩვენგანი და რა თქმა უნდა, მთლიანად გუნდი“.

მერაბ ბოქოლიშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): „გუნდში კარგი და საბრძოლო განწყობაა, მითუმეტეს წინა მატჩების გათვალისწინებით. ვემზადებით და ჩვენი ერთადერთი მიზანია, რომ ეს ორი თამაში მოვიგოთ“.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპს 4 ტურის თავზე უდანაკარგოდ ლიდერობს, ხოლო ბოლო ორ მატჩს 19 და 21 თებერვალს, შესაბამისად სერბეთისა და ფინეთის ნაკრებებთან გამართავს. აღსანიშნავია, რომ E ჯგუფის ყველა მატჩს თბილისი, ე.წ „ბაბლის“ სისტემით მასპინძლებს. ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები ამ შესარჩევ ციკლში ფორმალურად მონაწილეობს, რადგან ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია და შესაბამისად, ფინალური ეტაპის საგზური ისედაც მოპოვებული აქვს.

0.119706