კალათბურთი

22:46 | 3.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: "ყოველთვის დაისჯები, როდესაც კალათბურთს პატივს არ სცემ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ უკრაინასთან მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ როდესაც კალათბურთს პატივს არ სცემ, ყოველთვის დამარცხდები.

ზაზას თქმით, საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორი მატჩი მხოლოდ “ჯიგრით” ითამაშა, ეს კი ევროპის ჩემპიონატზე თუნდაც უკრაინის ნაკრების დასამარცხებლად, საკმარისი არაა.

“მხოლოდ ერთი მიმართულებით ვთამაშობთ – “ჯიგრით”. მაგრამ, სამწუხაროდ ასეთ დონეზე მარტო ჯიგრით თამაში საკმარისი არაა. აქ უნდა გამოიჩინო ინტელექტი, აქ უნდა გამოიჩინო ცოდნა, აქ უნდა მიაქციო ყურადღება პატარა დეტალებს, რომელიც საბოლოო ჯამში დაგეხმარება თამაშის მოსაგებად. ეს არის და ეს.

ჩვენ სამწუხაროდ, ბოლო ორი თამაშია პატარა დეტალებს ყურადღებას არ ვაქცევთ და მხოლოდ ჯიგრით ვთამაშობთ. ასე, ძალიან რთულია ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება. თუნდაც, უკრაინასთან, რომელიც შეიძლება არაა ელიტარული გუნდი, მაგრამ ევრობასკეტზე მოხვდა და ე.ი კარგი გუნდია. ასე დაისჯები ყოველთვის, როცა კალათბურთს პატივს არ სცემ და არ ითამაშებ ისე, როგორც საჭიროა.

ქართულ სპორტში სანამ ამ დეტალებს ყურადღება არ მიექცევა, წარმატებაზე ფიქრი ძნელია. შეიძლება ორი თამაში მოიგო, მაგრამ თუ გვინდა, რომ მივაღწიოთ მედალს, ფინალს ან თუნდაც ჩემპიონობას, მარტო მონდომებით თამაში არ ყოფნის.

წარმატებისთვის კალათბურთის თამაშის ცოდნაა საჭირო, ორივე მხარეს – დაცვაშიც და შეტევაშიც. ესაა მწარე რეალობა და სიმართლე, სამწუხაროდ – ყურადღება ამას უნდა მიექცეს”, - ამბობს ზაზა კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან საუბარში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი დიდებული გამარჯვებით დაიწყო ლიტვასთან (79:77), მაგრამ შემდეგ მოულოდნელად ორი თამაში წააგო გერმანიასთან და უკრაინასთან. ამით ილიას ზუროსის გუნდმა ჯგუფიდან გასვლის საკითხი გაირთულა.

მომდევნო შეხვედრას საქართველო 5 სექტემბერს, მასპინძელ ისრაელთან ჩაატარებს. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

0.119827