რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში ყაზანის „რუბინმა“ ბექა მიქელთაძის გოლით მოიგო! ყაზანელები მოსკოვში „დინამოს“ ესტუმრნენ და გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო, მესამე დამატებული წუთის დასასრულს ქართველმა შემტევმა გაიტანა.
საინტერესოა, რომ საგოლე კომბინაციაში ორი ჩვენებური მონაწილეობდა - შეტევა თავად მიქელთაძემ დაიწყო, ხვიჩა კვარაცხელიამ გააგრძელა, რომელმაც პაველ მოგილევეცი მოძებნა, ხოლო მან საჯარიმოში კარგ პოზიციაში მყოფ მიქელთაძეს არ დაუგვიანა პასი და გამარჯვების გოლიც გავიდა.
ნიშანდობლივია, რომ ეს პრაქტიკულად მატჩის ბოლო წამზე მოხდა და მთავარ მსაჯს შეხვედრა აღარ გაუგრძელებია, იქვე დაასრულა.
აღნიშნულ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო ზურიკო დავითაშვილი, რომელიც 77-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა. მიქელთაძე კი მინდორზე 46-ე წუთიდან ვიდარ კიარტასონის ნაცვლად გამოჩნდა. ცნობისთვის, ბექას ყაზანელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა და უკეთეს სადებიუტო შეხვედრას ალბათ ვერც ინატრებდა.
ბარემ აქვე გეტყვით, რომ „რუბინს“ ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და ქართველების დამსახურებით. ამჯერდ მიქელთაძემ მოაგებინა მოსკოვის „დინამოსთან“ (1:0), ხოლო წინა ტურში ასევე მოსკოვში, „ლოკომოტივთან“ ქულა ხვიჩა კვარაცხელიას გოლით მოიპოვა (1:1).
ბოლოსკენ შეგახსენებთ, რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში ორი ქართული გოლი გავიდა (გია გრიგალავა და ხვიჩა კვარაცხელია) და ჩვენებურებმა შედეგიანობის ტემპი არც მეორე ტურში დააგდეს - კვლავ ორი გოლი (ჯიმი ტაბიძე და ბექა მიქელთაძე).