ფეხბურთი

19:05 | 3.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

იმედი, ავანსი, პროგრესი - ოთარ კაკაბაძის 1 წელი

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წლებია მარჯვენა მცველის პრობლემა ედგა. ბოლო დროინდელმა მოვლენებმა კი სიმართლე რომ ვთქვათ, იმედი ჩასახა. იმედი იმისა, რომ “ჯვაროსნების” დაცვი მარჯვენა ფლანგი აღარ იქნება სანერვიულო და ევროპული ყაიდის, საშუალო დონის ფეხბურთელი გააკონტროლებს.

აღნიშნულ მიზეზს ერთადერთი სახელი აქვს – ოთარ კაკაბაძე. ის ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ იმედად ჯერ კიდევ 6 წლის წინ მოინათლა, როდესაც ევროპის 17 წლამდე ჩემპიონატზე გუნდთან ერთად ნახევარფინალამდე მივიდა და ეს უდიდესი წარმატება გახლდათ. მერე, ოთარის კარიერა ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა და 2014 წელს თბილისის “დინამოს” ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. ეროვნულ ნაკრებში დებიუტმაც არ დაახანა. ჯერ კიდევ კახა ცხადაძემ 2015 წლის ოქტომბერში, გიბრალტარის ნაკრებთან მიეცა თავის გამოჩენის საშუალება. ვერ ვიტყვით, რომ თავიდანვე მისი თამაში დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ 2016 წელს უცხოური პერიოდის დროც დადგა. როგორც დრომ გამოაჩინა, ეს მთავარი ტრამპლინი გამოდგა მისი კარიერისთვის.

ტარაგონას “ხიმნასტიკში” მაშინ გიორგი აბურჯანია ჩინებულად ბურთაობდა, სწორედ მისი და “დინამოს” ექსწევრის, ჩისკო მუნიოსის დახმარებით, “ნასტიკის” სკაუტები კაკაბაძეს დააკვირდნენ და საბოლოოდ ტრანსფერიც გაიჩარხა. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ თავიდან ცა უღრუბლო იყო. 21 წლის ქართველს ახალ გარემოში ადაპტირება საკმაოდ გაუჭირდა და ზამთრამდე 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა (აქედან სამჯერ სამეფო თასზე). შედეგად, ესპანეთში საჭიროდ ჩათვალეს, რომ იჯარა კაკაბაძისთვის აუცილებელი იყო. 2017 წლის იანვარში კაკაბაძე დანიური “ესბიერგში” აღმოჩნდა, სადაც სასტარტოში ხშირად უწევდა თამაში. 6 თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ “ხიმნასტიკმა” ფეხბურთელი უკან დაიბრუნა.

2017-2018 წლების სეზონი კი უბრალოდ საუკეთესო იყო ოთარის კარიერაში. ლა ლიგა 2 ბევრ უმაღლეს დივიზიონს ნამდვილად აღემატება დონით და იქ თავის გამოჩენა მარტივი საქმე სულაც არაა. 42 შესაძლო მატჩიდან ჩვენებურმა აწ დასრულებულ სეზონში 36 ითამაშა (34 შეუცვლელად) და ტარაგონელთა გამორჩეული ფიგურა იყო. მისი წვლილი საკმაოდ დიდია იმაში, რომ კატალონელები არ გავარდნენ და საბოლოოდ, ადგილი შენარჩუნეს მეორე დივიზიონში. იყო ბევრი გამორჩეული მომენტი და ეპიზოდი.

შესანიშნავი გოლი 24 თებერვალს, “ბარსელონას” მეორე გუნდს და ეს სეზონში ერთადერთი გოლი აღმოჩნდა. თუმცა, კაკაბაძის უშუალო მოვალეობა გოლების გატანა სულაც არ ყოფილა.

სამაგიეროდ, შეტევაში მეტად ნაყოფიერად ერთვებოდა. სეზონი 6 საგოლე პასით დაასრულა, რაც სხვათა შორის, “ხიმნასტიკის” რიგებში საუკეთესო შედეგი გამოდგა. იყო ბევრი ჩინებული ჩართვა შეტევაში და სახიფათო მომენტებსა თუ საგოლე კომბინაციებში მონაწილეობის მიღება. 18 მარტს, “კორდობასთან” შეხვედრაში გოლიც შეაგდო, დიდებული დრიბლინგის შედეგად, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მსაჯმა სეზონის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი “წაართვა” და თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.

პარალელურად, ბუნებრივია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც მარჯვენა მცველის პრობლემა მეტ-ნაკლებად მოეხსნა. თუმცა, ცალსახად, ახლა ყველაზე დიდი ყურადღების გამოჩენაა საჭირო. რატომ? – ცოტა გვინახავს ქართველი ფეხბურთელები, რომელთაც წარმატებული სეზონის შემდეგ დაღმასვლის პერიოდი დაწყებიათ? არა, სამწუხაროდ, არა და შესაბამისად, მთავარია მიღწეულით არ დაკმაყოფილდეს.

ამბობენ, ზაფხულში ბევრად მაღალი დონის გუნდში უნდა ვიხილოთო. დიახ, შესაძლოა, “ხიმნასტიკზე” მართლაც მეტს იმსახურებს, მაგრამ აქაც ცალსახაა, რომ გადაწყვეტილების მიღება ცივ გონებაზე მართებს. უკან კარგი მაგალითიც აქვს კაკაბაძეს – გვახსოვს, გიორგი აბურჯანია როგორ კარგად მოერგო “ნასტიკს” და რამდენად მაგარი 6 თვე ჩაატარა ტარაგონაში. მერე კი? მერე გიორგი “სევილიაში” გადავიდა, მაგრამ არათუ პირველ, არამედ მეორედ გუნდშიც ვერ შეძლო დამკვიდრება და რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, 2 სეზონი ფაქტობრივად ჩაუვარდა.

სხვა ბევრი მაგალითიც არსებობს, როცა ქართვლი მოთამაშეები ახალ კლუბებში ვერ გახსნილან და წინსვლის ნაცვლად უკუსვლა მომხდარა. მოკლედ, 22 წლის ნიჭიერმა ქართველმა კარგად უნდა აწონ-დაწონოს სიტუაცია, თავისი შესაძლებლობები და ის, რაც აჯობებს მისი კარიერის განვითარებისთვის.

რაც მთავარია, ნათლად ჩანს, რომ ოთარ კაკაბაძეს შეუძლია ითამაშოს მაღალ დონეზე და გახდეს ევროპის დონის მარჯვენა მცველი. ამისთვის კი, შრომა და ვარჯიში იქნება საჭირო. ცოტა იღბალიც...

0.118872