საქართველოს თავისუფალი სტილით ჭიდაობის ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
შეჯიბრის უკანასკნელ დღეს, ბოლო მედლის მოპოვების შანსი 97 კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძეს ჰქონდა, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონ კაილ ფრედერიკ სნაიდერთან დათმო - 0:5.
საბოლოო ჯამში ელიზბარმა საქართველოს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოუტანა. ჩვენებურმა ნურსულთანში ასპარეზობა ირანელი ხალილ შაბანიბენგარის ძლევით დაიწყო (11:8), მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ შარიფ შარიფთან დამარცხდა (0:6). ოდიკაძემ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც სამხრეთ კორეელ მინვონ სეოს 4:0 აჯობა და ლიცენზიაც გაინაღდა.
ამრიგად, ყაზახეთის დედაქალაქში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ნიშანდობლივია, რომ თავისუფლებმა ზუსტად იგივე შედეგი აჩვენეს, რაც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა და სამშობლოში სამი მედლით (ორი ოქრო, ერთი ბრინჯაო) და ორი ოლიმპიური ლიცენზიით ბრუნდებიან.
აქვე შეგახსენებთ ყველა მედალოსანს (ოლიმპიური ლიცენზია) - თავისუფალი ჭიდაობა:
გენო პეტრიაშვილი (125 კგ) - ოქროს მედალი, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზია
ბექა ლომთაძე (61 კგ) - ოქროს მედალი
ირაკლი მწითური (92 კგ) - ბრინჯაოს მედალი
ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) - ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა:
ლაშა გობაძე (82 კგ) - ოქროს მედალი
ნუგზარ წურწუმია (55 კგ) - ოქროს მედალი
იაკობ ქაჯაია (130 კგ) - ბრინჯაოს მედალი, ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია