ფეხბურთი

10:49 | 26.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: მესისთვის, მესის იმედად
არგენტინის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 19 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A, B, C ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე D ჯგუფის მონაწილეებს ვეცნობით - მაშ ასე, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, არგენტინის ნაკრები...

მონაწილეობა – 17

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალზე სტაჟიანია. ეს იქნება სამხრეთამერიკელთა მე-17 გამოჩენა პლანეტის მთავარ პირველობაზე. 2 ჩემპიონის ტიტული, 3 ვერცხლის მედალი, 4 მეოთხედფინალი, ორი მეორე ჯგუფური ეტაპი, ერთი 1/8 ფინალი, 1 პირველი ეტაპი და 3 ჯგუფში ჩარჩენა – ასეთია “ალბისელესტეს” შედეგი.

არგენტინამ ფინალს პირველად 1930 წელს უწია სადებიუტო მუნდიალზე, თუმცა გადამწყვეტი შეხვედრა მასპინძელ ურუგვაისთან 2:4 წააგო. ამას მოჰყვა წარუმატებელი გამოსვლა 1934 წელს იტალიაში, სადაც შვედეთთან 2:3 წააგო და ვინაიდან მაშინ ტურნირი პლეი-ოფის სისტემით ტარდებოდა, ბარგის ჩალაგება მოუწია. არგენტინას ისტორიაში კიდევ ორი ფინალი აქვს წაგებული. 1990 წელს, აპენინის ნახევარკუნძულზე გერმანიასთან ბოლოსკენ გაშვებული პენალტით დარჩა დამარცხებული. დიეგო მარადონა და კომპანია ზედიზედ მეორე ოქროს მედალს ვერ შესწვდნენ. და ბოლოს, არ დაგვავიწყდეს, რომ არგენტინა მოქმედი ვიცე-ჩემპიონია. ოთხი წლის წინ საბელიას გუნდმა ფინალამდე მშვენივრად იარა, მაგრამ “მარაკანაზე” გერმანიასთან ვერაფერს გახდა. გადამწყვეტი გოლი დამატებით დროში გერმანელმა მარიო გიოტცემ შეაგდო.

ერთი საინტერესო დეტალი: არგენტინას არასდროს წაუგია მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალი. აქამდე თუ გუნდი მიდიოდა, ფინალში გასვლას ახერხებდა. “ალბისელესტე” 1/4 ფინალში ოთხჯერ დამარცხდა. პირველად ეს 1966 წელს მოხდა, როდესაც მასპინძელ ინგლისს ვერ გაუმკლავდა (0:1), მეორედ კი 20 წლის წინ, საფრანგეთში. მაშინ არგენტინამ ჰოლანდიის ნაკრების ბარიერი ვერ დაძლია და 1:2 წააგო. შემდეგ იყო ზედიზედ ორი მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც არგენტინელთათვის ზემოხსენებულ ეტაპზე დასრულდა: 2006 წელს, წინაღობა ისევ მასპინძელი გერმანია გამოდგა, რომელსაც მხოლოდ პენალტების სერიაში დანებდა (2:4), ხოლო ოთხი წლის შემდეგ უკვე არამასპინძელი, მაგრამ ისევ გერმანია. ამჯერზე არგენტინა ნამდვილად უშანსოდ იყო და ისტორიაში ერთ-ერთი მტკივნეული მარცხი განიცადა – 0:4. მერვედფინალი გამოდგა მაქსიმუმი 1994 წელს, აშშ-ში. ბევრის აზრით, არგენტინას მაშინ მეტისთვის უნდა მიეღწია, მაგრამ დიეგო მარადონა დისკვალიფიკაციით დაისაჯა და მეფის გარეშე დარჩენილი სამეფო ადვილად ასაღები გამოდგა. სამხრეთამერიკელები პლეი-ოფის პირველივე სტადიაზე რუმინეთთან დამარცხდა (2:3).

1974 და 1982 წლებში არგენტინამ პირველი ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია, მაგრამ მეორე ეტაპზე ხელმოცარული დარჩა. დასავლეთ გერმანიაში “ალბისელესტე” მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჰოლანდიას, ბრაზილიასა და აღმოსავლეთ გერმანიას ვერ გაუმკლავდა და 1 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა. 8 წლის შემდეგ ესპანეთში კი, იტალიასთან (1:2) და ბრაზილიასთან (1:3) მარცხით უქულოდ დარჩა და სამგუნდიან ჯგუფში ბუნებრივია, მესამე პოზიციით მოუწია დაკმაყოფილება.

არგენტინა სამჯერ ჯგუფში ჩარჩა. მათ შორის, ზედიზედ ორჯერ 1958 და 1962 წლებში. შვედეთში არგენტინელებმა მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიას მოუგეს (3:1), ხოლო დასავლეთ გერმანიასთან (1:3) წააგეს, ბოლო ტურში კი ჩეხოსლოვაკიასთან გაცამტვერდნენ – 1:6. ჩილეში არგენტინამ ბულგარეთის დამარცხებით გახსნა ჩემპიონატი (1:0), მერე კი, ინგლისთან უქულოდ დარჩა (1:3). ბოლო ტურში უნგრეთთან ნულოვანი ფრე კი ჯგუფში ჩარჩენას ნიშნავდა.

უკანასკნელად არგენტინამ პლეი-ოფში 2002 წელს ვერ გააღწია. მარსელო ბიელსას გუნდი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად განიხილებოდა, მაგრამ აზიაში გუნდს სრული კატასტროფა ელოდებოდა. არგენტინა მძიმე ჯგუფში იყო, მაგრამ ყველაფერი ნიგერიის დამარცხებით დაიწყო – 1:0. ამას მოჰყვა დევიდ ბექჰემის ზუსტი პენალტი და ინგლისთან მარცხი (0:1), ხოლო ბოლო ტურში შვედეთთან ფრემ (1:1) არგენტინა ჯგუფში ჩატოვა.

გარდა ამისა, “ალბისელესტეს” არ უთამაშია 1938, 1950 და 1954 წლების მუნდიალზე, ხოლო 1970 წელს მექსიკაში კვალიფიცირება ვერ შეძლო.

საუკეთესო შედეგი – ჩემპიონი (1978, 1986)

არგენტინის ნაკრებმა სანუკვარ მიზანს პირველად 1978 წელს, სამშობლოში უწია. “ალბისელესტემ” პირველი ჯგუფური ეტაპი ოდენ მეორე ადგილით დაძლია, რადგან მესამე ტურში იტალიასთან მარცხი განიცადა "მონუმენტალზე" (0:1). მიუხედავად ამისა, ქვეჯგუფიდან გასვლა არ გასჭირვებია, ვინაიდან იქამდე უნგრეთი და საფრანგეთი ერთნაირად დაემარცხებინა (2:1). მეორე ჯგუფურ ეტაპზე ლუის სესარ მენოტის გუნდს ბრაზილია, პერუ და პოლონეთი ელოდა. პირველ ტურში არგენტინამ მარიო კემპესის დუბლით პოლონეთს აჯობა, ხოლო მეორე ტურში ბრაზილიას უგოლოდ დაშორდა. ბოლო ტურის წინ, ორივე სამხრეთამერიკულ ნაკრებს 3-3 ქულა ჰქონდა და ყველაფერს დასკვნითი მატჩები არკვევდა. არგენტინა პერუს ხვდებოდა და რაც შეიძლება დიდი ანგარიშით უნდა მოეგო, რადგან ბრაზილიას პერუელები 3:0 ჰყავდა დამარცხებული. ბოლო ტურში “პენტაკამპენელებმა” პოლონეთი 3:1 დაამარცხეს (როგორც არგენტინამ, მანაც ორბურთიანი სხვაობით, 2:0). მენოტის ბიჭებმა კი უმოტივაციო პერუ არ დაინდეს და 6:0 გაანადგურეს. შედეგად, არგენტინა ფინალში ბურთების უკეთესი ბალანსით გავიდა. 25 ივნისს, არგენტინელთათვის საოცნებო დღე გათენდა. “ესტადიო მონუმენტალზე” საოცარი ატმოსფერო იყო და მატჩიც დიდებული გამოვიდა. მარიო კემპესის გოლი ჰოლანდიამ თამაშის მიწურულს გაქვითა და დამატებით დრო დაინიშნა. სადაც, გადამწყვეტი სიტყვა ისევ კემპესმა თქვა – მან 105-ე წუთზე კვლავ წინ გაიყვანა არგენტინა, ხოლო ბერტონიმ 115-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (3:1). ამ ჩემპიონატზე მარიო კემპესმა გაიბრწყინა, რომელიც საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მეორე ტრიუმფი კი, რვა წლის შემდეგ მექსიკაში მოვიდა და ამ ჩემპიონობასაც ჰყავდა კემპესის მსგავსად გმირი – დიეგო არმანდო მარადონა. არგენტინას ჯგუფურ ეტაპზე პრობლემა არ შექმნია და იპირველა. სამხრეთ კორეას (3:1), ხოლო ბულგარეთს (2:0) სძლია. შუალედში იყო ფრე იტალიასთან (1:1). შემდეგ კი ჯერი მთავარზე, პლეი-ოფზე მიდგა. მერვედფინალში კარლოს ბილარდოს გუნდმა პედრო პასკულის კინკილა გოლით მეზობელი ურუგვაი დაამარცხა და ინგლისის ნაკრებზე გაიწია, რომელიც მეოთხედფინალში ელოდა. ეს თამაში ალბათ დავიწყებას არასდროს მიეცემა, რადგან დიეგო მარადონამ დუბლი შეასრულა და ორივე გოლი ისტორიაშია შესული. 51-ე წუთზე ტანდაბალ დიეგოს თავით მოუწია თამაში და საჰაერო ორთაბრძოლა მეკარე პიტერ შილტონს “მოუგო” კიდეც... მარადონამ ხელით დალაშქრა მეტოქის კარი, მაგრამ ეს ტუნისელმა მსაჯმა ვერ შეამჩნია და გოლი ჩათვალა. მოგვიანებით, თავად დიეგო ამ გოლს საინტერესო სახელს დაარქმევს: "ღმერთის ხელი"... ოთხ წუთში დიეგომ უკვე წესების დაცვით შედევრი შექმნა. საკუთარი ნახევრდიდან დრიბლინგი დაიწყო, გზად მთელი გუნდი მოატყუა, მათ შორის მეკარეც და ცარიელ კარში შეაგდო. გარი ლინეკერის გვიანი გოლი მხოლოდ პრესტიჟის გამოდგა – 2:1. არგენტინა ნახევარფინალში გავიდა. იქ, “ალბისელესტეს” ბელგია ელოდა, მაგრამ დიეგო მარადონას ეს სულაც არ ანაღვლებდა. ფეხბურთის უგვირგვინო მეფემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა დუბლი! ფინალი “აცტეკაზე” 29 ივნისს გაიმართა. მეტოქე გერმანიის ნაკრები გახლდათ. არგენტინამ რიხით დაიწყო – ბრაუნისა და ხორხე ვალდანოს გოლებით 2:0 დაწინაურდა. თუმცა, როდის იყო “ბუნდესნაკრები” ნებდებოდა და არც ამჯერზე ყოფილა გამონაკლისი: კარლ-ჰაინც რუმენიგემ და რუდი ფიოლერმა მე-80 წუთისთვის გაათანაბრეს. სამ წუთში მარადონას საგოლე პასით ბურუჩაგამ საჩემპიონო გოლი გაიტანა – 3:2. არგენტინა მეორედ და ჯერჯერობით ბოლოჯერ ავიდა საფეხბურთო მწვერვალზე.

გზა რუსეთამდე

არგენტინის ნაკრებმა რუსეთამდე ძალიან, ძალიან მძიმე გზა გაიარა. მართალია, ხორხე სამპაოლის გუნდი საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა 28 ქულით, მაგრამ ბოლო ტურამდე იყო იმის შანსი, რომ “ალბისელესტე” მუნდიალს მიღმა დარჩენილიყო. უკანასკნელ ტურში არგენტინის ნაკრებს კიტოში, ეკვადორი აუცილებლად უნდა დაემარცხებინა. თუმცა, პირველივე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ და მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. და მაინც, არგენტინას ჰყავს ლეო მესი. იმ დღეს, “ბარსელონას” ლიდერმა შეიძლება ითქვას მარტომ მოიგო თამაში: ჰეთ-თრიქი და 3:1 არგენტინის სასარგებლოდ. შედეგად სამპაოლის ბიჭებმა მუნდიალის ბილეთები მიიღეს.

ისე კი, მთლიანობაში “ალბისელესტემ” მართლაც მძიმე შესარჩევი ეტაპი გადაიტანა. 18 მატჩიდან ოდენ 7 მოიგო, რაც ასეთი დონის გუნდისთვის ბუნებრივია, რომ ცოტაა.

რუსეთში გასავლელი გზა

16 ივნისი, 2018, მოსკოვი. არგენტინა – ისლანდია

არგენტინის ნაკრები მუნდიალს 16 ივნისს, მოსკოვში, ისლანდიის ნაკრებთან დაპირისპირებით გახსნის. ეს იქნება ამ გუნდთა ისტორიაში პირველი შეხვედრა.

21 ივნისი, 2018, ნიჟნი ნოვგოროდი. არგენტინა – ხორვატია

ხორხე სამპაოლის გუნდის მეორე მეტოქე 21 ივნისს, ხორვატია იქნება. ბალკანელებთან სამხრეთამერიკელებს დადებითი ბალანსი გააჩნიათ: 2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება. პირველი მატჩი 1994 წელს სპარინგის ხასიათის იყო და გოლი არ გასულა. 2006 წლის 1 მარტს, ასევე ამხანაგურ მატჩში ევროპელებმა 3:2 იმარჯვეს, ხოლო ბოლო დაპირისპირება 2014 წლის 12 ნოემბრით თარიღდება. გამარჯვება არგენტინას დარჩა – 2:1.

ეს სამი ამხანაგური მატჩი, ხოლო ერთხელ გუნდებს ოფიციალურად მოუწიათ თამაში. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე. 26 ივნისს, ბორდოში, მაურისიო პინედამ 36-ე წუთზე გაიტანა და ეს ერთადერთი გოლი გამოდგა შეხვედაში.

26 ივნისი, 2018, სანქტ-პეტერბურგი. ნიგერია – არგენტინა

არგენტინა ჯგუფურ ეტაპს 26 ივნისს, ნიგერიასთან მატჩით დაასრულებს. აფრიკელებთან სამპაოლის გუნდს ჩინებული მოგონებები აკავშირებს: 8 მატჩი, 5 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.

პირველად ამ გუნდების გზები 1994 წლის მუნდიალზე გადაიკვეთა. 25 ივნისს, “ალბისელესტემ” კლაუდიო კანიჯას დუბლით მოიგო (2:1). შემდეგი დუელი ერთი წლის შემდეგ შედგა, ამჯერად კონფედერაციათა თასზე და გოლი არ გასულა. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც გუნდებმა ქულები გაიყვეს. მორიგი შეხვედრა უკვე 2002 წლის მუნდიალზე შედგა, ისევ ჯგუფურ ეტაპზე და გამარჯვება ისევ არგენტინას დარჩა. ერთადერთი გოლი გაბრიელ ბატისტუტამ გაიტანა.

იგივე ანგარიში დაფიქსირდა 2010 წელს, ისევ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე. ამჯერად გამარჯვების გოლი მე-6 წუთზე გაბრიელ ჰაინცემ შეაგდო. აქედან ზუსტად ერთი წლის თავზე, სპარინგში აფრიკელებმა პირველად აჯობეს მრისხანე მეტოქეს. თანაც, ხმაურიანი ანგარიშით – 4:1. სამ თვეში არგენტინამ რევანში აიღო და სპარინგში 3:1 გაიმარჯვა.

ეს გუნდები წინა მუნდიალზეც ერთ ჯგუფში იყვნენ. აფრიკელებმა ისევ დიდი წინააღმდეგობა დაატეხეს თავს მეტოქეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ. ლიონელ მესიმ მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში. ერთ წუთში კი აჰმედ მუსამ გაათანაბრა. ტაიმის ბოლო წუთზე მესი დუბლს ასრულებს, რასაც მეორე ტაიმის სტარტზევე მუსა დუბლითვე პასუხობს. გამარჯვების გოლი 50-ე წუთზე მარკოს როხომ ჩაიწერა აქტივში.

ბოლო დაპირისპირება კი 2017 წლის 14 ნოემბრით თარიღდება. ამხანაგურ შეხვედრაში ნიგერიამ მოიგო – 4:2. ევერ ბანეგასა და კუნ აგუეროს გოლებით სამხრეთ ამერიკელები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ნიგერიელებმა მერე მთლიანად იგდეს სათამაშო უპირატესობა ხელთ. იენაჩომ და იდოვუმ თითოჯერ გაიტანეს, ხოლო აივობიმ დუბლი შეასრულა.

კონტიგენტი

ალბათ ძნელია გავიხსენოთ მუნდიალი, როდესაც არგენტინის ნაკრების დაკოპლექტების შესახებ დისკუსია არ ყოფილა. დაწყებული 1978 წლიდან, როდესაც დიეგო მარადონა დარჩა განაცხადს მიღმა, გაგრძელებული 2010 წლით, როდესაც იმავე მარადონამ ხავიერ ძანეტისა და ესტებან კამბიასოს სამსახურზე თქვა უარი. ამჯერადაც არ მომხდარა გამონაკლისი – ხორხე სამპაოლისთვის 23 კაციან ნუსხაში მაურო იკარდის ადგილი არ მოიძებნა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში 29 გოლი გაიტანა და ჩირო იმმობილესთან ერთად თანაბომბარდირი გახდა.

არგენტინის ნაკრების გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამპაოლიმ ამ გადაწყვეტილებით დიდი და უპატიებელი შეცდომა დაუშვა. თუმცა, მხოლოდ იკარდი არ დარჩენილა რუსეთს მიღმა. რამდენიმე ცნობილი გვარის ხსენება შეიძლება – ენცო პერესი, ლეანდრო პარედესი, ხავიერ პასტორე, ერიკ ლამელა, დიეგო პეროტი, ლაუტარო მარტინესი... გარდა ამისა, გუნდს ტრავმის გამო ძირითადი მეკარე სერხიო რომერო გამოაკლდა.

სხვა მხრივ არგენტინის შემადგენლობა ოპტიმალურია. თუმცა, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს მეკარის, დაცვისა და ნახევარდაცვის თაობაზე. რამდენად საჩემპიონო შემადგენლობაა ხსენებულ პოზიციებზე? რთული სათქმელია, ამას დრო უპასუხებს. ფაქტია, ერთადერთი რგოლი, სადაც წესით არგენტინას პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, შეტევაა. ლიონელ მესი, პაულო დიბალა, გონსალო იგუაინი და სერხიო აგუერო – ასეთია სამპაოლის არჩევანი. თუმცა, არგენტინამ თუ მუნდიალი ვერ მოიგო, მაურო იკარდის შესახებ საუბარი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. მუსირებს ხმები, რომ “ინტერის” ფორვარდი სხვა ფეხბურთელებთან ცუდი ურთიერთობის გამო დარჩა თამაშგარეში...

კარს ალბათ ვილი კაბალიერო დაიცავს რომეროს არყოფნაში. დაცვაში გამორჩეული ფიგურაა ნიკოლას ოტამენდი, მაგრამ მძიმე მდგომარეობაა ფლანგებზე. ნახევარდაცვაში ძველი გვარდიის იმედად უნდა იყოს “ალბისელესტე” – ხავიერ მასკერანო, ლუკას ბილია, ევერ ბანეგა, ანხელ დი მარია. შეტევის დუეტად კი მესი-აგუერო უნდა მოვიაზროთ.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

არგენტინის ნაკრებში თუ ვინაა მთავარი ლიდერი და ვარსკვლავი, კითხვის ნიშანი არ არსებობს – ლიონელ მესი. მესი თავადაა არგენტინა და არგენტინა მესია. მოკლედ, 30 წლის ფეხბურთელს ალბათ, ბოლო შანსი აქვს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს. პირველად კარიერაში სანაკრებო ტიტული! ბევრისთვის მესი ჯერ კიდევ არ დგას დიეგო მარადონას გვერდზე, რადგან მას სანაკრებო დონეზე ღირებული ჯილდო არ მოუგია. ჰოდა, ეს მართლაც ბოლო შანსია. თუმცა, საკითხავია, რამდენად შეძლებს მესი არცთუ ისე ძლიერი შემადგენლობის საჩემპიონოდ გაძღოლას?!

ლიონელს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2005 წლის 17 აგვისტოს უნგრეთთან სპარინგში შედგა ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში. ლიონელს აქამდე სამ მუნდიალზე აქვს ნათამაშები, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებული წარმატებით. 2006 წელს მოედანზე სამჯერ გამოჩნდა და გოლი ერთხელ გაიტანა – სერბეთისა და მონტენეგროს ნაკრებთან. კიდევ უფრო კოშმარული გამოდგა 2010 წლის მუნდიალი: 5 თამაში და 0 გოლი! ორივე შემთხვევაში არგენტინა მეოთხედფინალში დამარცხდა და ორჯერვე გერმანიასთან. სიტუაცია გამოსწორდა ოთხი წლის წინ – 7 თამაში და 4 გოლი. თუმცა, საგულისხმოა, რომ ოთხივე გოლი ჯგუფურ ეტაპზე გაიტანა (დუბლი ნიგერიასთან, გოლები ბოსნიასთან და ირანთან). პლეი-ოფში ლეოს მეტოქეები აღარ დაუმწუხრებია. მიუხედავად ამისა, “ალბისელესტე” და მესი ძალიან ახლოს იყვნენ ნანატრ წარმატებასთან – მარცხი ფინალში და ისევ გერმანიასთან. მოკლედ, როგორც ხედავთ, ბოლო სამ მუნდიალზე არგენტინისა და მესის ბოლო გაჩერება “ბუნდესნაკრებია”...

2015 წელს არგენტინა კოპა ამერიკის ფინალში გავიდა, მაგრამ იქაც წააგო – ჩილესთან. ლეო 6 თამაშში გოლით გამოირჩა. 2016 წელს, იმავე ტურნირზე ისევ ვერცხლის მედალს დასჯერდა და ისევ ჩილესთან დათმო ფინალი. თუმცა, მაშინ უფრო შედეგიანად ითამაშა 5 მატჩი, 5 გოლი. ფინალის წაგების მერე მესიმ განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებდა, მაგრამ წყენამ გაუარა და მალევე ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა. არგენტინა რომ ახლა მუნდიალისთვის ემზადება, ამაში მისი წვლილი დიდია. 10 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და მათ შორის, სამჯერ გადამწყვეტ შეხვედრაში ეკვადორი დაამწუხრა. საგულისხმოა, რომ არგენტინის ნაკრებში მესიმ ოთხ ფინალში ითამაშა და ყველა წააგო (სამჯერ კოპა ამერიკაზე, ერთხელ – მუნდიალზე). 2005 წლიდან დღემდე მის აქტივში 123 თამაში და 61 გოლია.

რაც შეეხება საკლუბო კარიერას – ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის. გეტყვით, რომ “ბარსელონასთან” ერთად დუბლი შეასრულა, მოიგო რა, სამეფო თასი და ლა ლიგა. სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლად გამოვიდნენ. ესპანეთის ჩემპიონატის აწ დასრულებულ სეზონში კი 36 მატჩში 34 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა.

მწვრთნელი

ხორხე სამპაოლიმ არგენტინის ნაკრები 2017 წლის ივნისში ჩაიბარა. როდესაც “ალბისელესტეს” მუნდიალზე მოხვედრის საკითხი ერთობ საეჭვო იყო. საბოლოოდ, 58 წლის სპეციალისტმა პირველად მისიას თავი წარმატებით გაართვა, ახლა ჯერი მეორე და მთავარ დავალებაზეა.

სამპაოლიმ სახელი ჩილეს ნაკრებში მუშაობით გაითქვა, რომელსაც 2012-2016 წლებში ედგა სათავეში და რომელსაც 2015 წელს კოპა ამერიკა მოაგებინა (ფინალში სწორედ არგენტინა დაამარცხა). მანამდე კი, 2014 წლის მუნდიალის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა და იქ დრამატულად წააგო მერვედფინალში მასპინძელ ბრაზილიასთან. ჯგუფში ესპანეთიც დაამარცხა. ჩილეს ნაკრების შემდეგ კი იყო ესპანური “სევილია”, რომელსაც ერთი სეზონი წვრთნიდა. აი, მანამდე კი არაფრით გამორჩეული არ ყოფილა მისი კარიერა. სხვადასხვა დროს “ემელეკს”, “უნივერსიდად დე ჩილეს”, “ხუან აურიჩს” ხელმძღვანელობდა.

ტიტულებს რაც შეეხება, კოპა ამერიკის გარდა მოგებული ააქვს ჩილეს აპერტურას გათამაშება ორჯერ (2011, 2012 წლებში), ჩილეს კლაუსურა 2011 წელს და ამავე წელს კოპა სუდამერიკანა.

არგენტინა – ტიტულები

მსოფლიოს ჩემპიონი (2): 1978, 1986

კონფედერაციათა თასი (1): 1992

კოპა ამერიკა (14): 1921, 1925, 1927, 1929, 1937, 1941, 1945, 1946, 1947, 1957, 1959, 1991, 1993

ოლიმპიური ჩემპიონი (2): 2004, 2008

0.123394