საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ხვიჩა კვარაცხელიას დორტმუნდის „ბორუსიაში“ შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი. სლოვაკი სპეციალისტი Championat-ს ესაუბრა, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაავრცელა ცნობა, რომ ხვიჩას მიმართ გერმანული გრანდი სერიოზულ ინტერესს იჩენს და მისი შეძენითაა დაინტერესებული.
ვაისის აზრით, კვარაცხელია „დორტმუნდში“ სათამაშოდ მზადაა, მაგრამ მთავარია როგორ განვითარდება მისი კარიერა, რადგან ასეთი ნიჭიერი მოთამაშეები საქართველოს ძალიან ბევრი ჰყოლია.
„კარგი ფეხბურთელები ყველაფრისთვის მზად არიან და ხვიჩა ძალიან კარგი ფეხბურთელია. „დორტმუნდში“ ტრანსფერი თუ განხორციელდება, ეს ძალიან კარგი იქნება, მისთვისაც და ყველასთვის. ჩემი აზრით, ხვიჩა 100%-ით მზად არის, რომ იქ ითამაშოს.
ასეთი მოთამაშეები საქართველოში ძალიან ბევრი იყვნენ. მნიშვნელოვანია, როგორ გააგრძელებს იგი თავის კარიერას, როგორ იმოქმედებენ მისი აგენტები და მწვრთნელები. ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია, ვარჯიშებზე ძალიან ყურადღებითაა. ახლა ის საუკეთესო რუსი მწვრთნელის და ჩემი მეგობრის, ლეონიდ სლუცკის ხელმძღვანელობით მუშაობს. კვარაცხელია კარგ ხელში და კლუბშია. მისი ნიჭი წარმოუდგენელია. დიახ, უყვარს ბურთის დაჭერა, მაგრამ უნდა გააგრძელოს ტაქტიკაზე მუშაობა და სხვა მნიშვნელოვანი რამეების სწავლა. თუმცა, წარმოუდგენლად ნიჭიერია და ღმერთის წყალობით აქვს იმის უნარი, რომ თამაშის შედეგი მარტომ გადაწყვიტოს“, - თქვა ვაისმა.
მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ საფეხბურთო აგენტმა თემურ ლეპსაიამ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ესპანური „სევილიას“ ინტერესის სფეროშია. ქართველ შემტევს „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული და Transfermarkt-ს მონაცემებით ის ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია, აღნიშული ვებგვერდის მონაცემებით მისი ფასი 7.5 მილიონი ევროა და გასულ სეზონში ის რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.
კვარაცხელიას მონაგარი მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 12 თამაშში 2 გოლი, 1 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია. ცნობისთვის, სხვა და სხვა ვებგვერდებზე მას 4 საგოლე გადაცემა უწერია, მაგრამ მასში მოპოვებული პენალტების რაოდენობაა მითვლილი... გარდა ამისა, ხვიჩამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სექტემბერსა და ოქტომბერში ოთხჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა და ერთხელაც პენალტი მოიპოვა.