კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ვებგვერდმა პირველი წრე შეაჯამა და საუკეთესოები გამოავლინა. სიმბოლურ ნაკრებზე უკვე დავწერეთ, ახლა კი საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის შესახებ.
განვლილ 9 ტურში ეროვნული ლიგის ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელად ბათუმის „დინამოს“ კარის დარაჯი მიხეილ ალავიძე დაასახელა. გამოცდილი კიპერი მართლაც შესანიშნავად ირჯებოდა და 9-დან 5 მატჩში საკუთარი კარი მშრალად შეინახა, რაც პირველ წრეში საუკეთესო შედეგია. გარდა ამისა, ყველაზე ცოტა გოლიც გაუშვა - 6.
პირველი წრის საუკეთესო მწვრთნად კი, საჩხერის „ჩიხურას“ დამრიგებელი სოსო ფრუიძე დასახელდა. იმერულმა გუნდმა პირველ წრეში ყველაზე ცოტა, ერთადერთი მატჩი წააგო და ისიც პირველ ტურში. შედეგად, „ჩიხურას“ 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და 14 ქულით (3 მოგება, 5 ფრე, 1 წაგება) მეხუთე ადგილზე იმყოფება.