კალათბურთი

15:54 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: “ჩემი ნათქვამი ბევრმა არასწორად გაიგო”

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ამბობს, რომ უკრაინასთან მატჩის შემდეგ მის მიერ გაკეთებული განცხადება საზოგადოების ნაწილმა არასწორად გაიგო.

“არის კატეგორია, ვისთვისაც გაუგებარი იყო ჩემი განცხადება, ამიტომ მინდა დავაკონკრეტო. მე არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ იმას, რომ ჩემს თანაგუნდელებს, ჩემს ძმებს შეურაცხყოფა ვაკადრო. მჯერა ამ ბიჭების ცოდნის, პროფესიონალიზმის, ადამიანობის და ვაჟკაცობის. ჩვენ ერთად მოვდივართ, ერთი საქმისთვის და მიზნისთვის ვიბრძვით. კარგად ვიცი რაც შეგვიძლია და ზუსტად ამის გამო ვთქვი ის, რაც ვთქვი. უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა და ვენდოთ ჩვენს ცოდნას. ასე რომ, ვისთვისაც გაუგებარი იყო, ახლა იმედია გასაგები იქნება და საერთოდ აღარ იქნება ამაზე საუბარი.

ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, გვჭირდება მოგება და შესაბამისად, მაქსიმალურად პოზიტივი, დადებითი აურა და მხარდაჭერა უნდა მოდიოდეს ამ გუნდისადმი. ის შრომა, რაც ჩვენ წლების განმავლობაში ჩავდეთ ამ გუნდში, მინდა დავამთავროთ ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას. ამისთვის მოთამაშეები ყველაფერს გავაკეთებთ და უფრო მეტი დადებითი აურაა საჭირო ჩვენს ირგვლივ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის სპორტი და არ არსებობს ისეთი გუნდი, რომელიც ყველგან ყოველთვის იგებს. სიურპრიზებიც ხდება, წაგებებიც, თუმცა რითიც ყოველთვის ვამაყობ, არის ის, რომ ყოველთვის ვიბრძვით მოსაგებად და რაც შეგვიძლია მაქსიმუმს ვდებთ მოედანზე”, - თქვა ზაზამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე ევრობასკეტზე უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს ისრაელის ნაკრებთან. თამაში თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

0.118615