მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.
ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 17 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A, B, C ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე D ჯგუფის მონაწილეებს ვეცნობით -ამჯერად ხორვატიის ნაკრების შესახებ ვისაუბრებთ.
- მუნდიალი 2018, წარდგენა: "სუპერ არწივების" ამბიცია
- მუნდიალი 2018, წარდგენა: მესისთვის, მესის იმედად
- მუნდიალი 2018, წარდგენა: ისლანდიური ვულკანის მოლოდინში
მონაწილეობა – 5
ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთედ ითამაშებს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ისე კი, 1930-1994 წლებში ხორვატია იუგოსლავიასთან ერთად ასპარეზობდა და ამაზე აღარ შევჩერდებით.
ხორვატია პლანეტის მთავარ პირველობაზე პირველად 1998 წელს გამოჩნდა და ფურორიც მოახდინა. ბალკანელებმა მათთვის არნახული შედეგი აჩვენეს და სამშობლოში გმირების სტატუსითა და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ. თუმცა მას შემდეგ ხორვატიის ნაკრები მიუხედავად დიდი მოლოდინისა, ჯგუფური ეტაპის გადალხვას ვერაფრით ახერხებს.
2002 წელს ხორვატიამ მუნდიალი მექსიკასთან მარცხით დაიწყო. ამას მოჰყვა ჩინებული გამარჯვება იტალიის ნაკრებთან (2:1), მაგრამ ბოლო, გადამწყვეტი შეხვედრა დებიუტანტ ეკვადორთან მოულოდნელად წააგო (0:1) და 3 ქულით მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. ასევე მესამე პოზიცია აღმოჩნდა ხორვატთა მაქსიმუმი 2006 წელს გერმანიაში. მაგრამ, მაჯერად ტურნირი მოგების გარეშე დატოვა. ხორვატიამ პირველ ტურში ბრაზილიასთან განიცადა მარცხი (0:1), რასაც ფრე მოჰყვა იაპონიასთან (0:0). ბოლო ტურში ავსტრალიის ნაკრებთან ბალკანელებს სამი ქულა ჰყოფნიდათ, რომ მერვედფინალში გასულიყვნენ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს, ოდენ ფრე გაახერხეს (2:2) და სამშობლოში დაბრუნდნენ. და ბოლოს, ოთხი წლის წინ ხორვატია დიდი ამბიციით ჩავიდა ბრაზილიაში, მაგრამ ისევ წარუმატებლად იასპარეზა. ტურნირის გახსნით შეხვედრაში ხორვატია ბრაზილიას ამარცხებდა კიდედ, მაგრამ ანგარიში ვერ შეინარჩუნა და 1:3 წააგო. მეორე ტურში კამერუნი გაანადგურა 4:0 და ბოლო ტურში მექსიკას გაეჯიბრა. ხორვატიას ჯგუფიდან გასასვლელად აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ 3 ქულას ვინ ჩივის, საერთოდ დამარცხდა – 1:3.
საუკეთესო შედეგი – მესამე ადგილი (1998)
ხორვატული ფეხბურთის ისტორიაში დავიწყებას არასდროს მიეცემა 20 წლის წინანდელი მუნდიალი. საფრანგეთში ხორვატიამ დიდებულად ითამაშა. ყველაფერი იამაიკის ნაკრებთან გამარჯვებით დაიწყო (3:1), რასაც იაპონიის ძლევა მოჰყვა (1:0) და მერვედფინალის საგზური ვადაზე ადრე გინაღდა. ბოლო ტურში არგენტინასთან (0:1) მარცხს ბალკანელთათვის ხასიათი არ გაუფუჭებია.
მერვედფინალში ხორვატიამ დავორ შუკერის ერთდერთი გოლით რუმინეთი დაამარცხა და 1/4 ფინალში გადაინაცვლა, სადაც უკვე მრისხანე გერმანიის ნაკრები, მოქმედი ევროპის ჩემპიონი ელოდებოდა. 1998 წლის 4 ივნისი ძალზე ბედნიერი დღე გამოდგა ხორვატიის ნაკრებისთვის, რომელმაც ლიონში “ბუნდესნაკრებისგან” არაფერი დატოვა – 3:0. იარნის, ვლაოვიჩისა და შუკერის გოლებით ხორვატიამ ნახევარფინალში მასპინძელ საფრანგეთზე გაიწია.
აქაც არ ყოფილა უშანსოდ ახლად დამოუკიდებელი ქვეყანა – დავორ შუკერმა ანგარიში გახსნა. თუმცა, შემდეგ ლილიან ტურამმა დუბლი გაიფორმა და საფრანგეთს ფინალში წარუძღვა – 2:1. სამაგიეროდ, ხორვატიის ნაკრებმა მოიგო მცირე ფინალი და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა, რაც უკვე უდიდესი წარმატება იყო. მესამე ადგილისთვის მატჩში კი ჰოლანდია დაამარცხა რობერტ პროსინეჩკისა და დავორ შუკერის გოლებით – 2:1.
გზა რუსეთამდე
ხორვატიას რუსეთამდე საკმაოდ გრძელი გზის გავლა მოუწია, რადგან მუნდიალის საგზური პლეი-ოფის მეშვეობით გაიფორმა. შესარჩევი ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე ხორვატებმა 20 ქულა დააგროვეს და ორი ქულით ჩამორჩნენ ისლანდიას. (10 მატჩი, 6 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება). შესაბამისად, ბალკანელებს მეორე ადგილი მხოლოდ პლეი-ოფისთვის ეყოთ, სადაც წილისყრის შედეგად საბერძნეთის ნაკრები ელოდებოდა.
ბერძენთა ძლევა გაცილებით მძლავრ ხორვატიას დიდად არ გასჭირვებია. ყველაფერი პირველივე მატჩში გაირკვა, რომელიც მასპინძლებმა ზაგრებში 4:1 მოიგეს. საპასუხო შეხვედრაში გოლი არ გასულა და ხორვატია მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდა.
რუსეთში გასავლელი გზა
16 ივნისი, 2018, კალინგრადი. ხორვატია – ნიგერია
ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 16 ივნისს, ნიგერიის ნაკრებთან შეხვედრით გახსნის, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრილა.
21 ივნისი, 2018, ნიჟნი ნოვგოროდი. არგენტინა – ხორვატია
მეორე მატჩი კი ბალკანელთათვის გაცილებით სერიოზული გამოცდა უნდა გამოდგეს, თანაც ნაცნობ მეტოქესთან – არგენტინის ნაკრებთან. ბალკანელებთან სამხრეთამერიკელებს უარყოფითი ბალანსი გააჩნიათ: 1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება. პირველი მატჩი 1994 წელს სპარინგის ხასიათის იყო და გოლი არ გასულა. 2006 წლის 1 მარტს, ასევე ამხანაგურ მატჩში ევროპელებმა 3:2 იმარჯვეს, ხოლო ბოლო დაპირისპირება 2014 წლის 12 ნოემბრით თარიღდება. გამარჯვება არგენტინას დარჩა – 2:1.
ეს სამი ამხანაგური მატჩი, ხოლო ერთხელ გუნდებს ოფიციალურად მოუწიათ თამაში. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე. 26 ივნისს, ბორდოში, მაურისიო პინედამ 36-ე წუთზე გაიტანა და ეს ერთადერთი გოლი გამოდგა შეხვედაში.
26 ივნისი, 2018, როსტოვი. ისლანდია – ხორვატია
ხორვატია ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს როსტოვში ისლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს.ისლანდია ის გუნდია, რომელსაც ხორვატია არგად იცნობს. 6 მატჩი, ექვსივე ოფიციალური, ექვსივე მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით და ბალანსი დადებითია: 4 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.
პირველად ეს გუნდები ერთმანეთს 2006 წლის მუნდიალის კვალიფიკაციაში შეხვდნენ. 2005 წლის 26 მარტს ხორვატიამ ადვილად მოიგო (4:0) ნიკო კოვაჩის დუბლითა და იოსიპ შიმუნიჩისა და დადო პრშოს გოლებით. იმავე წლის 3 სექტემბერს რეიკიავიკში ისევ ბალკანელებმა იმარჯვეს, ამჯერად 3:1. ეიდურ გუდიონსენის გოლით მასპინძლებმა ტაიმი მოიგეს, მაგრამ მერე ბოშკო ბალაბანმა დუბლი გაიფორმა, ხოლო წერტილი დარიო სრნამ დასვა.
მეორედ ამ გუნდების გზა 2014 წლის მუნდიალის პლეი-ოფში გადაიკვეთა. ხორვატიას მაშინდელივით ადვილად არ წასვლია საქმეები და ისლანდიაც მისთვის პირველ მუნდიალთან ერთ ნაბიჯში იყო, რადგან ხორვატიას თუ დაამარცხებდა, ბრაზილიის საგზურს მიიღებდა. 2013 წლის 15 ნოემბერს, რეიკიავიკში გოლი არ გასულა, ხოლო იმავე წლის 19 ნოემბერს, ზაგრებში მარიო მანჯუკიჩისა და დარიო სრნას გოლებით მასპინძლებმა მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდნენ. ხოლო ისლანდიის დებიუტი 4 წლით გადაიდო.
და ბოლოს, კიდევ ორი დაპირისპირება ახლახან შედგა, რადგან ისლანდია და ხორვატია კარს მომდგარი მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ერთ ქვეჯგუფში იყვნენ. 2016 წლის 12 ნოემბერს, ზაგრებში ხორვატიას დარჩა ისევ გამარჯვება. მარსელო ბროჟოვიჩმა გაიფორმა დუბლი. 2017 წლის 11 ნოემბერს, ისლანდიამ ხორვატია მეექვსე ცდაზე პირველად დაამარცხა. რეიკიავიკში მატჩის ერთადერთი გოლი ჰოლურ მაგნუსონმა ბოლო წუთზე გაიტანა.
კონტიგენტი
ხორვატიის ნაკრებს ისეთი შემადგენლობა ჰყავს, ბარე-ორი ქვეყანა, რომ დაუფიქრებლად მოაწერდა ხელს. გუნდი ყველა რგოლში მეტ-ნაკლებად დაბალანსებულია და ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროპის ტოპ ჩემპიონატებში ირჯებიან. მათ შორის, ტოპ კლუბებში. მეკარეეც საიმდეოა, ფრანგული “მონაკოდან” დანიელ შუბაშიჩი. დაცვაში უნდა გამოვყოთ დეინა ლოვრენი, ვედრან ჩორლუკა, ტინ იედვაი და შიმე ვრსალიკო.
განსაკუთრებით შტამბეჭდავად გამოიყურება ნახევარდაცვა – ლუკა მოდიჩი, ივან რაკიტიჩი, მატეო კოვაჩიჩი, მილან ბადელი, ივან პერიშიჩი, მარსელო ბროჟოვიჩი... ვგონებ, ზედმეტ განმარტებას აღარ საჭიროებს.
ხმაურიანი გვარების დეფიციტი შეტევაშიც არაა, მარიო მანჯუკიჩი, ნიკოლა კალინიჩი, ანდრეი კრამარიჩი. მოკლედ, ხორვატიის ნაკრების ხელთ დიდებული კონტიგენტია და მოულოდნელი ნამდვილად არ იქნება თუ 20 წლის შემდეგ ხორვატია ისევ წარმატებულად ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე.
სავარაუდო შემადგენლობა
ვარსკვლავი
ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაზე უკვე ვისაუბრეთ და აღმოვაჩენდით, რომ რამდენიმე ვარსკვლავი მართლაც ირიცხება ამ გუნდში. ივან რაკიტიჩი, მარიო მანჯუკიჩი, ივან პერიშიჩი... თუმცა, ცალსახად, ლუკა მოდრიჩი მათ შორის გამორჩეულია. 32 წლის ნახევარმცველის თამაშზე როგორც ხორვატიის ნაკრებში, ისე მადრიდის “რეალში” ბევრი რამაა დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, სათამაშო სისტემის მთავარი ტვინი სწორედ ბალკანელია.
ჯერ საკლუბო კარიერაზე ვთქვათ: მოდრიჩმა ეს-ესაა ზედიზედ მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო ბოლო 5 წელიწადში მეოთხედ უწია ასეთ წარმატებას. მოდრიჩის კარიერა ზაგრების “დინამოდან” დაიწყო, სადაც ნიჭიერი ფეხბურთელის გარჯა ლონდონის “ტოტენჰემის” არ გამორჩენია და ჩია ტანის ნახევარმცველი 2008 წელს ნისლიან ალბიონზე აღმოჩნდა. “დეზების” რიგებს მოდრიჩი ჩინებულად მოერგო, პროგრესირება გააგრძელა და 2012 წლის ზაფხულში თვით მადრიდის “რეალში” აღმოჩნდა. “სამეფო კლუბში” დამკვიდრება ლუკას არათუ გაუჭირდა, არამედ პირველივე დღიდან გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და აღნიშნულ სტატუსს დღემდე ინარჩუნებს. 2017-2018 წლების სეზონში მადრიდელთა რიგებში მოდრიჩმა 43 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო. მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთისა და ევროპის სუპერთასები და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
რაც შეეხება სანაკრებო კარიერას – ლუკას ხორვატიის ნაკრებში დებიუტი 2006 წლის 1 მარტს, არგენტინასთან 3:2 მოგებულ სპარინგში ჰქონდა. აქედან მოყლებული მოდრიჩმა ეროვნული ნაკრების რიგებში 104-ჯერ ითამაშა და 12 გოლი გაიტანა.
2006 წლის მუნდიალზე ახალგაზრდა მოდრიჩმა ორჯერ ითამაშა (იაპონიასთან და ავსტრალიასთან) და ორჯერვე შეცვლაზე ჩაერთო თამაშში. სამაგიეროდ, ორი წლის შემდეგ ევრო ფორუმზე სამი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ჯგუფურ ეტაპზე ავსტრიასთან (1:0) გამარჯვების გოლიც გაიტანა. ევროპირველობაზე ხორვატმ ფეხბურთელმა 2012 და 2016 წლებშიც ითამაშა. 6 წლის წინ, უკრაინა-პოლონეთში მოდრიჩი სამჯერ გავიდა მოედანზე, ხოლო მისი გუნდი ჯგუფში ჩარჩა, ხოლო ორი წლის წინ საფრანგეთში ხორვატიამ 1/8 ფინალს უწია. ლუკამ ისევ სამი მატჩი ჩაატარა და თურქეთის ნაკრებთან ულამაზესი, თანაც გამარჯვების გოლით გამოირჩა. რაც შეეხება ოთხი წლის წინანდელ მსოფლიოს ჩემპიონატს, მოდრიჩმა სამივე თამაში შეუცვლელად ჩაატარა.
მწვრთნელი
51 წლის ზლატკო დალიჩმა ხორვატიის ნაკრები 2017 წლის ოქტომბერში ჩაიბარა. მართალია, იქამდე მას არ მიუძროდა წვლილი გუნდის რუსეთისკენ მიმავალი გზის დაფარვაში, მაგრამ პლეი-ოფი საბერძნეთთან სწორედ მისი თავკაცობით მოიგო. ვერ ვიტყვით, რომ დალიჩს აქამდე განსაკუთრებულად გამორჩეული სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა.
2006-2011 წლებში ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებში მუშაობდა ასისტენტად. ამ დროში პარალელურად “რიეკას”, ტირანას “დინამოს”, “სლავენსა” და “ალ-ფაისალის” ავარჯიშებდა. 2010 წლიდან სწორედ ევროპის მიღმა მუშაობდა: “ალ-ჰილალი” და “ალ აინი”, საიდანაც ხორვატიის ნაკრებში მოხვდა.
ტიტულებს რაც შეეხება, 2013 წელს საუდის არაბეთის ჩემპიონი გახდა, 2016 წელს კი, აზიის ჩემპიონთა ლიგის ფინალში განიცადა მარცხი. ამასთან, მოგებული აქვს ალბანეთის სუპერთასი (2008 წელს), არაბეთის სუპერთასი (2015 წელს) და არაბეთის გალფ ლიგა (2015 წელს).
ფეხბურთელის კარიერას დიდად გამორჩეული არ ჰქონია: ძირითადად სამშობლოში აგორებდა ბურთს, მეტწილად, სპლიტის “ჰაიდუკში”.
ხორვატია – ტიტულები
არ აქვს.