საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ზვიად სიჭინავა სრული ერთი წელია მუშაობს. მასთან “მსოფლიო სპორტის” სტუმრობა, მიზნად სწორედ განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის მისეული შეფასების მოსმენას ისახავდა. თუმცა, საკმაოდ ხანგრძლივი ინტერვიუ იმ პროექტზე საუბრით დაიწყო, რომლის განხორციელებას სფფ-ის თავკაცი არ აპირებს.
მოგეხსენებათ, გავრცელდა ინფორმაცია 2011 წლის 9 თებერვალს, თბილისში ეროვნულ ნაკრებთა დონეზე საერთაშორისო მატჩის ჩასატარებლად არგენტინელთა შესაძლო ჩამოსვლის შესახებ. ზვიად სიჭინავასთან საუბარი სწორედ ამ ხმაურიანი პროექტის დეტალების დაკონკრეტებით დაიწყო.
- ბატონო ზვიად, დავიწყოთ იმით, რომ არგენტინის ნაკრების მასპინძლობა, საკმაოდ ხმაურიან გამოწვევად ჩანს.
- გამორიცხულია არგენტინის ჩამოსვლა იმ პირობებით, რაც სამხრეთამერიკული ფედერაციის შესაბამისმა წარმომადგენელმა წამოაყენა. პირველი ის, რომ მილიონ 200 ათას ევროს ითხოვს სტუმარი მხარე, მეორე - ითხოვენ დელეგაციის 45 წევრის ბიზნეს-კლასის რეისით ჩამოყვანას, მესამე - სტადიონზე, სადაც მატჩი ჩატარდება, სურთ 18 სარეკლამო ბილბორდის განთავსება და კიდევ, თუ კი ვინმე გამოთქვამს მატჩის ტელეტრანსლაციის სურვილს, ნებისმიერი შემოსული თანხა არგენტინის უნდა იყოს.
- თქვენ ალბათ უკვე ყველაფერი დაიანგარიშეთ მთლიანად რა ეღირება საქართველოს მიერ არგენტინის ნაკრების მასპინძლობა და უარსაც იმიტომ ეუბნებით, რომ ამ ყველაფრის დამფინანსებელი სპონსორის გამონახვა გაგიჭირდებათ.
- არგენტინიდან ბიზნეს-კლასის რეისით ერთი კაცის ჩამოყვანა, მინიმუმ 8000 ევრო დაჯდება. ჯერ მარტო 45-VIP-იანი თვითმფრინავი რა “სიამოვნებაა” ხომ წარმოგიდგენიათ. ესეც რომ არ გაითვალისწინო, თავად ის გარემოება, რომ სპონსორისთვის სატელევიზიო რეკლამის შეთავაზებაც არ შეგიძლია, ასევე ბილბორდების განთავსების უფლებასაც არ გიტოვებენ, პროექტს თავიდანვე წამგებიანს ხდის. კი, ეროვნულ სტადიონზე სულ 40 ბილბორდი შეიძლება განთავსდეს, მაგრამ ისინი ყველაზე ხილვად ადგილებს ითხოვენ.
- მუშა პროცესი არ მიმდინარეობს, იქნებ რაიმე დათმობებზე მოდიან?
- დავიწყეთ მოლაპარაკებები, მაგრამ მაშინ ისინი სამატჩო ჰონორარს ზრდიან. ჩემი აზრით, საქართველოში არც ღირს ასეთი პროექტის დაფინანსებაზე საუბარი, ასეთ შემოთავაზებებს ხშირად აკეთებენ გერმანია, ბრაზილია, ესპანეთი, არგენტინა. ეს ქვეყნები ამ აქციებით ფულს აკეთებენ.
დღეს, იმის გარანტია მაინც რომ მქონდეს, ერთი ბილეთი 40 ევროდ გაიყიდება, მაშინ კიდევ შეიძლება მოკიდო ამ პროექტს ხელი და გეცოდინება, რომ მინუსში წახვალ, მაგრამ არც ისე დიდში. მაგრამ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოში 50 ათასი ცალი 100-ლარიანი ბილეთი გაიყიდოს? ეს ხომ გამორიცხულია.
- მესმის თქვენი - სპონსორი ფედერაციას არ ჰყავს და შესაბამისად ეროვნულ ნაკრებს. ამ ფონზე, ისიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ არგენტინის პირველი ნაკრების ჩამოყვანაზე იფიქროს რომელიმე მეცენატმა.
- რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან მქონდა მოლაპარაკება ფედერაციის სპონსორობის თაობაზე, მაგრამ ინტერესი თითქმის არაა. გუშინ მორიგი შეხვედრა გვქონდა კომპანია “სოკართან”, რომელსაც დღეს მივაწოდეთ ჩვენი შეთავაზებების სრული პაკეტი და ველოდებით, რა პასუხს მივიღებთ.
სამწუხარო რეალობაა - დღეს პრაქტიკულად არავის აქვს სურვილი, რომ გვერდით დაუდგეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. საწყენად ნურავინ მიიღებს, მაგრამ 3-5 ათასის შემომთავაზებელ სპონსორთან საქმის დაკავება, მარტო ელემენტარული მათემატიკის გამო არაა ჩვენთვის მიზანშეწონილი.
დავუშვათ, 100 მცირე სპონსორისაგან წელიწადში მილიონი დავაგროვე. თითო სპონსორი ნაკრების ყოველ თამაშზე მინიმუმ 50 ბილეთს მაინც მოითხოვს, თან ყველა ეს ადგილი ვიპ-ლოჟაში უნდა მისცე; მათი მოთხოვნა იქნება რეკლამების განთავსება სტადიონზე, ბილეთებზე, ბაზებზე, სატრანსპორტო საშუალებებზე და თუ იქეთ წავაგე, როცა სპონსორის მოზიდვით მე უნდა ვისარგებლო, ეს როგორი მენეჯმენტია?
თუ ასე უნდათ, რომ ქართულ ფეხბურთს დაეხმარონ, არსებობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფონდი და შეუძლიათ რისი საშუალებაც აქვთ, იქ შეიტანონ თანხა საჩუქრად. ეს და სპონსორობა ხომ სხვადასხვაა? საქართველოში თავის გამოჩენა უფრო უნდათ, რომელშიც მხოლოდ 30 თეთრის გადახდა უნდათ და სამაგიეროდ მილიონიანი სარეკლამო პროექტის მიღება სურთ.
- ე.ი. ამ სეგმენტში სრული უიმედობა გაქვთ.
- აქ ბანალური ფრაზა მინდა ვთქვა - დრონი მეფობენ და არა მეფენი. დაველოდებით და მჯერა ინტერესი აუცილებლად გაჩნდება. ერთადერთი კომპანია, ვინც უანგაროდ ეხმარება ქართულ ფეხბურთს, არის “ქართუ”. იგი ძალიან დიდ საქმეს უკეთებს ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც დიღომში საწვრთნელ ბაზას უმზადებს. მე ვთვლი, რომ სულ მალე ჩვენს ნაკრებს მაღალი დონის ევროპული ბაზა ექნება, რისთვისაც ყველანი დიდად ვემადლიერებით ამ დიდი ეროვნული საქმის მკეთებელ ადამიანს.
მერწმუნეთ, ამ კომპანიას არაფერი უთხოვია სანაცვლოდ - ან ბილბორდების განთავსება, ან სადმე მისი დასახელება. ეს პიროვნება ქართულ ფეხბურთში ისედაც საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ახორციელებს - მოგეხსენებათ, საჩხერეს “ჩიხურას” სწორედ ის აფინანსებს. სამწუხაროდ, ასეთი სპონსორი მხოლოდ ერთი ჩანს, თუმცა, ისევ იმედს გამოვთქვამ, რომ ისინი როდესმე აუცილებლად გამოჩნდებიან.
- ერთხელაც მივუბრუნდეთ არგენტინულ პროექტს. ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რამდენიმე ისეთი მრავალმილიონიანი მუსიკალური პროექტი აქვს დაფინანსებული, ალბათ მსოფლიო ვარსკვლავებით დაკომპლექტებული საფეხბურთო ნაკრების ჩამოყვანაზე არ იტყოდა უარს. გააცანით მათ ამ პროექტის დეტალები ან მომავალში თუ აპირებთ?
- დამიჯერეთ, ჩემს თავს არ მივცემ უფლებას, რომ კომერციული პროექტი როდესმე შევთავაზო სახელმწიფოს. მიმაჩნია, რომ ასეთი ღონისძიების განხორციელება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ფედერაციას არ გააჩნია ვალი და აქვს საკუთარი თანხა, რომლის მოხმარება შეუძლია ასეთ პროექტებში. როგორც ზემოთ ვთქვი, ეს პროექტი თავიდანვე წამგებიანია და ჩემს მერე ამ პოსტზე მოსულსაც არ ვურჩევ, რომ ანალოგიურ მინუსიან პროექტში თანხა ჩადოს.
- დავუშვათ, ხელისუფლებამ გამოთქვა ამ პროექტის დაფინანსების სურვილი. უარს ეტყვით?
- არა, უარს არ ვეტყვი, მაგრამ ინიციატივა ჩემგან არასდროს არ წამოვა.
- როცა ფეხბურთის ფედერაციის გაწეულ მუშაობაზე საუბრობთ, ხშირად გიწევთ იმის ხსენება, რომ დაგხვდათ 18 მილიონი ლარის ოდენობით ვალი და დღესაც მის დაფარვას უნდებით. საინტერესოა, კიდევ რამდენი დაგრჩათ ვალი და რა სახსრებით შეძელით მისი შემცირება?
- უეფას, ფიფას თანხებით, ნაკრების მიერ ჩატარებული მატჩებიდან შემოსავლებით, ურთიერთმოლაპარაკება, ბარტერი და კიდევ ბევრი სხვა საშუალებით. თუ “ინფრონტს” შემიძლია ის დაგროვილი ვალი ჩამოვაწერიო, საერთაშორისო მატჩისას სტადიონზე განთავსებული რეკლამებით, ასეთ ბარტერს ბანკს ვერ შევთავაზებ.
იცით, უმეტეს შემთხვევაში როგორც წარმოიშვა ეს ვალები? აი, ნაკრებს აქვს მატჩი, მაგრამ მისი უცხოური შეკრება რომ დაეფინანსებინათ, საკმარისი ოდენობის თანხა არ ჰქონდათ. ადგნენ, აიღეს სესხი და გუნდი გაუშვეს სათამაშოდ.
ასევე შემიძლია მოვიქცე არგენტინაზე. რა პრობლემაა, ნებისმიერი ბანკი მომცემს სესხს თუ მივმართავ ხომ? დამრჩება არგენტინა ჩამოყვანილი და ვალი გადასახდელი - სწორი მენეჯმენტი იქნება?
ჩემი პრინციპი ასეთია - ხვალ მანქანით გადასაადგილებელი ბენზინის თანხა რომ არ მქონდეს, მე ამ ფულს ვალად არ ავიღებ. ყველას ასე მუშაობას ვუსურვებ, რადგან თუ ფეხბურთის ვარსკვლავების ჩამოყვანის მერე დაფარჩაკებული და განადგურებული ფედერაცია დამრჩა, ბოლოს გულშემატკივრები უკან ხომ მომიბრუნდებიან - ფული თუ არ გქონდა, ვალს რატომ იღებდიო?
- წასვლა ახსენეთ და ზუსტად როდის გადის თქვენი უფლებამოსილების ვადა?
- 2011 წელს - იანვრიდან დეკემბრამდე.
- გასაგებია, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როდის დანიშნავს ფედერაცია ყრილობას.
- მართალი ხართ.
- ხომ არ იცით, როდის აპირებს ფედერაცია ყრილობის დანიშვნას?
- მე მგონი მაისამდე დროში ჩავეტევით.
- თქვენც დეკემბრამდე მოგეცადათ, ეროვნული ნაკრების სრული შესარჩევი ციკლის შეჯამებასაც შეძლებთ.
- რატომ გადავდო დეკემბრამდე, როცა გაზახულზეც შეიძლება მოვილიო ყველაფერი.
- რაღაც ისე ამბობთ, ამ პოსტზე დარჩენის სურვილი არ გქონდეთ.
- იცით, თქვენი ვებ-გვერდის ფორუმის მეშვეობით ვიტყობ, თურმე არაფერი გამიკეთებია და არ მინდა იმ ხალხს, რომელიც ვერაფერს იგებს და მასწავლის როგორ უნდა ვიარო, “ტვირთად დავაწვე”.
- მთლად რაღაცით უკმაყოფილოთა აზრსაც ნუ დაეყრდნობით გადაწყვეტილების მიღებისას. ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე თქვენი მოსვლიდან დღემდე, რომელი პოზიტიური მოვლენის გახსენება შეგიძლიათ?
- ძალიან ბევრი იქნება. პირველი ის, რომ ფედერაციას მანამდე არსებული ვალის 70% აღარ აქვს და 2011-ში საერთოდ არ ექნება; დღეს ფედერაციის ბალანსზეა შესანიშნავი საწვრთნელი ბაზა; მცხეთაში, უახლოეს ერთ კვირაში დამთავრდება თბილისის “ვიტ ჯორჯიას” სტადიონის მშენებლობა; ჩაბარდა და უეფასაგან უკვე მიიღო 2 ვარსკვლავი რუსთავის “ოლიმპის” ხელოვნურსაფარიანმა სტადიონმა; სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ქუთაისის ცენტრალურ საფეხბურთო არენას; ქუთაისის “ტორპედო” ჩაიბარა კერძო სპონსორმა, კომპანია “ვისოლმა”; გადაწყდა ფეხბურთის მოთამაშე ბავშვთა ლიცენზირებისა და პასპორტიზაციის საკითხი; ხორციელდება საფეხბურთო სკოლების ლიცენზირების პროცესი და იმედი მაქვს, რომ მომავალი მაისიდან მშობელს არჩევანის საშუალება მიეცემა - რომელ მწვრთნელთან, რომელ სკოლაში მიიყვანოს ბავშვი სავარჯიშოდ; შეიქმნა სამსაჯო და იურიდიული კომიტეტები, რომლებიც აქამდე ფედერაციაში არ არსებობდა; მშვენიერი რემონტი გაკეთდა თვით ფედერაციის შენობაში; გავარემონტეთ და დავიბრუნეთ ყველა ის ტრანსპორტი, რომლებიც კერძო პირებს ჰყავდათ ექსპლუატაციაში და ამჟამად ფედერაციის ბალანსზეა; გადაწყდა და ფედერაციას გაუჩნდა საკუთარი სტადიონი.
- ალბათ საუბარია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ყველა იურიდიული პროცედურა დასრულებულია?
- დარჩა ხელის მოწერის ფორმალური მხარე. ამ სტადიონზე ყველაფერს უეფა გააკეთებს. 15 დეკემბერს ველოდებით უეფას ვიცე-პრეზიდენტისა და აღმასკომის წევრის ვიზიტს. ისინი ადგილზე, კომისიასთან ერთად შეისწავლიან ობიექტს და მომავალი წლიდან დაიწყებენ ამ პროექტის დაფინანსებას.
- მტკივნეული თემაა ეროვნულ ჩემპიონატზე მოასპარეზე კლუბებისთვის კერძო სპონსორის მოძიების საკითხი. დღემდე თქვენი სახელი ასოცირდება საფეხბურთო კლუბ “ბაიასთან”, რომელიც უმაღლესი ლიგის იმ სამ გუნდს შორისაა, რომლებსაც დღემდე არ გამოუჩნდათ ფულიანი პატრონი.
- არის საფეხბურთო სკოლა “ბაია ზუგდიდი”, რომლის მეპატრონე მე გახლავართ და შპს “საფეხბურთო კლუბი “მგლები”. დღეისათვის რომელი გუნდიც თამაშობს უმაღლეს ლიგაში, ის იურიდიულად შპს “საფეხბურთო კლუბი “მგლებია”, მაგრამ გამოდის “ბაიას” სახელით. როცა ასეთი შეთანხმება ხდებოდა, ითქვა, რომ 50-ათასიან ზუგდიდს ორი გუნდი ვერ ეყოლებოდა უმაღლეს ლიგაში და გადაწყდა მისთვის “ბაიას” დარქმევა იმის გათვალისწინებით, რომ მათ გამოიყენეს საფეხბურთო სკოლის მფლობელობაში მყოფი ბაზა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.
- რაშიც კლუბი სკოლას ალბათ გარკვეულ თანხასაც უხდის.
- დიახ. ახლა მე ვფიქრობ, რომ იმ საფეხბურთო კლუბის გარკვეული პროცენტი წამოვიღო, რათა ზემოთ ნახსენები ქონების სარგებლობისთვის ფული არ გადამიხადონ. ბაზის, ტრანსპორტისა და სხვა ქონებით სარგებლობა, იქნება როგორც ინვესტიცია.
- ე.ი. თქვენ პრაქტიკულად უკვე ხართ უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ამ საფეხბურთო კლუბის თანამფლობელი.
- როცა შეთანხმება მოხდება, რაღაც გარკვეული ნაწილის მფლობელი ნამდვილად ვიქნები. ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ კლუბს, რაშიც აქამდე თანხას იხდიდა, ის ხარჯი ტვირთად აღარ დააწვეს.
- ასე მჭიდრო კონტაქტები გაქვთ “ბაიასთან” და მთხოვნელი როგორ ვერ გამოუჩინეთ?
- შესაძლოა, ვიდრე პრეზიდენტის პოსტზე მოვიდოდი, ჩემთვის ყოფილიყო სხვაობა “ბაიასა” და სხვა ქართულ კლუბებს შორის, მაგრამ ახლანდელი თანამდებობა ჩემგან ითხოვს, რომ ჯერ იყოს ყველა სხვა და ბოლოს - “ბაია”.
- საინტერესოა გასული საფეხბურთო სეზონის თქვენეული შეფასება სანაკრებო დონეზე.
- კმაყოფილი ვარ თემურ ქეცბაიასი, რომელსაც ჯერ ნაკრების მწვრთნელის პოსტზე თამაში არ წაუგია და იმედი მაქვს, წლის ბოლომდეც არ წააგებს. ძალიან კმაყოფილი ვარ ოთარ გაბელიასი, რომლის გაწვრთნილმა 21-წლამდელთა ნაკრებმა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოიპოვა 15 ქულა შესარჩევ ციკლში. სომხეთთან ბოლო თამაშში დასანანმა მარცხმა ყველას გული დაგვწყვიტა, მაგრამ გავიმეორებ, რომ საბოლოოდ მაინც კმაყოფილი დავრჩი; 19-წლამდელებმა პორტუგალიაში კარგი სტარტი აიღეს, მაგრამ ვოვა გუცაევის გუნდმა ცუდად დაამთავრა ის ტურნირი.
რაც შეეხებათ უმცროსებს. მათგან შარშან გიორგი დევდარიანის 17-წლამდელები გავიდნენ ელიტ-რაუნდში, ჩვენ ამ მწვრთნელის ყველა მოთხოვნა შევასრულეთ - იყო 8-კვირიანი, 2-კვირიანი, 3-კვირიანი შეკრებები, ამხანაგური თამაშები, მაგრამ სამწუხაროდ, სასურველი შედეგი ვერ აჩვენა და ყველაფერი “წყალში ჩაყარა”. დღეს ამ ასაკის ბავშვებს უკვე კობა ჟორჟიკაშვილი წვრთნის, რომელმაც კვლავ გაგვახარა ელიტ-რაუნდში გასვლით და რომაელების თქმის არ იყოს - ეს ომი მოვიგეთ, მოვემზადოთ მეორე ომისთვის.
კარგად ითამაშა ნოდარ აკობიას 13-წლამდელების ნაკრებმა; მშვენიერი სეზონი ჰქონდა გელა შეყილაძის გუნდს, რომელმაც ამერიკაში და იბიცაზე კარგი შედეგები აჩვენა; ცოტათი ცუდი შედეგი ჰქონდა ვასიკო მაისურაძის 16-წლიანთა ნაკრებს.
- საინტერესოა “საკვანძო” 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელთა სამომავლო ბედი. მათ კონტრაქტის ვადა უკვე გასდით, ფედერაცია ისევ მათ გაუგრძელებს კონტრაქტს, თუ ცვლილებებს უნდა ველოდეთ?
- ფედერაციაში ახალი პროექტების შემუშავების და განხორციელების ტენდენცია გვაქვს და იგი ნაკრების მწვრთნელებსაც შეეხება. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ - არ ვიცი ფეხბურთი და ფეხბურთში არ ვერევი. მე გამაკეთებინეთ ფული, ბიზნესი და ამ ყველაფრის მართვა.
თემურ ქეცბაიასთან შეთანხმებით, დანიშნული გვაქვს შეხვედრა ყველა მწვრთნელთან. ამ შეხვედრაზე ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი მათ გააცნობს მის პროგრამას, რომელიც აბსოლუტურად ყველა ასაკობრივი ნაკრების წვრთნის მეთოდებს განსაზღვრავს. მისი ფიზმომზადების მწვრთნელი მიხალის მიხალიდისი, მისი განხრით მოამზადებს ყველა ამ ნაკრებს. ყველაფერ ამას კონტროლს გაუწევს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი სოსო ჭედია. მამუკა აბუსერიძე კურირებას გაუწევს მეკარეების მწვრთნელებს.
ჩვენ თემურთან ერთად ჩამოვყალიბდით იმაში, რომ შეიქმნას სანაკრებო მწვრთნელთა ერთიანი სისტემა. ვინ დარჩება ამა თუ იმ ნაკრების თავკაცი და ვინ სახლში წავა, ამას გადაწყვეტს უკვე თემურ ქეცბაია.
- სხვათა შორის, როცა თბილისის “დინამოს” მწვრთნელის პოსტი კახა კაჭარავამ დატოვა, გაჩნდა მოსაზრება, რომ იგი რომელიმე ასაკობრივი ნაკრებს ჩადგომოდა სათავეში.
- მე და ქეცბაია შევხვდით კაჭარავას. თემურმა მართლაც შესთავაზა მას, რომ იფიქროს ერთ-ერთი ნაკრების მთავარ მწვრთნელად ან ასისტენტად მუშაობაზე. მას კაჭარავას გამოცდილების გამოყენება სწორედ სელექციის განხრით სურს. ვნახოთ, რა გამოვა - კაჭარავას მიეცა დრო იმისთვის, რომ მან საქართველოში მოთამაშე სანაკრებო ფეხბურთელებზე დაკვირვების მხრივ გააკეთოს აქცენტი.
- დასასრულს, მინდა პროფლიგასთან ფედერაციის თანამშრომლობაზე გკითხოთ. პოსტზე მოსვლისას, როცა გაეცანით ამ ორგანიზაციის მუშაობას, უკმაყოფილების გარკვეული დოზა შეინიშნებოდა თქვენს გამოსვლებში. ახლა რა ხდება - კმაყოფილი ხართ ამ ერთი წლის განმავლობაში ერთობლივი მუშაობით?
- პფლ-შიცაა რაღაც პრობლემები, რომლებსაც გია ფირცხალავასთან და იქ მომუშავე მთლიან გუნდთან ერთად ვაგვარებთ. ვცდილობთ, მოვიგონოთ ახალი სქემა და პროექტი, რომელიც გაუადვილებს ასპარეზობას უმაღლესი, პირველი და ჭაბუკთა ლიგების გუნდებს. ჯერ ბოლომდე არ ვართ ჩამოყალიბებული და ვინაიდან უფრო იმ პროექტებზე საუბარი მჩვევია, რომლებიც უკვე განხორციელებულია, მოდით, რის გაკეთებასაც იანვრიდან ვაპირებთ, ჯერ ნუ მკითხავთ.
- ე.ი. ახალი წლიდან ცვლილებები იგეგმება.
- დიახ, ბევრი რაღაც შეიცვლება ეროვნულ ჩემპიონატში და ვფიქრობ, უკეთესობისაკენ. ამას გპირდებით, გუნდების რაოდენობა უმაღლეს ლიგაში არ შეიცვლება. პირიქით, მასში მონაწილე გუნდების გაძლიერებაზე უნდა ვიფიქროთ, ვიდრე დავამატოთ გუნდები და მათი ფულიანი პატრონების ძებნას მოვანდომოთ ძალა და ენერგია.
- არის თუ არა იმის საშიშროება, რომ უსპონსორო გუნდები, რომლებიც ნასესხები თანხით დადიან გასვლითი მატჩების ჩასატარებლად, მიმდინარე ჩემპიონატს მიმდინარეობისას გამოაკლდნენ.
- დიდი იმედი მაქვს, რომ ეროვნული ჩემპიონატი არ ჩაიშლება და იგი ზუსტად იმ კლუბებით დამთავრდება, რომლებმაც დაიწყეს - ამისათვის პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ.
ესაუბრა ფრიდონ კერვალიშვილი