კალათბურთი

21:17 | 11.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა კალათბურთელებმა ესპანეთი დაიპყრეს

ესპანეთის ლიგა ენდესას მერვე ტურში დიდებულად ითამაშეს თორნიკე შენგელიამ და გიორგი შერმადინმა. ორივე თავიანთი გუნდის რიგებში საუკეთესოები იყვნენ და მეტიც, შენგელია ტურის MVP გახდა.

გარდა ამისა, ტურის გამორჩეულ ოთხ მოთამაშეში ორივე ჩვენებური მოხვდა: შენგელია, როგორც მარგი ქმედების კოეფიციენტისა და ქულების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, ხოლო შერმადინი მოხსნებში იყო უბადლო.

ლიგა ენდესას ოფიციალური საიტი კი წერს:

მარგი ქმედების კოეფიციენტი - „მონბუს ობრადოიროსთან“ თორნიკე შენგელია „ბასკონიას“ სრულყოფილი ლიდერი იყო. თორნიკე ოსტატურად მოქმედებდა, შეხვედრა 29 ქულით, 7 მოხსნით, 2 პასით და 1 დაფარებით დაასრულა. მისი თამაში 32 ქულით შეფასდა და ამან კარიერაში მეხუთედ მოუტანა ლიგა ენდესას ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტული.

ქულები - თორნიკე შენგელიამ დიდებული შეხვედრა ჩაატარა და განსაკუთრებით შეტევაში გამოირჩა. „ბასკონიას“ კაპიტანმა 29 ქულა დააგროვა: 14-დან 6 ორქულიანი (43%), 2-დან 2 სამქულიანი (100%) და 13-დან 11 საჯარიმო (85%) ჩააგდო.

მოხსნა - უზარმაზარი გარჯა ფარქვეშ. ასე წარმოაჩინა თავი გიორგი შერმადინმა „ბურგოსთან“ მატჩში. ქართველი ცენტრი დომინანტი ორივე მხარეს იყო: ჯამში 10 მოხსნა თანაბრად გადანაწილდა - 5 დაცვაში და 5 შეტევაში.

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიას „ობრადოიროსთან“ ფანტასტიკური თამაში ჰქონდა და სამქულიანი მოედნის საკუთარი ნახევრიდანაც კი ჩააგდო, ხოლო შერმადინი „ბურგოსთან“ ორმაგი დუბლით გამოირჩა.

0.111094