ჩოგბურთი

23:08 | 26.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებული სტარტი US Open-ზე

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე სტარტი წარმატებით აიღო და მეორე წრეში თამაშის უფლება მოიპოვა. 27 წლის ჩოგბურთელის პირველი მეტოქე მარტონ ფუჩოვიჩი იყო.

უნგრელი ნიკოლოზისთვის უხერხულ მეტოქედ მიიჩნევა და აქამდე გამართული 7 დაპირისპირებიდან 5 წაგებულიც ჰქონდა. თუმცა, ამჯერზე ჩვენებურს შეცდომა არ დაუშვია და მოახერხა მისი ბარიერის დაძლევა. ამისთვის საკმაო ძალისხმევა დასჭირდა. მატჩი 3 საათსა და 43 წუთს გაგრძელდა და ბასილაშვილმა უმძიმეს ხუთსეტიან ბრძოლაში 3:2 მოიგო - 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3.

პირველი სეტი ბასილაშვილმა პრაქტიკულად ბრძოლის გარეშე წააგო, სამჯერ დაბრეიკდა და შედეგი მოულოდნელი აღარ ყოფილა. სამაგიეროდ, მეორე სეტში შეძლო მობილიზება და უნგრელს 6:4 აჯობა. კიდევ უფრო ადვილი გამოდგა მესამე სეტი, რომელიც ჩვენებურმა 44 წუთში მარტივად, 6:2 მოიგო.

მეოთხე სეტიც ბასილაშვილისთვის კარგად დაიწყო, ორჯერ შეასრულა ბრეიკი, მაგრამ რად გინდა, თავადაც ორჯერ დაბრეიკდა და ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია (2:2). მერე ფუჩოვიჩი გაცილებით დამაჯერებლად ირჯებოდა და სეტებში წონასწორობაც აღდგა - 3:6.

საქმე გადამწყვეტ სეტზე მიდგა, რომელიც ნიკოლოზისთვის კატასტროფულად დაიწყო. მართალია, პირველი გათამაშება თავის სასარგებლოდ დაასრულა, მაგრამ მერე მიჯრით სამი გეიმი დათმო და საგრძნობლად ჩამორჩა - 1:3. თითქოს, სასწაულის იმედიად იყო დარჩენილი, მაგრამ პატარა სასწაულებს უკვე მიგვაჩვია კიდეც. ასეც მოხდა, აქედან მოყოლებული ბასილაშვილმა ზედიზედ 5 გეიმში იმარჯვა (რაც მატჩის საუკეთესი სერია გამოდგა) და შეხვედრაც გამარჯვებამდე მიიყვანა.

ნიკოლოზმა 2 ეისი შეასრულა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო საპასუხოდ, მისი მეტოქის მაჩვენებლები იყო - 3 ეისი, 7 ორმაგი შეცდომა. ქართველი უპირატესობას ვინერსებშიც ფლობდა: 29 22-ის საპირწონედ. ვთქვათ ისიც, რომ ბასილაშვილი ATP-ის ლაივ რეიტინგში 1850 ქულით მე-16 საფეხურზე იმყოფება.

მეორე წრეში ქართველი ამერიკელ იენსონ ბრუკსბის გაეჯიბრება, რომელიც რეიტინგში 394-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ მასპინძელმა პირველ წრეში ხმაურიანი სენსაცია მოახდინა და ტომაშ ბერდიხი სამ სეტში 6:1, 2:6, 6:4, 6:4 დაამარცხა. ბასილაშვილისა და ბრუკსბის დაპირისპირება 28 აგვისტოსაა ჩანიშნული.

მარტონ ფუჩოვიჩი - ნიკოლოზ ბასილაშვილი 2:3 (6:3, 4:6, 2:6, 6:3, 3:6)

შეგახსენებთ, დღესვე, ამერიკის ღია პირველობის საწყისი ეტაპი წარმატებით დაძლია მარიამ ბოლქვაძემ, რომელმაც ბერნარდა პერა სამ სეტში (2:1) დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება იზეიმა.

0.114799