„ქართველების გარეშე „რუბინი“ არ არსებობს“ - ასე გამოეხმაურა ყაზანური გუნდი საკუთარი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე მოსკოვის „დინამოსთან“ გამარჯვებას.
მოგეხსენებათ, „რუბინმა“ ხსენებული შეხვედრა ბექა მიქელთაძის ბოლო წუთზე (შეიძლება ითქვას, წამზე) გატანილი გოლით მოიგო. იქამდე, პირველ ტურში „ლოკომოტივთან“ ხვიჩა კვარაცხელიას გოლმა მოუტანა ქულა.
ხსენებული ორი ფეხბურთელის გარდა, ყაზანელთა რიგებში ზურიკო დავითაშვილიც ირჯება.
საერთოდ, სხვადასხვა დროს „რუბინში“ არაერთ ქართველს უთამაშია, მათ შორის, სოლომონ კვირკველიას, დავით კვირკველიას, ლაშა სალუქვაძეს, გიორგი ქინქლაძეს, მამუკა კობახიძეს, ნუკრი რევიშვილსა და მიხეილ აშვეთიას.