პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ სახეობებში ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და ფინალისტები გაირკვნენ.
კალათბურთი (კაცები)
საფრანგეთის ნაკრებმა გერმანიას დაძაბულ ბრძოლაში 73:69 აჯობა და ერთ ნაბიჯშია ოქროს მედალთან. აშშ-ს ნაკრები თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში აგებდა სერბეთის ნაკრებთან, მაგრამ მატჩის გარდამტეხი მომენტი დიდებულად ჩაატარა და და საბოლოოდ, 95:91 მოიგო. შესაბამისად, ფინალში გავიდა, რომელიც 10 აგვისტოს გაიმართება. ოქროს მედლისთვის აშშ-საფრანგეთს შეხვდება, ბრინჯაოსთვის სერბეთი-გერმანიას.
ფრენბურთი (ქალები)
მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი აშშ ტიტულის დაცვას ეცდება. ამერიკელებმა ნახევარფინალში მძიმე ბრძოლაში მოუგეს ფავორიტად შერაცხულ ბრაზილიას 3:2. მეორე ფინალისტი კი იტალიის ნაკრებია. ქალებში, იტალიის ფრენბურთელთა გუნდი ისტორიაში პირველად გავიდა ოლიმპიადის ფინალში. იტალიამ თურქეთს მარტივად აჯობა 3:0 (სხვათა შორის, ჯგუფშიც ამ ანგარიშით აჯობა). ფინალი 11 აგვისტოს გაიმართება. ბრინჯაოს მედლისთვის ბრაზილია და თურქეთი შეხვდებიან.
წყალბურთი (ქალები)
დრამატული გამოდგა ქალთა წყალბურთის ორივე ნახევარფინალი, ორივე შემთხვევაში ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. ნიდერლანდების და ესპანეთის მატჩი 14:14 დასრულდა, პენალტებში კი ესპანელებმა 5:4 მოიგეს. ავსტრალია-აშშ-ს შეხვედრა 8:8 დასრულდა, პენალტებში ავსტრალიელები უფრო ზუსტნი იყვნენ - 6:5. ფინალში ესპანეთი ავსტრალიას დაუპირისპირდება, ბრინჯაოსთვის აშშ და ნიდერლანდები იბრძოლებენ.
ხელბურთი (ქალები)
ფინალში ითამაშებს მასპინძელი საფრანგეთი, რომელმაც შვედეთის ნაკრებს დამატებით დროში აჯობა. ძირითადი დრო 25:25 დასრულდა, დამატებით დროში კი, ფრანგები უკეთესები იყვნენ (6:3) და საბოლოოდ, 31:28 მოიგეს. მეორე ფინალისტი ნორვეგიაა, რომელმაც დანიის ნაკრებს 25:21 აჯობა. ამრიგად, 10 აგვისტოს, ოქროსთვის ნორვეგია და საფრანგეთი, ხოლო ბრინჯაოსთვის დანია და შვედეთი ითამაშებენ.
ფეხბურთი (კაცები)
ფეხბურთში ბრინჯაოს მედალი უკვე გათამაშდა. მაროკოს ნაკრებმა ეგვიპტის ნაკრები 6:0 გაანადგურა, ასე რომ, 2 წლის წინ მუნდიალზე მე-4 ადგილის შემდეგ მაროკოს ფეხბურთის ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა - ბრინჯაო ოლიმპიადაზე. ფინალი 9 აგვისტოს, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის გაიმართება.
ყველა ზემოხსენებული ტურნირის დარჩენილი მატჩების განრიგი:
კალათბურთი - კაცები
ბრინჯაოს მედლისთვის მატჩი, 10 აგვისტო: გერმანია - სერბეთი
ფინალი, 10 აგვისტო: საფრანგეთი - აშშ
კალათბურთი - ქალები
ნახევარფინალი, 9 აგვისტო: აშშ - ავსტრალია და საფრანგეთი - ბელგია
ფრენბურთი - კაცები
ბრინჯაოს მედლისთვის მატჩი, 9 აგვისტო: იტალია - აშშ
ფინალი, 10 აგვისტო: საფრანგეთი - პოლონეთი
ფრენბურთი - ქალები
ბრინჯაოს მედლისთვის მატჩი, 10 აგვისტო: ბრაზილია - თურქეთი
ფინალი, 11 აგვისტო: აშშ - იტალია
წყალბურთი - კაცები
ნახევარფინალი, 9 აგვისტო: სერბეთი - აშშ და უნგრეთი - ხორვატია
წყალბურთი - ქალები
ბრინჯაოს მედლისთვის მატჩი, 10 აგვისტო: აშშ - ნიდერლანდები
ფინალი, 10 აგვისტო: ავსტრალია - ესპანეთი
ხელბურთი - კაცები
ნახევარფინალი, 9 აგვისტო: გერმანია - ესპანეთი და სლოვენია - დანია
ხელბურთი - ქალები
ბრინჯაოს მედლისთვის მატჩი, 10 აგვისტო: დანია - შვედეთი
ფინალი, 10 აგვისტო: ნორვეგია - საფრანგეთი
ფეხბურთი - კაცები
ფინალი, 9 აგვისტო: საფრანგეთი - ესპანეთი
ფეხბურთი - ქალები
ბრინჯაოს მედლისთვის მატჩი, 9 აგვისტო: ესპანეთი - გერმანია
ფინალი, 10 აგვისტო: ბრაზილია - აშშ