კალათბურთი

1:41 | 10.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ბრწყინავს: ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული ესპანეთში

ესპანეთის ლიგა ენდესას მერვე ტურში დიდებული შეხვედრა ჩაატარა გიორგი შერმადინმა. ქართველი ცენტრის ლიდერობით კი „იეროსტარ ტენერიფემ“ „ბურგოსი“ 85:82 დაამარცხა.

მასპინძლები დიდ უპირატესობას კარგა ხანი ფლობდნენ, მაგრამ ბოლოსკენ მოეშვნენ, დასკვნითი მეოთხედი 9 ქულით წააგეს და საბოლოოდ მხოლოდ სამქულიანი უპირატესობით გამარჯვება იკმარეს.

გიორგიმ 27:57 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა: 22 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 14-დან 9 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და მატჩის MVP გახდა. ამასთან, 22 ქულით შეხვედრის საუკეთესო მექულეც ჩვენებური გახლდათ.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ რვა ტურის თავზე 5 გამარჯვების საპირწონედ 3 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრაში კი 16 ნოემბერს, სტუმრად „ჟუვენტუტს“ დაუპირისპირდება.

0.115203