ინტერვიუები

21:25 | 24.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ზვიად სიჭინავა: “დიახ, ჩვენ და აზერბაიჯანი ერთად მოვემზადებით ევრო-2020-ის მასპინძლობისთვის”

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს ევრო-2020-ის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი შეაქვთ, სიმართლეს შეეფერება. “მსოფლიო სპორტი” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას დაუკავშირდა, რომელიც ბუდაპეშტში მიმდინარე უეფას კონგრესზე არ იმყოფება. იქ ქართულ მხარეს, გენერალური მდივანი რევაზ არველაძე წარმოადგენს.
-    დღეს გავრცელდა ცნობა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ - ერთობლივი განაცხადი შეაქვთ ევრო-2020-ის მასპინძლობაზე.
-    დიახ, ასეა. შეთანხმება მიღწეულია. ვფიქრობ, შეგვიძლია, ერთად მოვაწყოთ სამუშაოები და ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის რეალური შანსი გვქონდეს.
-    საქართველოს უკვე შეტანილი აქვს განაცხადი. და ახლა როგორ მოხდება – ეს განაცხადი ანულირდება და საქართველო-აზერბაიჯანი ერთობლივად შეიტანენ?
-    არა, მაგის ანულირება როგორ შეიძლება. ჩვენ შეტანილი გვაქვს და კვოტას აზერბაიჯანიც დაემატება.    

 

როგორც იცით, თავის დროზე აზერბაიჯანმა უარი თქვა საქართველოსთან ერთად განაცხადის შეტანაზე. აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა როვგან აბდულაევმა განმარტა, რომ ბაქოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობა სურდა და განაცხადიც შეტანილი ჰქონდა, თუმცა დღეს დილით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ბაქო (და დოჰაც) სიიდან ამოშალა. ამიტომაც, აზერბაიჯანული მხარე მარტივად მოქმედებს: ოლიმპიადა თუ არა, მაშინ, საქართველოსთან ერთად 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა.


ილია ნანობაშვილი

0.114499