ჭიდაობა

17:50 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

12 წლის შემდეგ - ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონია!
2007 წლის შემდეგ ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში საქართველოს მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს

საქართველოს 12-წლიანი პაუზის შემდეგ ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს! ყაზახეთის დედაქალაქ ნურუსლთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) ფინალში დიდებულად იასპარეზა და მასპინძელი ხორლან ჟაკანშა ფანტასტიკურ სტილში დაამარცხა.

ქართველმა ფალავანმა დიდებულად დაიწყო და თავიდანვე 4-ქულიანი გდება შეასრულა, აქტიურობა განაგრძო და ერთ წუთში აშკარა უპირატესობით 9:0 იმარჯვა. წურწუმიამ ჟაკანშა ცალსახად დაჯაბნა და მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა. ამრიგად, 2007 წლის შემდეგ, როდესაc რამაზ ნოზაძე გახდა პლანეტის ჩემპიონი, საქართველოს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს და ეს საქართველოს ისტორიაში მე-14 მსოფლიო ჩემპიონია (ხსენებულ სახეობაში).

ფინალამდე წურწუმიამ სამი მეტოქე დაამარცხა. მერვედფინალში ჩინელ ლიგუო ცაოს 9:0 აჯობა, შემდეგ რუსი ვიტალი კაბალოევიც არ დაინდო (8:3), ხოლო ნახევარფინალში იაპონელ შოთა ოგავასთან ვადაზე ადრე, აშკარა უპირატესობით (8:0) იმარჯვა. აღვნიშნოთ, რომ 55 კგ წონითი კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია არ თამაშდებოდა და შესაბაამისად, წურწუმიამ საქართველოს მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუტანა.

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ დღეს საქართველოს ოლიმპიური ლიცენზია მოუტანა გიორგი მელიამ (97 კგ) და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) და გურამ ხეცურიანი (87 კგ) კი პირველივე წრეში დამარცხდნენ და ამ ეტაპზე საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიები ხსენებულ წონებში ვერ დაიბევა, მაგრამ შანსი სხვა ტურნირებზე კიდევ იქნება.

დღესვე, 82 კგ წონით კატეგორიაში ასევე ფინალში იჭიდავებს ლაშა გობაძე, რომლის შეხვედრა ცოტა ხანში დაიწყება.

0.161487