ფეხბურთი

15:52 | 30.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზვიად ლობჯანიძე – ბოლნისელთა წლევანდელი “ჯოკერი”

ვინც ამ სეზონში ბოლნისის “სიონის” ერთ-ორ მატჩს მაინც დაესწრო, თვალში აუცილებლად მოხვდებოდა 27 ნომერი. მარჯვენა ნახევარმცველი ზვიად ლობჯანიძე წლევანდელ შეხვედრებში აშკარად გამორჩეულია და ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა – რაც ზედა ექვსეულის მატჩები დაიწყო, ამდენი მხოლოდ ოთარ მარცვალაძეს აქვს გატანილი.

“მსოფლიო სპორტი” 24 წლის ზვიად ლობჯანიძეს ესაუბრა:

-       შარშანწინ ცხინვალის “სპარტაკში” ირიცხებოდით, შარშან რუსთავის “მეტალურგში”, თუმცა “სიონში” უკეთ ათამაშდით და შეიძლება ითქვას, პირველ კარგ სეზონს ატარებთ. პროგრესი რის ხარჯზე?

-       უპირველესად, მწვრთნელისგან ნდობის გამო. ლადო ბურდული მენდო და მეც თავდაჯერება ვიგრძენი. ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ თამაშს ვუმატებ.

-       როგორც ვიცით, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში არასოდეს გითამაშიათ.

-       დიახ. თბილისის “დინამოს” აკადემიაში ვიყავი, შემდეგ “დინამოს” დუბლებში, ტრავმაც დაერთო. რაც მთავარია, ახლა ყველაფერი კარგად მიდის და პროგრესი უნდა გავაგრძელო.

-       თქვენი გატანილი გოლებიდან უფრო რომელს გამოარჩევთ?

-       გასულ ტურში “ჩიხურასთან” გადამწყვეტ გოლს. ამ შეხვედრაში დუბლი მივითვალე, მაგრამ მეორე გოლი ბოლო წუთებზე გავიტანე და გადამწყვეტი გამოდგა. 3:2 მოვიგეთ. თან, კარგი გოლი გამოვიდა: საჯარიმოს გარეთ მივიღე ბურთი, წავიღე, გიორგი ადამიას გავუთამაშე, ერთ კაცს გავცდი, შევედი საჯარიმოში და შემდეგ დავარტყი.

-       “სიონმა” ზედიზედ 6 მატჩი მოიგო და ზედა ექვსეულში ქულა არ დაუკარგავს. ასეთ შედეგს არავინ ელოდა...

-       კარგი ტაქტიკური ვარჯიშები გვაქვს. შესაძლოა, მრავალფეროვანი არაა ჩვენი ტაქტიკა, მაგრამ პლუსებს მაქსიმალურად ვიყენებთ. თუნდაც, საჯარიმოებისა და კუთხურების მშვენივრად გამოყენება ავიღოთ. ბევრი გოლი ასე გაგვაქვს. “სიონი” შეკრული გუნდია, ყველამ იცის თავისი საქმე და ვისაც არ უნდა ვხვდებოდეთ, თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძვით. გუნდი თავდაჯერებულია და დარჩენილ 4 ტურშიც შევეცდებით, მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ. ბურდულზე კი იმას ვიტყვი,რომ თითოეულ ფეხბურთელს ინდივიდუალურად უდგება. იცის, ვის რა სჭირდება. თავადაც იყო ჩვენი ტოლი, კარგი ფეხბურთელი გახლდათ და მშვენივრად იცის ნიუანსები.

-       “სიონში” ყველაზე ახალგაზრდა ხართ. რამდენად გეხმარებიან გუნდის გამოცდილი ფეხბურთელები?

-       დიდ თანადგომას ვგრძნობ მათგან. რჩევებს მაძლევენ, მითითებენ შეცდომებზე. როცა სადმე შეკრებაზე მივდივართ, ოთახში სულ ალეკო გოგობერიშვილთან ერთად ვარ ხოლმე.

-       მენეჯერი გყავთ?

-       დიახ, თორნიკე ლოლაძე, რომელიც ფიფას ლიცენზირებული აგენტია.

-       თქვენი საფეხბურთო ოცნება?

-       ევროპულ კლუბში გადასვლა. თუნდაც საშუალო დონის ევროპული კლუბი იყოს. და რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებში თამაში.

-       თქვენი საყვარელი უცხოური კლუბი დანაკრები რომელია?

-       მადრიდის “რეალი” და პორტუგალიის ნაკრები. 

0.123575