კალათბურთი

16:34 | 15.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ჩვენი მთავარი მიზანი შედეგთან ერთად განვითარება და კალათბურთის პოპულარიზაციაა"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. ბერძენმა სპეციალისტმა ამერიკელი ახალწვეულის, კონერ ფრენკამპის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის ყოველწლიურად ვითარება.

„საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩებისთვის მზადება დავიწყეთ. მნიშვენლოვანია, რომ ძალიან კარგი სტარტის შემდეგ, როდესაც ზედიზედ ოთხი თამაში მოვიგეთ, ჯგუფში გამოსვლა პირველ ადგილზე დავასრულოთ. წინ ბევრი სამუშაო გველოდება, შედეგთან ერთად, გუნდის გაძლიერება და ახალგაზრდა მოთამაშეების გამოცდა მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გვინდა, რომ დარჩენილ ორ მატჩში მაქსიმუმს მივაღწიოთ. როგორც მოგეხსენებათ, კონერ ფრენკამპის სახით ახალი კალათბურთელი გვყავს. გარდა იმისა, რომ ის ძალიან კარგი კალათბურთელია, ხასიათიც კარგი აქვს, რაც კალათბურთში ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც შევარჩიეთ. თად მაკფადენს შეცვლის, რომელსაც ბოლო პერიოდში ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, კლუბში სამ ტურნირზე ითამაშა და ამიტომაც, ახლა ჩვენთან ფრენკამპია, რომელიც ძალიან კარგი კალათბურთელია. ძალიან რთულია მომავალზე ილაპარაკო, მითუმეტეს ახლა კორონავირუსის პანდემიის დროს, რომელმაც ყველაფერი დაანგრია. ევროპის ჩემპიონატამდე წელიწადნახევარია დარჩენილი და მანამდე გვაქვს სამი ფანჯარა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, რომელშიც ჯერ მეტოქეებიც არ ვიცით, ამიტომ წინასწარ გათვლა რთულია ვინ იქნება ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გამთამაშებელი. ავიყვანეთ კალათბურთელია, რომელიც ძალიან ხარისხიანია, ყოველწლიურად ვითარდება და ვნახოთ რა მოხდება. მას მიეცემა შანსი და ჩვენთან ითამაშებს, სავარაუდოდ, მომდევნო ზაფხულისთვის ყველაფერი უკეთ გამოჩნდება.

სამწუხაროა, რომ თორნიკე შენგელია ტრავმირებულია. ის მზად იყო ნაკრებში ჩამოსასვლელად, სანამ დაზიანებას მიიღებდა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ ახლა მთავარია აღიდგინოს ფორმა და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში დაგვეხმაროს. უკვე ზედიზედ მეორე ფანჯარაში გიორგი ცინცაძეც ვერ გვეხმარება, რადგან რეგულაციები გართულებულია. ამერიკაში კი მოგეხსენებათ, სეზონი მიმდინარეობს და ასეთ დროს იქიდან მოთამაშეების გამოშვება შეუძლებელიაც. გიორგი შერმადინს ბოლო პერიოდში დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, მაგრამ შემოგვიერთდა, ისევე როგორც ბექა ბურჯანაძე, რომელსაც მუხლი აწუხებს, მაგრამ გუნდთან ერთადაა და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა კალათბურთელს, რომელიც გუნდშია და რომლებიც ახლა ვერ გვეხმარებიან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრები ერთი ოჯახია.

საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორ მატჩში ჩვენი მიზანია უფრო მეტად ბრძოლისუნარიანი გუნდი გვახდეთ. დავხვეწოთ ჩვენი თამაში და ახალგაზრდებს შანსი მივცეთ, რომ რაც შეიძლება მეტი არჩევანი გვქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რომელ ადგილს დავიკავეთ, ეს მაინც მნიშვნელოვანია. თუმცა, ეს იმის საშუალებასაც გვაძლევს, რომ თამაში უფრო დავხვეწოთ და ვიპოვოთ ისეთი კალათბურთელებიც, რომლებიც გუნდს მომავალში გამოადგებიან. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოსავალი წერტილი განვითარებაა. რასაკვირკველია, გარდა იმისა, რომ ჩვენი მიზანი შედეგია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს კალათბურთის პოპულარიზაცია, რომ რაც შეიძლება, მეტი ბავშვი დაინტერესდეს კალათბურთით. ეს არის ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი“, - განაცხადა ზუროსმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპს 4 ტურის თავზე უდანაკარგოდ ლიდერობს, ხოლო ბოლო ორ მატჩს 19 და 21 თებერვალს, შესაბამისად სერბეთისა და ფინეთის ნაკრებებთან გამართავს. აღსანიშნავია, რომ E ჯგუფის ყველა მატჩს თბილისი, ე.წ „ბაბლის“ სისტემით მასპინძლებს. ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები ამ შესარჩევ ციკლში ფორმალურად მონაწილეობს, რადგან ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია და შესაბამისად, ფინალური ეტაპის საგზური ისედაც მოპოვებული აქვს.

0.113609