პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად და საზეიმოდ 26 ივლისს გაიხსნება, მაგრამ საფეხბურთო ტურნირი დღეს უკვე დაიწყო და პირველი ტურის მატჩები უკვე გაიმართა.
ესპანეთის გამარჯვებასა და არგენტინის ნაკრების სკანდალურ მატჩზე უკვე დავწერეთ. ახლა სხვა მატჩებზე:
A ჯგუფში, მასპინძელმა საფრანგეთმა მეორე ტაიმში გატეხა აშშ-ს ნაკრები, რომელსაც მარსელის „ველოდრომზე“ სამი გოლი გაუტანა და ტიერი ანრის გუნდმა 3:0 მოიგო. ამავე ჯგუფში ახალმა ზელანდიამ 2:1 სძლია გვინეის ოლიმპიურ ნაკრებს.
B ჯგუფში მაროკომ არგენტინას 2:1 აჯობა, ხოლო მეორე თამაშიც სენსაციური ანგარიშით დასრულდა - ერაყმა უკრაინა დაამარცხა ასევე 2:1. C ჯგუფში ესპანეთმა 2:1 იმარჯვა უზბეკეთთან, ხოლო ეგვიპტისა და დომინიკის რესპუბლიკის დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.
D ჯგუფში იაპონიამ 5:0 გაანადგურა პარაგვაის ნაკრები, ხოლო ისრაელისა და მალის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მოგეხსენებათ, ისრაელი საქართველოსთან ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალში პენალტების სერიის მოგებით გავიდა ოლიმპიადაზე. ერთი წლის წინ ის მატჩი საქართველოს რომ მოეგო, ახლა ოლიმპიადაზე იქნებოდა...
მეორე ტურის მატჩები 27 ივლისს გაიმართება:
საფრანგეთი - გვინეა
ახალი ზელანდია - აშშ
უკრაინა - მაროკო
არგენტინა - ერაყი
დომინიკის რესპუბლიკა - ესპანეთი
უზბეკეთი - ეგვიპტე
იაპონია - მალი
ისრაელი - პარაგვაი