საქართველოს ნაკრების დებიუტანტი მეკარე ზაურ მახარაძე თბილისშია და ქართული პასპორტი ფეხბურთის ფედერაციამ გადასცა. 25 წლის მეკარეს ამიერიდან ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის ღირსების დაცვა შეეძლება. როგორც მან განაცხადა, მისთვის დიდი მოტივაციაა საქართველოს ნაკრებში მიწვევა და ეცდება, რომ სამწვრთნელო შტაბის მოლოდინი გაამართლოს.
„ჩემთვის დიდი მოტივაციაა საქართველოს მოქალაქეობის მიღება და აგრეთვე საქართველოს ნაკრებში გამოძახება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას. იმედი მაქვს, გავამართლებ ნაკრების სამწვრთნელო შტაბისა და გულშემატკივრის მოლოდინს“, - ციტირებს ზაურ მახარაძის სიტყვებს სფფ-ის პრესსამსახური.
შეგახსენებთ, ზაურ მახარაძე უკრაინაში დაიბადა. 2009-2014 წლებში კი უკრაინის ეროვნული ნაკრების გარდა, ყველა ასაკობივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. 2010 წლიდან დონეცკის "ოლიმპიკის" კარს იცავდა, მაგრამ უკრაინული მედიის ცნობით, ზაფხულიდან ლუგანსკის "ზარიას" რიგებში ითამაშებს.
მახარაძის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მალტასთან (1 ივნისი) და ლუქსემბურგთან (5 ივნისი) მატჩებშია მოსალოდნელი.