საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის განცხადებით, დღეს ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებთან ერთად, შანსი იმ მოთამაშეებსაც მიეცემათ, ვისაც სერბეთის ნაკრების (1:3) წინააღმდეგ არ უთამაშია.
"რა თქმა უნდა, სამწუხაროა ისეთი მატჩის წაგება, სადაც პირველ გოლამდე ყველაფერი კონტროლის ქვეშ გვქონდა. მანამდე კი 2:0 უნდა ყოფილიყო ჩვენს სასარგებლოდ და სხვა თამაში იქნებოდა, თუმცა ეს უკვე ისტორიაა. ჩვენ ვემზადებით ლატვიის წინააღმდეგ საკონტროლო მატჩისთვის. საკმაოდ უხერხული მეტოქესთან, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს მეორე ნომრად, ზონების გახსნა ჩვენთვის მარტივი არ იქნება. მივცემთ შანსს სხვა მოთამაშეებსაც, რომლებიც სერბეთის წინააღმდეგ მოედანზე არ გამოსულან, ითამაშებენ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებიც. რა თქმა უნდა, გვსურს, მოვიგოთ, ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა...
ამისთვის ვმუშაობთ. ძალიან ბევრი სამუშაოა ახალგაზრდა თაობასთან, რომლებმაც კიდევ ბევრი უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე პირველ რიგში კლუბებში, შემდეგ კი ეს ყველაფერი ნაკრებში გამოიყენონ. პასუხისმგებლობა მე მეკისრება იმიტომ, რომ მწვრთნელი ვარ. ყოველთვის სწორი დასკვნების გამოტანაა საჭირო. მწვრთნელის ცხოვრება ყოველთვის ასეთია, ჩემოდნით ხარ და უცდი, კარგი შედეგი იქნება, მწვრთნელი რჩება, ცუდის შემთხვევაში კი შესაძლოა, შეიცვალოს. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული- ფეხბურთელების თამაშზე, ჩემს მუშაობაზე, ფედერაციაზე, გულშემატკივრებზე...
შევხედავთ, რა მოხდება მომავალში, დღეს კი მოგებას ვეცდებით. ჩვენთვის ყველა მეტოქე რთულია იმიტომ, რომ წილისყრის დროს ბოლო კალათაში ვიყავით. ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს, რომ ზეგ ან ერთი წლის შემდეგ გერმანიასთან, იტალიასთან, ესპანეთთან თანაბრად შევძლოთ ბრძოლა. ჩვენ ვმუშაობთ, ჯერჯერობით შედეგი არ გვაქვს, ჯგუფში ქულებს ვერ ვიღებთ, თუმცა სადღაც ვუახლოვდებით კარგ შედეგს. ეს იყო უელსთან, ირლანდიასთან, ავსტრიასთან...
მოლდოვასთან ცუდი თამაში ვაჩვენეთ, ასევე იყო სერბეთთან, სადაც შესანიშნავი ფეხბურთელების წინააღმდეგ, რომლებიც უმაღლეს დონეზე თამაშობენ, პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, თუმცა რაღაც ყოველთვის გვაკლია, ის ხარისხი, რაც მე, გულშემატკივრებს, ჩვენ ყველას გვსურს, რათა ქართული ფეხბურთის დონემ აიწიოს. ლატვიასთან ხარისხიანი მატჩი უნდა ვაჩვენოთ. ეს ამხანაგური თამაშია, ვფიქრობ, ლატვიაც მოსაგებად არის ჩამოსული და უფრო თამამად ითამაშებს" - ციტირებს ვაისის სიტყვებს სფფ-ის ოფიციალური ვებგვერდი.