ჩოგბურთი

21:46 | 26.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძის ისტორიული გამარჯვება
ქართველ ჩოგბურთელს მსოფლიოს მე-3 ჩოგანთან მატჩი ელის

21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ს ღია პირველობაზე მორიგი გმირობა ჩაიდინა და კვალიფიკაციაში 3 გამარჯვების შემდეგ, ტურნირის ძირითად ბადეშიც წარმატებული სტარტი აიღო.

ტრავმირებულ ბოლქვაძეს ორივე ფეხი ბინტით ჰქონდა შეხვეული, თუმცა, მსოფლიოს რეიტინგში 65-ე ადგილზე ადგილზე მყოფ ამერიკელ ბერნარდა პერასთან მატჩში საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და 2 საათსა და 21 წუთში 6:3, 5:7, 6:4 იმარჯვა.

მარიამმა პირველ სეტში მეტოქის მოწოდება 2-ჯერ აიღო, მეორეში 5:3 დაწინაურდა, თუმცა, ემოციურ მომენტში ზედიზედ 6 (!) გეიმი დათმო. ამგვარად, ქართველი ჩოგბურთელი გადამწყვეტ სეტში 0:2 ჩამორჩა, ანგარიში გაათანაბრა, ისევ დაბრეიკდა და 2:4-ს აგებდა, თანაც ამ პერიოდში ექიმის დახმარება არაერთხელ დასჭირდა.
ბოლქვაძე თითქოს განწირული სჩანდა, თუმცა, ბოლო ძალები მოიკრიბა და აღნიშნული ანგარიშის შემდეგ, მასპინძელ ჩოგბურთელს მიჯრით 4 გეიმი აართვა, რამაც საბოლოო გამარჯვება მოუტანა.

ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ეისი მოაწოდა და 5 ორმაგი შეცდომა ჰქონდა (ამერიკელს, შესაბამისად, 3 და 4), პირველ მოწოდებაზე ბურთების 63% (37 59-დან) მოიგო, მეორეზე კი – 56% (23 41-დან). მარიამმა 20-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 4 ჯერ წააგო (პერას 9 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა).

ბოლქვაძემ აშშ-ს ღია პირველობის მე-2 წრეში გასვლის წყალობით, 100 ათასი დოლარი და 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რაც მას კლასიფიკაციაში ძალიან ახეირებს. მარიამი ნიუ იორკის კორტებზე მიმდინარე შეჯიბრის სტარტს 202-ე ადგილზე შეხვდა, ლაივ-კლასიფიკაციაში კი, 398 ქულით, უკვე მისთვის სარეკორდო 151-ე პოზიციაზეა.

ქართველ გოგონას მომდევნო წრეში მისთვის ისტორიული მატჩი ელის, რადგანაც მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილზე მყოფ და US Open-ზე ასეთივე განთესვის მქონე ჩეხ კაროლინა პლისკოვას ეთამაშება. მან დღეს დიდი ბრძოლა გადაიტანა და თანამემამულე ტერეზა მარტინცოვას მხოლოდ ტაი-ბრეიკებზე – 7:6 (8:6), 7:6 (7:3) აჯობა.

0.122598