ფეხბურთი

1:25 | 29.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი: გოლებიც, პასებიც, უთამაშებლობაც (+VIDEO)

მოსკოვის "სპარტაკმა" რუსულ პრემიერლიგაში მახაჩყალის "ანჟის" სტუმრად 2:0 სძლია. ჯანო ანანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ანარიშიც სწორედ მან გახსნა: ზე ლუიშის ბრწყინვალე პასის შემდეგ, ტექნიკურად დაურტყა მეკარეს დაბალ კუთხეში VIDEO. ჯანომ 75-ე წუთამდე ითამაშა და მთლიანობაში, საკმაოდ კარგი შთაბეჭდლებაც დატოვა. "სპარტაკი" ლიდერობს, 5 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს.

გიორგი ჭანტურიას "ურალმა" შინ 1:1 დაასრულა მატჩი ტულის "არსენალთან". ჭანტურია 64-ე წუთზე შეიყვანეს და კარგადაც ითამაშა ქართველმა: გოლიც მის ჩაწოდებას მოჰყვა და gazeta.ru-მ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა - მიუხედავად მინდორზე გატარებული მცირე დროისა. "ურალი" მეათე ადგილზეა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ "ურალიდან" გოლი ჩისამბა ლუნგუმ გაიტანა. ზამბიელი ნახევარმცველი ერთი პერიოდი ზუგდიდის "ბაიაში" თამაშობდა, შემდეგ აშკარად მოუმატა თამაშს და აფრიკის ჩემპიონიც გახდა.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში "ხიმნასტიკმა" გასვლაზე 1:1 ითამაშა "უესკასთან". ოთარ კაკაბაძე განაცხადში არ ყოფილა.

იგივე უნდა დავწეროთ ლუკა ჰუფნაგელზე. გერმანიის ბუნდესლიგის პირველ ტურში "ფრაიბურგმა" სტუმრად 1:2 წააგო "ჰერტასთან", ჰუფნაგელი კი 18-კაციან სიაში არ გახლდათ. სამაგიეროდ, ლუკამ დუბლებში ითამაშა და "შტუტგარტის" დუბლებთან (2:0) გოლის გატანა შესძლო.

ბელარუსის ჩემპიონატში ვაკო გვილიამ გაიტანა VIDEO. ბატე-მ 2:1 მოუგო "ბელშინას" და ქართველმა ნახევარმცველმა მე-2 წუთზე მოახერხა ანგარიშის გახსნა. ვაკომ 63-ე წუთამდე ითამაშა. ბატე პირველ ადგილზეა და თითქმის ჩემპიონია. ეს ქართველის მეორე გოლია ბატე-ს მაისურით. როგორც იცით, გვილია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული.

ნორვეგიაში გიორგი გოროზიას "სტაბეკმა" სტუმრად 1:1 ითამაშა "სოგნდალთან". გოროზია 69-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე. "სტაბეკი" ბოლოდან მესამე ადგილზეა, ლიგიდან კი სამი გუნდი ვარდება.

პორტუგალიის ჩემპიონატში გიორგი მაკარიძის "მორეირენსემ" შინ 0:1 წააგო "მარიტიმუსთან" და სამი ტურის შემდეგ, 4 ქულა აქვს. კარში მაკარიძე იდგა.

ფინეთის რანგით მეორე ლიგაში ირაკლი სირბილაძის "კოკოლამ" შინ 0:2 წააგო "გრიფკთან" და მეოთხე ადგილზე დარჩა. სირბილაძემ ბოლო ერთ თვეში სამჯერ დუბლი შეასრულა, თუმცა ამჯერად უგოლოდ დარჩა.

ჩეხეთში "სლავიამ" სტუმრად 1:3 წააგო მოქმედ ჩემპიონ "პლზენთან". ლევან ყენია ჯერ ვერ ითამაშებს - კუნთი აქვს დაზიანებული და შესაძლოა, რამდენიმე კვირა გაუცდეს. ეროვნულ ნაკრებშიც ავსტრიასთან მისი თამაში გამორიცხულია.

კვიპროსზე ირაკლი მაისურაძის "ერმისმა" 0:3 წააგო აპოელ-თან სტუმრად და ბოლო ადგილზეა: ორ ტურში ქულა არ აუღია.

ბოლოს მწვრთნელზეც: შოთა არველაძის გაწვრთნილმა თელ ავივის "მაკაბიმ" ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი ხომ გაინაღდა, ჩემპიონატშიც კარგად თამაშობდს და ორ ტურში ორი გამარჯვება აქვს. ამჯერად სტუმრად 2:1 მოუგო "აშდოდს".

0.174755