ფეხბურთი

23:10 | 14.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილის ფანტასტიკური გოლით "ვისლამ" მოიგო (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 36-ე ტურში გიორგი მერებაშვილის „ვისლა“ ვაკო გვილიას „გურნიკს“ ესტუმრა. ამ შეხვედრას ჟაბრჟელთათვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ელიტაში ადგილი უკვე შენარჩუნებული ჰქონდა.

საპირისპირო ვითარება იყო პლოცკელთა რიგებში, რომელიც ამ ტურამდე გასავარდნ ზონაში იყო. თავიდან ვთქვათ, რომ ორივე ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო და გვილიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მერებაშვილი 90-ე წუთზე შეცვალეს.

„ვისლამ“ კი 1:0 მოიგო და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. მატჩის გმირი მერებაშვილი გახდა. ქართველმა შემტევმა მე-7 წუთზე შორი დისტანციიდან გაისროლა და ფანტასტიკური გოლი გაიტანა. როგორც გაირკვა, ეს ერთადერთი გოლი გამოდგა და „ვისლამ“ ჩვენებურის გოლით გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

მერებაშვილმა დეკემბრის შემდეგ პირველად გამოიჩინა თავი, ხოლო მიმდინარე სეზონში 30 შეხვედრაში 6 გოლი დაუგროვდა.

„ვისლას“ 40 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში მყოფ „ლეგნიცას“ 3 ქულით უსწრებს. ბოლო ტურში პლოცეკელები უკვე გავარდნილ „ზაგლებიეს“ უმასპინძლებენ. რაც შეეხება, „გურნიკს“, მესამე პოზიციაზეა დაქვეითების ჯგუფში 43 ქულით და არაფერი ემუქრება.

აქვე გეტყვით, რომ დღესვე პოლონეთში გიორგი გაბედავამაც გოლის გატანა მოახერხა.

0.139573