დეტალებისგან შედგება ფეხბურთი, ერთ არასწორ გადაწყვეტილებას შეიძლება თამაშის ბედის დატრიალება მოჰყვეს. ხოლო როცა ასეთი წუნი ძალიან ბევრია, რთულია რამე გააწყო. იგებდა საქართველოს ნაკრები, იგებდა კლასით უფრო მაღლა მდგომ ნაკრებთან და შეეძლო ორი ბურთით დაწინაურებაც. მეტიც, ვალდებულიც იყო 2:0 წაეყვანა ანგარიში, მაგრამ საბოლოოდ წააგო.
საშუალოზე ოდნავ მაღალი კლასის ნაკრებიც კი სერბების დაბნეულეობას მშვენივრად გამოიყენებდა და ვინ იცის, პირველივე ტაიმში მოემთავრებინა საქმე.
სერბთა თავკაცი სლავოლიუბ მუსლინი პრესკონფერენციებზე აღნიშნავდა, საქართველოს ჯგუფში მეტი ქულა უნდა ჰქონდესო და მართალიც გახლდათ. სამწუხაროდ, ვერა და ვერ ვისწავლეთ კარგი თამაშის დაჭერის შემდეგ, ამ რიტმის შენარჩუნება. ეს კი დაბალი საშემსრულებლო კლასის ბრალიცაა. ნებისმიერ დაბალი დონის ნაკრებს შეუძლია, წელში გაწყდეს და 20-25 წუთი გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშოს, მაგრამ დაიღლება, 90 წუთი ვერ გაუძლებს. ასე ემართება საქართველოს ნაკრებს და სერბეთთან პირველი შემთხვევა არ ყოფილა.
ნიკა კაჭარავას გოლი ქართველთა პრესინგს მოჰყვა. ვაკო გვილიამ და მერე ვაკო ყაზაიშვილმაც შებოჭეს სერბთა მცველები, კოლაროვი შეცდა, მეკარეს დაუგორა ბურთი და ნიკა კაჭარავამ ისარგებლა. ეს კაჭარავას პირველი გოლია ეროვნულ ნაკრებში...
კაჭარავა ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო, გოლის მერეც, რა პასი დაუხატა ვაკო ყაზაიშვილს. აი, ყაზაიშვილმა კი პირწმინდად ჩააგდო მატჩი... ჯერ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა და მეკარემ აუღო; მერე თავი არ ასწია და კარში დაარტყა, როცა ჯანო ანანიძე გვერდით ჰყავდა - პასი და ჯანო ცარიელ კართან მარტო იყო; ვაკოს ბრალი იყო ჯაბა კანკავას ყვითელიც, რადგან ცუდად დაკარგა ბურთი და ჯაბას სხვა არაფერი დარჩენოდა, სახიფათო კონტრშეტევა უნდა ჩაეშალა. კიდევ ბევრი წუნი ჰქონდა "ლეგიას" შემტევს. სამწუხაროდ, მას ძალიან უჭირს პასის გაცემა და ეს პირველად არ ხდება ნაკრებში.
საინტერესოა, ასეთ უბრალო სათამაშო ეპიზოდებში რომ ფეხბურთელმა თავი უნდა ასწიოს და პარტნიორი დაინახოს, ესეც ვლადიმირ ვაისის სასწავლებელია? ესაა დეტალები, ერთი მოძრაობა და 2:0 გახდება ანგარიში, რაც მოგებასთან ძალიან მიგაახლოებს, თუმცა...
ოთარ კაკაბაძემაც ცუდად ითამაშა. ვერც შეტევაში ერთვებოდა, ვერც დაცვაში ივარგა. სამწუხაროდ, მარჯვენა მცველის პრობლემა გადაუჭრელი რჩება ჩვენს ნაკრებში. რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, გიორგი ნავალოვსკი ამჯერად შედარებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე წინა სანაკრებო მატჩებში, თუმცა ალტერნატივა მასაც სჭირდება.
როგორც ყოველთვის, ბევრი იმუშავა ჯაბა კანკავამ. პირველ ტაიმში თითქმის ყველაფერი გამოსდიოდათ ვაკო გვილიასა და ნიკა კვეკვესკირს. ეს ორნი მეორეშიც არ გარჯილან ცუდად, ოღონდ 1:2-ის შემდეგ მთლიანად გუნდი მოიშალა. ნაკრები თითქოს ცდილობდა შეტევას, მაგრამ იმდენად დუნედ და იმდენად უფანტაზიოდ, რომ ნახევარმომენტიც ვერ შექმნეს.
20 წუთი ითამაშა გიორგი არაბიძემ, თუმცა მაინცდამაინც არ ტვირთავდნენ პასებით და მეორეც, სერბებს თავიანთი თამაში უკვე დაჭერილი ჰქონდათ. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში სამი მომენტიდან ორი გოლად აქციეს... საერთოდაც, სამჯერ დაარტყეს კარის ჩარჩოში და სამივე გაიტანეს. შეეძლო თუ არა გადარჩენა გიორგი ლორიას? მხოლოდ გადარჩენა.. .კონკრეტულად მისი ბრალი არცერთი გოლი არ ყოფილა, ოღონდ სხვა სათამაშო ეპიზოდებში ცდებოდა. ერთხელ კინაღამ დასაჯეს კარიდან უდროოდ გამოსვლის გამო.
გავიდა შესარჩევი ციკლის ნახევარი და მხოლოდ ორი ქულა გვაქვს. გვაქებენ მეტოქეები, თამაშის მიხედვით მეტი უნდა გქონდეთო, მაგრამ დიდი ვერაფერი ნუგეშია...
საქართველო – სერბეთი 1:3 (1:1)
საქართველო: ლორია; კაკაბაძე (არაბიძე 70), კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი; გვილია (ჯიღაური 90), კვეკვესკირი, კანკავა; ყაზაიშვილი (ქვილითაია 83), კაჭარავა, ანანიძე
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
სერბეთი: სტოიკოვიჩი; ივანოვიჩი, მაქსიმოვიჩი, კოლაროვი; რუკავინა, მილოევიჩი, მატიჩი, ობრადოვიჩი (ვუკოევიჩი 46); ტადიჩი; კოსტიჩი (გაჩინოვიჩი 81), მიტროვიჩი (გუდელი 71)
მწვრთნელი: სლავოლიბ მუსლინი
გოლები: 1:0 კაჭარავა (5), 1:1 ტადიჩი (45, პენ), 1:2 მიტროვიჩი (65), 1:3 გაჩინოვიჩი (86)
გაფრთხილება: კანკავა (43), კაკაბაძე (45)
მსაჯი: ფელიქს ცვაიერი