“ზუგდიდმა” ამხანაგური მატჩი გამართა კოსოვოს ჩემპიონ “ფერონიკელისთან” და 1:2 წააგო. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც გააკეთა განცხადება. აქვე, კოსოვოურ ფეხბურთზე და მათ სტატუსზე, უფლებებზე და ასე შემდეგ.
კოსოვოს ნაკრები 2010 წლიდან მართავს არაოფიციალურ ამხანაგურ მატჩებს, თუმცა იშვიათად. კლუბებიც ახერხებენ ამხანაგურებს, ოღონდ მხოლოდ იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებმაც კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს. სხვები, რომლებიც არ აღიარებენ კოსოვოს დამოუკიდებლობას, როგორც წესი, არ მართავენ მათ ნაკრებებთან ან კლუბებთან შეხვედრებს. ასე ვთქვათ, შემოთავაზების შემთხვევაშიც ერიდებიან.
საქართველო არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას. 193 სახელმწიფოდან 108 უჭერს მხარს კოსოვოს დამოუკიდებლობას და ამ 108-ს შორის საქართველო არაა.
სხვათა შორის, წლეულს 26 იანვარს მოხდა საინტერესო ფაქტი: კოსოვოს 21-წლამდელთა ნაკრები უკრაინის 21-წლამდელებს ეთამაშა ანტალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე და 0:2 წააგო. იქ კიდევ იყვნენ ალბანეთის, ბაჰრეინისა და საუდის არაბეთის ნაკრებები.
მხოლოდ აზერბაიჯანმა იუარა კოსოვოსთან თამაში. არც უკრაინა აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, თუმცა ეთამაშა მათ.
დღესდღეობით კოსოვოს საფეხბურთო სტატუსი ასეთია: მათი ფეხბურთის ფედერაცია უეფას წევრი არაა, ხოლო რაც შეეხება ფიფას, ამ ორგანიზაციაში არაფორმალურად შედის და პირობებში – მხოლოდ ამხანაგური მატჩი შეუძლია ჩაატაროს და ეკრძალება სტადიონზე ეროვნული გერბის გამოჩენა, ასევე, ჰიმნის შესრულება. ეს ვერდიქტი ფიფამ შარშან იანვარში გამოიტანა.
კოსოვო 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში ვერ ითამაშებს, არადა, 2 წლის წინ ამის იმედი ჰქონდათ. ფიფამ ნება არ დართოთ. უეფაც მარტში კონგრესზე იმსჯელებს კოსოვოს გაწევრიანებაზე.