ინტერვიუები

20:02 | 30.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ზვიად სიჭინავა – იმაზე, თუ რა ხდება სეზონის დაწყებამდე...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ეს შეხვედრები სათავეს მაისის ბოლოდან იღებს და მას შემდეგ, უკვე მეხუთედ შეიკრიბნენ. რა თქმა უნდა, სასაუბრო თემა მოახლოებული სეზონია – უმაღლესი ლიგის დაწყებამდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა.
“მსოფლიო სპორტი” ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას დაუკავშირდა და პრობლემატურ საკითხებზე ესაუბრა – საწევროს გადახდაზე, სტადიონების უკმარისობაზე... მათ შორის, “ზესტაფონის” თემაზეც:
-    დღეს მორიგი, მეხუთე შეხვედრა გაიმართა კლუბების პრეზიდენტებთან. საუბარი იყო სტადიონების მდგომარეობაზე, საწევრო თანხის შემოტანაზე. ამ მომენტისთვის სამ კლუბს არ აქვს თანხა შემოტანილი: “ზესტაფონს”, “მეტალურგსა” და “მერანს”.
-    როდისაა ბოლო ვადა?
-    1 აგვისტოს საღამომდე.
-    და რომ ვერ მოასწრონ?
-    მაშინ ისინი არ დაიშვებიან უმაღლეს ლიგაში. შესაბამისად, არიან კლუბები, რომლებიც ამ სიტუაციაში ჩაენაცვლებიან მათ უმაღლეს ლიგაში: 1. “გურია”, 2. “სპარტაკი”, 3. “გაგრა”. ეს დებულებითაა, რომ თუ გუნდი საწევროს ვერ გადაიხდის, უმაღლესში არ დაიშვება. თავად კლუბების სურვილიც, როცა შეხვედრები იმართებოდა, ასეთი იყო. მათ სურდათ, რომ ჩემპიონატში ეთამაშათ მხოლოდ გამართულ გუნდებს. თუმცა, არა მგონია, საქმე იქამდე მივიდეს, რომ თანხა ვერ შემოიტანონ. იმედია, ამ მხრივ პრობლემა არ იქნება.
-    ისე, გავრცელდა ხმები, თითქოს “ზესტაფონი” პირველ ლიგაში დაქვეითებას აპირებს.
-    არა, ამაზე საუბარი არ ყოფილა. ჩემპიონ გუნდს რა უნდა პირველ ლიგაში... იმედია, 1 აგვისტოს საღამომდე გადარიცხავენ თანხას.
-    რა სიტუაციაა სტადიონების მხრივ? მაგალითად, სად ითამაშებს მარტვილის “მერანი”?
-    როგორც ვთქვი, უკვე მეხუთე შეხვედრა შედგა, მეექვსე კი 6 აგვისტოს გაიმართება. ფედერაციის კომისია ადგილზე შეამოწმებს სტადიონებს და გადაწყვეტს, თუ სად შეიძლება თამაში და სად – არა. “ტორპედომ” და “ზესტაფონმა” განაცხადეს, მზად ვართ, “მერანს” სტადიონი დავუთმოთ და საშინაო მატჩები ჩვენთან ჩაატაროსო. ბოლნისის სტადიონის მდგომარეობაზეც: ჯერ კიდევ შესასწავლია და თუ ბოლნისში ვერ მოხერხდა თამაში, “სიონი” საშინაო შეხვედრებს “მიხეილ მესხზე”, რუსთავის “ფოლადზე”, ან “ბასაზე” გამართავს. ეს ჩემი ახირება არაა: კლუბების სურვილი იყო, რომ ჩემპიონატში მათ მიეღოთ მონაწილეობა, რომლებსაც ფინანსური სიტუაცია დალაგებული ექნებათ და ასევე, ყველას სურვილია, რომ თამაშები უხარისხო მინდვრებზე არ გაიმართოს.

აქვე, ლევან კვარაცხელიასთვის მსაჯობის აკრძალვის თემაზე.
“ლევან კვარაცხელიამ ნორმატივები ვერ ჩააბარა, რადგან ტრავმა ჰქონდა. როგორც კი ჩააბარებს, იმ დღიდან შეეძლება მსაჯობა”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებლების განყოფილბის უფროსმა ლევან ფანიაშვილმა.
გეცოდინებათ, კვარაცხელიამ 26 მაისს “დილა”-“ზესტაფონის” (4:1) საქართველოს თასის ფინალი იმსაჯა და ამ შეხვედრაში მის მოქმედებებს დიდი რეზონანსი მოჰყვა. ფანიაშვილმა გვითხრა, რომ კვარაცხელია აგვისტოს შუა რიცხვებში ეცდება ნორმატივების ჩაბარებას, მანამდე კი ვერ იმსაჯებს.
“20 ივლისს იყო ტესტირება და კვარაცხელიას გარდა, კიდევ რამდენიმემ ვერ ჩააბარა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მერე შეუძლიათ გადაბარება. ყოველ შემთხვევაში, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, თითქოს მას მსაჯობა ზოგადად აუკრძალეს”.
ჩვენ ზვიად სიჭინავასთანაც გადავამოწმეთ ინფორმაცია, რადგან სფფ-ის ხელმძღვანელობას აქვს უფლება, ფანიაშვილისგან დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ მსაჯობის უფლების ჩამორთმევაზე.
სიჭინავამაც იგივე გვითხრა, რაც ფანიაშვილმა – კვარაცხელია მხოლოდ ნორმატივების ჩაბარებამდე ვერ იმსაჯებსო.
 


ილია ნანობაშვილი


 

0.119617